მთავარი,სიახლეები

რატომ ვისვრით ქვებს არჩევნების დროს და ვის აზარალებს ეს 

14.10.2020 • 1116
რატომ ვისვრით ქვებს არჩევნების დროს და ვის აზარალებს ეს 

არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმატა შემთხვევებმა, როცა სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, იყო ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევის და ქვების სროლის ფაქტებიც. ხელისუფლება ამ ყველაფერს ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციად აფასებს. გასულ კვირას ამ რიტორიკას საქართველოს პრემიერი გიორგი გახარიაც შეუერთდა და „ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდა „არ აჰყვენ“ პროვოკაციას.

ამ პროცესში რა როლი და პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას და რა – ოპოზიციას? – ამ თემაზე ჩვენ საქართველოს იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სულხან სალაძეს ვკითხეთ. ეს ორგანიზაცია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსა და საარჩევნო პროცესს წლებია აკვირდება.

  • სულხან, არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები დარჩა. უკვე ვნახეთ ფიზიკურ დაპირისპირება სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიების მომხრეებს შორის. როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ ძალადობრივი გარემო გვაქვს?

ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე და მათ შორის ერთ-ერთი, რაც არასდროს არც ერთი სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში არ ყოფილა, ეს არის  კორონავირუსით გამოწვეული რეალობა, რომელშიც გვიწევს ყველას ყოფნა. რაც შეეხება ძალადობრივ შემთხვევებს და მუქარის შემცველ განცხადებებს, ეს არ არის ახალი წინასაარჩევნო კამპანიისთვის. უფრო მეტიც, ქართული არჩევნები ამ ყველაფრის გარეშე უფრო გაგვიკვირდებოდა. რა თქმა უნდა, იმის თქმა არ მინდა, რომ ეს მომწონს, პირიქით – ცხადია, ეს აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ამომრჩეველს უქმნის დისკომფორტს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს მშვიდი საარჩევნო გარემოს ფონზე. თუმცა ფაქტია, რომ ეს ქართული წინასაარჩევნო გარემოს ნაწილია და ამას ვერსად გავექცევით, ვერც მომავალ არჩევნებში, დიდი ალბათობით და არა ერთი ან ორი არჩევნების შემთხვევაში, ალბათ, სამწუხაროდ.

მთავარი კითხვა ალბათ მაინც უკავშირდება იმას, თუ ვის რა ვალდებულება აკისრია ამ დროს. ჩემთვის გასაგებია, რომ შეიძლება პოლიტიკურ პარტიებს დუღილის ტემპერატურის აწევა სურდეთ, შეიძლება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას საკუთარი ძალის დემონსტრირება სურდეს, მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანია სად არიან, რას აკეთებენ საგამოძიებო ორგანოები – ეს არის პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვისაც უნდა ჰქონდეს რეაგირება ასეთ შემთხვევებზე, რას აკეთებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორ იქცევა ამ პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ანუ ის ორგანოები, ვისაც ყველაზე მეტი შეხება აქვს საარჩევნო პროცესთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მე ვერ ვიტყვი, რომ საარჩევნო გარემო და წინასაარჩევნო კამპანია რაიმეთი განსაკუთრებულია ძალადობრივი თვალსაზრისით, ვიდრე აქამდე გვინახავს. ჩემი აზრით, ბოლო წლების არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წინასაარჩევნო პერიოდი, კამპანიის წარმოების კუთხით, გვქონდა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველი ტურის დასრულებიდან მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე, ეს იყო პრაქტიკულად ერთგვარი პიკი.

თუ შევადარებთ ამ არჩევნებს, ივნისი-ივლისი-აგვისტოში სულ ექვს შემთხვევაზე ვსაუბრობდით, რომლებიც ძალადობრივი ან მუქარის შემცველია, მაგრამ მხოლოდ სექტემბერში უკვე 11 ასეთი შემთხვევა გვაქვს. ეს აჩვენებს მზარდ დინამიკას.

  •  ანუ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაიზარდა შემთხვევები, ვითარება უფრო დაიძაბა?

დიახ, სამწუხაროდ უნდა ვივარაუდოთ, რომ კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად ეს ტენდენცია თუ არ გაიზრდება, ახლოს იქნება იმ მაჩვენებელთან, რაც სექტემბერში იყო. ეს არაფერ დადებითზე არ მიანიშნებს და ეს მაჩვენებელი კიდევ შეიძლება გაიზარდოს. ამის ალბათობა გაიზრდება, თუ მაჟორიტარული ოლქების ნაწილში იქნება მეორე ტურები საჭირო.

გადამწყვეტი იქნება მეორე ტურები მაჟორიტარულ ოლქებში, მათ შორის როგორ წარიმართება წინასაარჩევნო კამპანია მეორე ტურების წინ. თუ იქნება მოცემულობა, როცა ერთი კონკრეტული პარტია იღებს  40% – ზე მეტს, იგებს მნიშვნელოვან რაოდენობას მაჟორიტარული ოლქების, პირობითად მეორე ტური ტარდება ორ ან სამ ოლქში და უმრავლესობის ფორმირებაზე შეიძლება იმხელა დატვირთვა აღარ ჰქონდეს ამას და დუღილის ტემპერატურაც აღარ აწიოს, მაგრამ შეიძლება პირიქითაც იყოს, რადგან ვსაუბრობთ 30 მაჟორიტარულ ოლქზე, ოლქების ნაწილში დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური, განსაკუთრებით ურბანულ გარემოში, სადაც ქალაქის ტიპის დასახლებებია.

ვერ ვიტყვი, რომ ისეთი ძალადობრივი შემთხვევები გვაქვს, რომ ეს ამ დროისთვის გავლენას ახდენდეს წინასაარჩევნო კამპანიაზე და ეს აისახება არჩევნების შედეგებზე, თუმცა თითოეული ასეთი შემთხვევა, რომელსაც აქვს ადგილი წინასაარჩევნო კამპანიის დროს უნდა იყოს შესწავლილი, გამოძიებული და კონკრეტულმა პირებმა უნდა აგონ პასუხი. გამოძიების დაწყება და ვინმეს პასუხისგებაში მიცემა ეს არის მხოლოდ ნახევარი საქმე.

  • სახელისუფლებო გუნდის რეაქცია და პასუხი რომ შეგვიფასოთ ამ პროცესებზე – რაზე მიგვანიშნებს შემთხვევების ცალსახად ოპოზიციური პარტიების პროვოკაციად შეფასება და იმის ხაზგასმა, რომ ყველა დაისჯება?

მომისმენია ისეთი განცხადებები, როცა ამბობენ, რომ მათთვის ძალადობა მიუღებელია, მაგრამ იქვე აცხადებენ, რომ ეს იყო პროვოკაცია. არ ვიცი, ეს რომელ ამომრჩეველზეა მიმართული – „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან ეს მესიჯი არ მუშაობს, გასაგებია ისედაც, რომ ყველაფერი მათთვის პროვოკაციაა. ამით ცდილობენ პასუხისმგებლობა გადაიტანონ სხვაზე და ეს არ არის სწორი მიდგომა. სწორი მიდგომა იქნებოდა, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა იყოს გამოძიებული და კანონის წინაშე ყველამ აგოს პასუხი. ეს ნიშნავს იმას, რომ კი, შეიძლება ჩვენმა წარმომადგენელმა რაღაცა დააშავა პირობითად, მაგრამ არც მეორე მხარეა სუფთა და ორივემ უნდა აგოს პასუხი. საბოლოოდ ვიღებთ იმას, რომ არც ერთი და არც მეორე აგებს პასუხს.

ხელისუფლებამ მმართველი პარტიის სახელით გადაწყვიტა, რომ გამკაცრებულიყო რეგულაციები საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში. ჩვენ მაშინ ვიკითხეთ, ამ ცვლილებების მიზანი რა არის – ის, რომ არსებული არ მუშაობს, არაეფექტურია პასუხისმგებლობის ზომები? – არ არის ამაზე პასუხი ცალსახა, ნორმებს, რომლებსაც არ იყენებ პრაქტიკაში, რა მნიშვნელობა აქვს გაამკაცრებ თუ არა, არ გამოიყენებ არც იმას და არც ახალს.

მთავარი ამოსავალია, ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიცია, როცა ისინი გმობენ ძალადობას, მართლა დაგმონ და გაემიჯნონ ასეთ შემთხვევებს და აღარ მიაყოლონ იქვე საუბარი პროვოკაციაზე. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ პროცესის მონაწილე ხარ. ჩემთვის გასაგებია, რომ დღევანდელი მოცემულობით ორი პარტია, მმართველი პარტია და აქეთ „ნაციონალური მოძრაობა“… შეიძლება მათთვის ყველაზე უფრო მომგებიანია ეს მოცემულობა, მაგრამ ეს არ არის ამ ქვეყნის მოქალაქეების, ამომრჩეველთა ძალიან დიდი ნაწილის დაკვეთა. ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ამომრჩევლის დიდ ნაწილს სურს განსხვავებული პარლამენტი და არა ორპოლუსიანი, რასაც ჩვენ ვხედავთ უკვე დიდი ხანია საქართველოში.

  • წინასაარჩევნოდ ჩნდებიან ჯგუფები, რომლებიც გამოირჩევიან აგრესიით და ძალადობით. მათ იციან, რომ არავინ დასჯის, პირიქით ისინი ამ ძალადობის შედეგად იღებენ სარგებელს. ასეთი ჯგუფებისთვის, რომ მათ „უფრო მეტად გამოიჩინონ თავი“, ხომ არ არის წამახალისებელი ხელისუფლების მსგავსი განცხადებები?  

მოდით ახლა ცოტა უკან დავბრუნდეთ, გავიხსენოთ კორცხელის შემთხვევა, რა გვასწავლა ჩვენ კორცხელის შემთხვევამ? – პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ არც მოსულია ხელისუფლებაში, ჯერ კიდევ აქტიური რიტორიკის ნაწილია, რომ წინა ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ცუდი, ჩადიოდა საშინელებებს. ის, რომ ცუდი იყო და საშინელებებს ჩადიოდა, ამაზე გადაწყვეტილება მიიღო 2012 წელს საქართველოს მოსახლეობამ. იმის თქმა მინდა, რომ კორცხელის შემდეგ ჩვენ არ გვინახავს, რომ კონკრეტულმა პირებმა კანონის თანახმად აგეს პასუხი.

  • ეს ერთგვარი პასუხია ალბათ არა?

დიახ, ეს ერთგვარი მოცემულობაა – შენ თუ ჩემთან ერთად ხარ, ყველაფერი გეპატიება, შეიძლება ფორმალურად შენ პასუხი აგო რაღაცისთვის, მაგრამ არა იმ სახით, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც შენ ამ შეტყობინებას უგზავნი შენს მხარდამჭერებს, ან გარკვეულ ჯგუფებს, რომლებისთვისაც ვთქვათ სულერთია, ვის დაუჭერენ მხარს, მთავარია ვინ შეუკვეთავს, ვინ გადაუხდის. გასაგებია, რომ ხვალ და ზეგ უფრო მეტი შემთხვევა გექნება ასეთი. როცა ხელისუფლება ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა იყო პროვოკაცია, მაშინ კითხვა უნდა დავსვათ – თუ შენ პარტია მელაპარაკები პროვოკაციაზე, როგორ შეიძლება ეს პროვოკაცია ვერ აღკვეთო, როგორ შეიძლება ამის დოკუმენტურობა ვერ მოახდინო ისე, რომ დამაჯერებელი იყოს ეს ყველაფერი, ამიტომაც მგონია, რომ ხანდახან ეს დაძაბულობა, პოლიტიკური პარტიების რაღაც ნაწილისთვის მისაღებია და ჩვეულებრივ მათი საქმიანობის შემადგენელი ელემენტია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ მოგვწონს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს. ვთვლით, რომ საარჩევნო გარემო უნდა იყოს მშვიდი და ამომრჩეველზე გავლენა არ უნდა ხდებოდეს ფიზიკური ანგარიშსწორებით ან მუქარის შემცველი ფაქტებით, მაგრამ რეალობა არის მეორე. ამიტომაც ვთქვი მე დასაწყისში, რომ არაფერი ისეთი არ ხდება წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც არ გვინახავს, არ მოგვისმენია. რა თქმა უნდა, თუ სურვილი გვაქვს, რომ უკეთესი წინასაარჩევნო გარემო იყოს და უკეთესი კამპანიის ფონზე მიდიოდეს ეს ყველაფერი, ყველას ძალისხმევაა საჭირო და განსაკუთრებით მმართველი პარტიის.

  • რა ზიანს აყენებს ამ პროცესის ასე უმართავად მიტოვება ხელისუფლებას?

ნაკლებად სამწუხარო იქნებოდა, რომ მხოლოდ მმართველ პარტიას აყენებდეს ზიანს დაძაბული წინასაარჩევნო გარემო. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა მინიმუმ ჩვენს რეგიონში და უფრო დიდ სურათს თუ შევხედავთ აღმოსავლეთ პარტნიორობაში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება არის მოპყრობილი, რადგანაც  ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, ჩვენთან დემოკრატიული პროცესები უფრო მაღალ დონეზეა. ამიტომაც ჩვენს მიმართ თხოვნა და დაკვირვებაც არის განსხვავებული. შესაბამისად, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც დააზიანებს დემოკრატიულად წინასაარჩევნო გარემოს ან მთლიანობაში არჩევნების ჩატარებას, ეს აზიანებს სახელმწიფოს და ჩვენს გაცხადებულ ინტერესებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და არა ცალკე აღებულს მმართველ პარტიას ან ხელისუფლებას. თუ მივაქცევთ ყურადღებას ბოლოდროინდელ განცხადებებს ევროკავშირის ან ნატოს მაღალჩინოსნების მხრიდან, მუდმივად უსვამენ ხაზს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. არ არის შემთხვევითი, რომ საარჩევნო სისტემას – 120/ 30-ზე როცა ამტკიცებდა პარლამენტი, მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო აშშ-ის ელჩი, ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირის ქვეყნების არაერთი ელჩი. არ ხდება ყველა ქვეყანაში პროცესის ამ ტიპის ფასილიტაცია და მათი მონაწილეობა. ისინი ხედავენ, რომ რაღაც ცუდი თუ ხდება ამ ქვეყანაში, ეს არ არის ცალკე მმართველი პარტიის/ ხელისუფლების, ან ოპოზიციური პარტიის პრობლემა.  ეს არის სახელმწიფოს პრობლემა, მათ წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი ევრო და დოლარი დახარჯეს ამ ქვეყანაში მოდერნიზაციისათვის. როდესაც ქვეყანა ერთ ადგილზე  დგას და ამ წრეზე უწევს მუდმივად სიარული, ბუნებრივია, ეს არავის მოსწონს, ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ამ ორგანიზაციებმა, ამ ქვეყნებმა უნდა გადააფასონ რა და როგორ ხდება ჩვენთან. ასე, რომ მგონი ამ კონკრეტული შემთხვევების გამოუძიებლობა, დაძაბული ფონის შექმნა, ამომრჩევლისთვის ისეთი წინასაარჩევნო გარემოს შეთავაზება, როდესაც ის დამოუკიდებლად და მშვიდად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არ აზიანებს არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას. ეს, პირველ რიგში, აზიანებს სახელმწიფოს.

  • ახლა რაზეც ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი ხდება ღიად. თქვენი დაკვირვებით, გვაქვს თუ არა ისეთი ფაქტები არჩევნების წინ, როგორიც არის თვალთვალი, დაშინება, მუქარა თუ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის სხვა ფორმები, რაც არ გახმაურებულა?

ჩვენი გამოწვევა იყო სწორედ ის, რომ პოლიტიკური პროცესები სადღაც ფარდის მიღმა ვითარდება და ეს არ არის ღია. ძალადობას ვხედავთ და ეს იმითაცაა გამორჩეული, რომ თუ ვინმემ ვინმეს სცემა, ამის შესახებ მუდმივად იგებს მედია და ამაზე იწყება საუბარი, მაგრამ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია სიღარიბის ზღვარს მიღმა, ბევრია სოციალურად დაუცველი და უამრავი ადამიანი ყოველდღე ელის სახელმწიფოს მხრიდან მოწყალებას. რა თქმა უნდა, ეს ამ ადამიანების ბრალი არ არის, ეს არის იმ პოლიტიკური კულტურის და იმ კლასის ბრალი, რაც წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში იყო და დღემდე გრძელდება. მანიპულირება მათით ძალიან მარტივია. ცხადია, ჩემთან არასდროს არ მივა ვინმე და არ მეტყვის, შენ თუ ახლა ამ კონკრეტულ კაცს არ მისცემ ხმას, ამის გამო დაკარგავ სამსახურს ან ამის გამო შენი ნათესავი დაკარგავს სამსახურს.

  • მაგრამ ეს ირიბად არ გამოსდით სახელისუფლებო პარტიას ან მის აგიტატორებს?

დიახ. საჯაროდ ამას არც იტყვის ამას მმართველი პარტიის წარმომადგენელი ან სხვა, ეს პროცესი ფარდის მიღმა ვითარდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: