მთავარი,სიახლეები

ნენიის 120 წლის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გარეშე

28.09.2020 • 2731
ნენიის 120 წლის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გარეშე

მცენარეების იმიტაციები, მზის, რომბებისა და ყვავილების მსგავსი ხეზე ნაკვეთი ფერადი, გაცრეცილი გამოსახულებები – თითქმის საუკუნე-ნახევრის ეს ძველი მეჩეთი შუახევის სოფელ ნენიაშია. მეჩეთი მუხისგანაა ნაგები, საკმაოდ მყარია, მაგრამ გამაგრება და რესტავრაცია სჭირდება. ხის ფიცრებს შორის მზის სხივები, წვიმა, თოვლი ადვილად აღწევს – შედეგად კედლებზე მოხატულობის დიდი ნაწილი უკვე წაშლილი და დაკარგულია.

დეკორატიული მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ მოაჯირებზე, ბოძებსა და  ინტერიერის ნაწილზე.

მკვლევარ რუსლან ბარამიძის ნაშრომში – „მუსლიმური საკულტო ძეგლები“ – აღნიშნულია, რომ ნენიის მეჩეთი 1891-1892 წლებშია აგებული ლაზი ხელოსნის, ჰასან უსტას მიერ. ამავე კვლევის მიხედვით, საბჭოთა პერიოდში მეჩეთს საწყობად იყენებდნენ.

ქვის საძირკველზე დადგმული ხის შენობის სიგრძე 9, სიგანე 9,1; სიმაღლე კი 4,7 მეტრია.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს. მოსახლეობა და სამუფთო ცდილობს საკუთარი სახსრებით შეაკეთოს დაზიანებული მეჩეთი. ასე შეკეთდა შეძლებისდაგვარად მეჩეთის სახურავი, რომ წყალი არ ჩამოსულიყო, თუმცა კედლებიდან წვიმა ისევ აღწევს.

როგორც შუახევის მუფთი, ასლან შარაშიძე ამბობს, სამუფთო აპირებს საკუთარი სახსრებით შემოაკრას ხის მეჩეთს თუნუქის ფურცლები. თუნუქი სამუფთოს მეჩეთის ეზოში უკვე მომარაგებული აქვს და სამუშაოები მალე უნდა დაიწყოს, დაზამთრებამდე. 120 წლის მეჩეთის თუნუქის „პერანგში“ ჩასმა კი ნიშნავს, რომ აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტო ნენიის მეჩეთს აღარცკი აღწერს, როგორც ძეგლის ნიშნის მქონე ნაგებობას. მეორე მხრივ, შეკეთების გარეშე მოხატულობა და ხის კედლები ნადგურდება.

„გამოვცვალეთ და გავამაგრეთ საყრდენი ბოძები, მოხატულობა რომ შევინარჩუნოთ. ვფიქრობთ, სამ მხარეს ავაკრათ თუნუქი გარედან, წვიმისგან დასაცავად, წინა ფასადი ღია დარჩება.

ნენიის მეჩეთის მსგავსად შუახევში უნიკალურია ასევე დღვანის, დარჩიძეების, ნიგაზეულის, ჩანჩხალოს, ფურტიოსა და ნაღვარევის მეჩეთები. ამათგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არც ერთს არ აქვს“, – ამბობს შუახევის მუფთი.

ვინ უნდა შენიშნოს, რომ ნაგებობას ძეგლის ნიშნები აქვს და ვინ არის ვალდებული ამის შესახებ აცნობოს ეროვნულ სააგენტოს?

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ ეროვნულ სააგენტოს.

შუახევის მუნიციპალიტეტში დიდი ხანია იციან, რომ არაერთი საუკუნოვანი და მხატვრული ღირებულებებით გამორჩეული მეჩეთია მუნიციპალიტეტში განადგურების პირას, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო მუნიციპალიტეტიდან არავის მიუმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის, რომ ადგილზე შეესწავლათ ძეგლების ნიშნის მქონე მეჩეთები და განეხილათ მათი საკითხი, რაც მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა.

შუახევის მუფთის თქმით, ის 2016 წლის შემდეგ ყოველი შეხვედრისას უყვება შუახევის მერსა და მის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის მეჩეთების მძიმე მდგომარეობის შესახებ, თუმცა უშედეგოდ.

„ყოველ შეხვედრაზე ვსვამ მერიაში ამ საკითხს, რა ეშველება მეჩეთებს-მეთქი. ერთად შევისწავლოთ და გავაკეთოთ რამეო, გვპირდებიან, მაგრამ აქამდე ეს არ მოხდა“, – ამბობს ასლან შარაშიძე.

შუახევის ყოფილი მერი და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ფრიდონ ფუტკარაძე ამბობს, რომ მას ზუსტად არ ახსოვს მიმართა თუ არა შუახევის მერიამ მისი მერობისას ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს მეჩეთების საკითხებზე.

მერის რწმუნებულმა, ივერი კაკალაძემ კი გვითხრა, რომ შუახევის მერიაში მეჩეთების საკითხი არაერთხელ დამდგარა.

„განხილვისას იყო აზრი, რომ მხოლოდ ნენიის მეჩეთის გაძეგლების საკითხს ვერ დავაყენებდით, მთლიანად შუახევში უნდა აღგვეწერა ძეგლის ნიშნის მატარებელი მეჩეთები,  შუახევში კი თითქმის ყველა მეჩეთი ძველია“, – ამბობს მერის რწმუნებული.

ნენიის და, ზოგადად, შუახევის ძველი მეჩეთების შესახებ არც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უცნობებია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის. სამინისტროში ,,ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 2017 წლიდან მოყოლებული ციფრულ არქივში აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიმართვის არც ერთი წერილი არ ინახება შუახევის მეჩეთებთან დაკავშირებით.

„ყველაზე მარტივი და ლოგიკურია, ადგილობრივმა, აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტომ მოიაროს შუახევი. გამოგვიგზავნოს მასალა და ჩვენ დიდი სიამოვნებით განვიხილავდით მეჩეთების საკითხს. ვერ ვიხსენებთ, რომ შუახევის მეჩეთებზე მოემართოთ. ისე კი მოხატული მეჩეთები აჭარაში თითქმის ყველა ხელოვნების ნიმუშია და უბრალოდ ჩამოვლა და აღწერა სჭირდება”, – გვითხრეს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩენილი, ნენიის 120 წლის მეჩეთის შესახებ აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსს, ზაურ ახვლედიანსაც ვკითხეთ.

„არ დავინტერესებულვართ შუახევის მეჩეთებით, არ აღგვიწერია. არც მოსახლეობას, არც მუფთს არ მოუმართავს სააგენტოსთვის. ჯეოგრაფიკის ხელოვნებათმცოდნეებმა შეისწავლეს ნენიისა და  ფურტიოს მეჩეთები და თქვეს, რომ არც ერთს არ აქვს ძეგლის ნიშნები”, – ამბობს ზაურ ახვლედიანი.

ნამდვილად შეისწავლეს თუ არა ხელოვნებათმცოდნეებმა 120 წლის, მოხატული მეჩეთი და არის თუ არა ეს ძეგლის ნიშნის მქონე ნაგებობა – ვიკითხეთ„ჯეოგრაფიკში“. ორგანიზაციაში რატომღაც არ დაგვაკავშირეს ჯგუფს, რომელმაც, როგორც ზაურ ახვლედიანმა თქვა, შუახევის მუნიცილპალიტეტის ისტორიული მეჩეთები შეისწავლა.

კანონის თანახმად, ისტორიული განაშენიანება გულისხმობს – 100 ან მეტი წლის წინ ჩამოყალიბებულ, ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე განაშენიანებას. შესაბამისად, შენობა თუ ასზე მეტი წლისაა, ხდება მისი შესწავლა, ცხადია იმ შემთხვევაში, თუ გარდა წლებისა, ობიექტს აქვს კიდევ სხვა ტიპის ღირებულება: მხატვრულ-არქიტექტურული, ისტორიული და ა.შ.

ისტორიკოს რუსლან ბარამიძის ნაშრომის – „მუსლიმური საკულტო ძეგლები“ მიხედვით, შუახევის მუნიციპალიტეტში 15 მეჩეთია და ყველა მათგანი საუკუნეზე მეტი ხნისაა [ჭვანის, ნიგაზეულის, ჩანჩხალოს, ნენიის, ფურტიოს, ჯაბნიძეების, ქიძინიძეების, დღვანის, გოგაძეების, კვიახიძეების, გოგინაურის, მაწყვალთის, მახალაკიძეების, შუბნის და დარჩიძეების მეჩეთები]. შესაბამისად, ისინი, მინიმუმ, უნდა აღწერონ, როგორც ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტები და მათ შესახებ ინფორმაცია ეროვნულ სააგენტოს უნდა მიაწოდონ.

აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსის, ზაურ ახვლედიანის თქმით კი, შუახევის მეჩეთებს არც მხატვრულობის და არც ხანდაზმულობის თვალსაზრისით ღირებულება არ აქვს. ჩვენს კითხვაზე, უნახავს თუ არა მას თავად შუახევში მეჩეთები, გვიპასუხა, რომ დაინტერესდება.

ძეგლთა დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ ძეგლის ნიშნის მქონე შენობის აღწერა მარტივი პროცედურაა, რისთვისაც საკმარისია პროფესიონალმა უბრალოდ მოიძიოს ნაგებობა და შეავსოს ძეგლის სააღრიცხვო ბარათი, აგების თარიღისა და არქიტექტურული თავისებურებების აღწერით.

სააღრიცხვო  ბარათი გადის საბჭოზე, რომელიც მოწვეული სპეციალისტებისგან შედგება. ისინი აფასებენ ძეგლის ღირებულებას. მას შემდეგ, რაც დოკუმენტაცია საბჭოს გაივლის, საჭიროა რამდენიმე კვირა ძეგლის სტატუსის მისაღებად. დრო კი შუახევის შეუფასებელი ძეგლების საპირისპიროდ მუშაობს და წარსულის კვალს ყოველდღიურად შლის.


ამავე თემაზე:

რა საფრთხის წინაშე დგას ისტორიული მეჩეთები აჭარაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: