მთავარი,სიახლეები

სად შეგიძლიათ გაიკეთოთ გრიპის ვაქცინა უფასოდ ბათუმში

05.11.2020 • 3342
სად შეგიძლიათ გაიკეთოთ გრიპის ვაქცინა უფასოდ ბათუმში

აჭარაში სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია დაიწყო – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ რეგიონის პოლიკლინიკებში 7 ათასამდე ვაქცინაა უკვე გაცემული. საჭიროების შემთხვევაში, რისკჯგუფებისთვის გათვალისწინებულ ვაქცინას აჭარაში ისევ შემოიტანენ.

„წლევანდელი ვაქცინა, ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპი“, 4-კომპონენტიანია. მოქალაქემ, რომელიც შედის რისკის ჯგუფში, აცრა უნდა გაიკეთოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, პოლიკლინიკაში, სადაც იმყოფება აღრიცხვაზე, სადაც არის მისი ოჯახის ექიმი და სადაც არის აცრის კაბინეტი. აცრა უფასოა, მოქალაქე არაფერს არ უნდა იხდიდეს არც კონსულტაციაში, არც ვაქცინის გაკეთებაში.

ეს არის აცრა-ვიზიტი. მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს სიცხე, რაიმე ჩივილები, ამიტომ უნდა ეჩვენოს ოჯახის ექიმს, რომელიც მისცემს იქვე მიმართულებას დ გადაამისამართებს აცრის კაბინეტში“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.

რუსუდან შავიშვილის თქმით, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც შედიან რისკისჯგუფებში, ბათუმში უფასო აცრა გრიპზე შეიძლება გაიკეთონ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში – აღრიცხვის მიხედვით:

  • ბათუმის N1 პოლიკლინიკა [ტბელ აბუსერიძის ქ. N2]
  • საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი [ბარათაშვილის ქ.N30] 
  • თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი [ტბეთის ქ.N4] 
  • „ჩემი ოჯახის კლინიკა“ [გორგილაძის ქ.#82]
  • ბათუმის N4 პოლიკლინიკა [ტაბიძის ქ. N 7] 
  • ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი [ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7]
  • მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა [თამარ მეფის III შესახვევი N17]

აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა, რისკჯგუფებში მყოფმა მოქალაქეებმა აცრისათვის უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტში მდებარე პოლიკლინიკას. მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა.

შეიძლება თუ არა სეზონური გრიპის ვაქცინა გაიკეთონ იმ პირებმა, რომლებსაც უკვე ჰქონდათ კორონავირუსი და გამოჯანმრთელდნენ? – ამ კითხვაზე რუსუდან შავიშვილი ასე გვპასუხობს:

„ეს საკითხი ჩვენ ძალიან დეტალურად გავიარეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში. როდესაც უკვე გაივლის დაახლოებით 10-15 დღე გადატანილი ინფექციის შემდეგ და თვითშეგრძნება ადამიანს ექნება კარგი, არ ექნება არანაირი სხვა კლინიკური გამოვლენა, მას შეიძლება გაუკეთდეს გრიპის საწინააღმდეგო აცრა“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაქცინას სეზონური გრიპით დაავადების რისკი შეუძლია შეამციროს 60%-ით მოსახლეობაში. ვაქცინის შემდეგ სეზონურ გრიპზე იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა გაკეთდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე. ვაქცინაციისთვის საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი.

ამავე თემაზე: 

გრიპზე აცრილ პაციენტებში კოვიდი უფრო მსუბუქად და დაბალი ლეტალობით მიდის – კვლევა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: