Batumelebi | ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე – Batumelebi
RU | GE  

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურებრივი ავტომანქანით წინასაარჩევნო შეხვედრებზე სოფელ ჩხუტუნეთში დააფიქსირეს. სოფელში ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ კანდიდატები შეხვდნენ – ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე. სააგიტაციო შეხვედრას ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძეც ესწრებოდა.

საარჩევნო კანონმდებლობა ხელვაჩაურის მერს, როგორც არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირს, არ უზღუდავს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, თუმცა საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის გ ქვეპუნქტის მიხედვით აკრძალულია:

სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.“

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო საშუალება, რითაც მერიის თანამშრომლები სოფელ ჩხუტუნეთში საარჩევნო შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდნენ

გამოიყენა თუ არა ჯუმბერ ვარდმანიძემ ადმინისტრაციული რესურსი, როცა ის სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე? – კითხვაზე პასუხების გაცემას ხელვაჩაურის მერმა ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენება არჩია.

„მე ავედი მოსახლეობაში და შევხვდი, მე შემიძლია ყველგან წავიდე, ყველას შევხვდე ნებისმიერ დროს, გინდა იყოს მოხელე, გინდა – არა, გინდა – იყოს კანდიდატი, მე მაქვს უფლება ყველგან მივიდე მოსახლეობასთან, შენ კანონი ნახე….“ – გვითხრა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

მარცხნიდან მესამე – ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე „ქართული ოცნების“ კანდიდატებთან ერთად

ჯუმბერ ვარდმანიძემ ვერ დაგვისახელა კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც მას წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის დროს სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენების უფლება აქვს.

ხელვაჩაურის მერს თავდაპირველად ვკითხეთ, იყო თუ არა ჩხუტუნეთში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სამსახურებრივი ავტომანქანით. მან ეს ირიბად დაადასტურა და არ უარყო ის, რომ შეხვედრაზე სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა.

„მე არ ვარ საჯარო მოხელე, მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, დამთავრდა… კანონში ჩაიხედეთ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ჯუმბერ ვარდმანიძემ.

„თუკი ჯუმბერ ვარდმანიძემ ნამდვილად სამსახურებრივი ავტომანქანა გამოიყენა, ეს არის დარღვევა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი, მალხაზ ჭკადუა. ის განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მერს, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ნებისმიერ დროს აქვთ წინასაარჩევნო კამპანიებში ჩართვის უფლება, თუმცა საბიუჯეტო სახსრები ამისთვის არ უნდა იხარჯებოდეს.

„საარჩევნო კოდექსი ნათლად განმარტავს, რის უფლება აქვთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და რის უფლება არ აქვთ. საარჩევნო კოდექსში პირდაპირ მითითებულია, რომ იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის პროცესში. კანონის ეს დათქმა არის ძალიან მკაფიო და ნათელი,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

თუკი ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი კანონდარღვევას დაადგენს, ჯუმბერ ვარდმანიძე შესაძლოა 2 ათასი ლარით დაჯარიმდეს.

იმის გამო, რომ ხელვაჩაურის მერმა ჩვენთან საუბრის დროს ტელეფონი გამორთო, მას ვეღარ ვკითხეთ ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალში მდებარე საბავშვო ბაღის შესახებ, რომლის გარეფასადზეც „ქართული ოცნების“კანდიდატების პლაკატებია გამოკრული. აჭარისწყლის საბავშვო ბაღის დირექტორის ტელეფონი გამორთულია, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს ააიპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაშიც“.

„ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს საბავშვო ბაღების გაერთიანებას, ან თავად საბავშვო ბაღის მენეჯერს და დაიცვან კანონის მოთხოვნები,“ – დასძინა მალხაზ ჭკადუამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“.

საბავშვო ბაღი სოფელ აჭარისწყალში

მთავარი ფოტო: ჯუმბერ ვარდმანიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო საშუალება, რითაც სოფელ ჩხუტუნეთში საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის იმყოფებოდნენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი