მთავარი,სიახლეები

ურთულესია რეანიმაციაში თვალცრემლიანი მოხუცების ყურება – მედდები, რომლებიც კოვიდს ებრძვიან

05.11.2020 • 2642
ურთულესია რეანიმაციაში თვალცრემლიანი მოხუცების ყურება – მედდები, რომლებიც კოვიდს ებრძვიან

აჭარა კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია საქართველოში. ყოველდღიურად აქ ვირუსით ინფიცირების 300, 500 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. როგორ მუშაობენ მედდები, რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში, რეანიმაციაში, როგორია მედიკოსების ყოველი დღე კოვიდინფიცირებულებთან მუშაობისას და რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რასთან გამკლავებაც მათ ყველაზე ძალიან უჭირთ. ამ და სხვა თემებზე ,,ბათუმელები“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდებს ესაუბრა.

  •  ინგა იაკობაძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდა:

ქირურგიული დეპარტამენტის მთავარი ექთანი ვარ და კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჯარისკაცივით გადამიყვანეს რეანიმაციის განყოფილებაში, ექთნების დეფიციტის გამო. ჩემი დღე მძიმე შრომისგან შედგება. ახლა ითვლე, რომ უფრო დალაგდა სიტუაცია, თავიდან ყველაფერი ძალიან რთული იყო. დილა იწყება სპეცტანსაცმლის, ხალათების ჩაცმით, ნიღბებით, ფარებით აღჭურვით. ხანდახან  6 საათი ისე გადის, შეფუთულები საერთოდ ვერ გამოვდივართ პალატებიდან, უკვე შევეგუეთ, რომ შეიძლება წყლის დასალევად არ გეცალოს. „რთული“ ეს ის სიტყვა არ არის, როგორც ეკიპირებით მუშაობას შევაფასებდი. იხუთები მთელი დღე, ხელთათმანით ინფიცირებულების ვენებთან მუშაობ.

თუმცა ჩვენი გადაღლა არაფერია ინფიცირებულების მდგომარეობასთან შედარებით. ძალიან რთულია მათი ყურება. შინ ყოველდღე დათრგუნული ვბრუნდები. მოვდივარ და პალატებში თვალცრემლიან მოხუცებს ვტოვებ. საწოლს მიჯაჭვულებს, არანაირი კონტაქტი რომ არ აქვთ ახლობლებთან და ჩვენ, უცნობ მედდებს შემოგვჩივიან, წუხილს ჩვენთან თუ გამოხატავენ.

მე რეანიმაციის მედდა ვარ. ცხადია, აქ სულ მძიმე პაციენტები გვყავს. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ხანდაზმულთა მდგომარეობა რთულდება. გვყავს 34 წლის პაციენტიც, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა.

როცა მესმის, რომ არ სჯერათ კორონავირუსის არსებობის, ვფიქრობ, საკმარისია ასეთმა ადამიანმა 10 წუთით შემოიხედოს რეანიმაციაში, რა ხდება… მგონია, რომ ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა იმისთვის, რომ აირიდო თავიდან პირბადის ტარების ვალდებულება, სხვების გაფრთხილების ვალდებულება.

სექტემბრიდანვე, როცა ბათუმში ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იმატა, საჭირო იყო უკეთესი მობილიზება და დახმარება, მაგრამ მაშინ არავის ეცალა ბათუმის და რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის. ახლა გვიგზავნიან კონსულტანტებს. ახლა ხომ ჩვენც ვისწავლეთ ამ დაავადების მართვა. თავიდანვე იყო საჭირო დროული დახმარება.

პაციენტებისთვის არამხოლოდ საკუთარი მდგომარეობაა მძიმე – რომელიმეს მდგომარეობა რომც წავიდეს უკეთესობისკენ, ერთმანეთის ტანჯვას უყურებენ.

მაგრამ ამხნევებენ ხშირად ერთმანეთს: ერთი ხანდაზმული ეუბნებოდა მეორეს რეანიმაციაში – ნუ გეშინია, 10 დღე მეკეთა მე [სასუნთქი აპარატი] და კი მომხსნეს მერეო.

24-საათიანი სამუშაო გრაფიკი გვაქვს მედდებს. გვთავაზობენ, დავრჩეთ სასტუმროში, თუ შინ მისვლა არ გვსურს სამსახურის შემდეგ. მირჩევნია სახლში დავბრუნდე, ამ შემოთავაზებით არ ვსარგებლობ.

გარეთ მყოფ ხალხს ვთხოვ, დაგვზოგონ. გავიკეთოთ პირბადე, ხშირად დავიბანოთ და დავიმუშავოთ ხელები. ახლა კი ვაკონტროლებთ სიტუაციას, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება ნოემბერში, დეკემბერში. ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად მზარდია.

საავადმყოფოში კარგა ხანია ადგილები აღარ არის. პალატები, რეანიმაცია სავსეა. საუკეთესო ვარიანტია თავი დაიცვა, არ დაინფიცირდე და კლინიკაში გადაყვანა არ დაგჭირდეს, თორემ შესაძლოა აქ ვეღარც მოხვდე.

  • თეა ბურჭულაძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიის განყოფილების მედდა:

როცა კოვიდინფიცირებულებთან მუშაობ, დაცულობის შეგრძნება ვერანაირად ვერ გექნება. თავად უნდა დაიცვა საკუთარი თავი ნიღბით, ორმაგი ხელთათმანით, ფარით და ხელების ხშირი დამუშავებით.

უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ. ერთ მედდაზე 7, 8 პაციენტი მოდის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით შემოვიფარგლებით. როცა რომელიმე პაციენტის მდგომარეობა რთულდება, ყველანი ვერთვებით სიტუაციის დარეგულირების პროცესში. და ასეთი გართულებები ყოველდღიურადაა.

სამწუხაროდ, ბევრ კოლეგასაც არ სჯერა ვირუსის არსებობის, ვისაც უშუალო კონტაქტი არ აქვს კოვიდიანებთან, მაგრამ, როცა ნახავ რთული პაციენტების მდგომარეობას, არ ვიცი როგორ შეძლებ არ გჯეროდეს, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპი არ არის და ბევრად რთული ვირუსია.

თერაპიის განყოფილებაში ბევრი პაციენტი გვყავს. არიან ჟანგბადზე დამოკიდებულები, კლინიკაში ძირითადად მძიმე პაციენტები გვყავს. თერაპიულშიც მძიმეა პაციენტთა მდგომარეობა. რეანიმაციაში კიდევ უფრო რთული პაციენტები გადაჰყავთ.

ჟანგბადის შემდეგ უმჯობესდება პაციენტების მდგომარეობა, ზოგს უწყვეტ რეჟიმში სჭირდება ჟანგბადი, ზოგს ნაწილობრივ, ხანდახან. რთული მდგომარეობაა, მაგრამ ჯერჯერობით ვუმკლავდებით.  მე არ ვრჩები სასტუმროში სამსახურის შემდეგ. ხშირად გვიკეთდება PCR ტესტი და მირჩევნია სახლში წავიდე მორიგეობის შემდეგ.

___

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მხოლოდ აჭარაში კი ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 5000 აღწევს. ინფიცირების საერთო რაოდენობა საქართველოში 46 817-ია, მათგან 33 459 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 401 პაციენტი.

კოვიდინფიცირებულებს ბათუმში რამდენიმე საავადმყოფოში იღებენ და მკურნალობენ. ეს კლინიკებია – მედალფა, მედცენტრი, სამშობიარო სახლი, ბაუ, ინფექციური საავადმყოფო, რესპუბლიკური საავადმყოფო და მეზღვაურთა საავადმყოფო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: