მთავარი,სიახლეები

5 მწვანე დღე ხულოში – ევროკავშირის ინფოტური მაღალმთიან აჭარაში

21.09.2020 • 2982
5 მწვანე დღე ხულოში – ევროკავშირის ინფოტური მაღალმთიან აჭარაში

პანდემიამ შეაფერხა თითქმის ყველაფერი მსოფლიოში: ეკონომიკა და ტურიზმი, განათლება და კულტურა, ადამიანური ურთიერთობები, კაფე-ბარებში ფინჯანი ყავის თავისუფლად მირთმევის შესაძლებლობაც კი და ბევრი სხვა რამ, რაც აქამდე ჩვეულებრივი მოცემულობა გვეგონა, დღეს კი ძალიან დავაფასეთ.

ერთი შეხედვით წარმოუდგენელია რა შეიძლება აკეთო პანდემიაში, როცა ცხოვრების აქტიური წესი, ხშირი მიმოსვლა და ადამიანებთან ახლო კონტაქტი საშიშიც კი გახდა და ცუდ ტონად აღიქმება?

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 16 ტურისტული კომპანიის ტუროპერატორებმა, სანამ საზღვრები ჩაკეტილია, დრო გამოიყენეს და აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოში იმოგზაურეს 5 დღით. ახალი ადგილები მოინახულეს, აქამდე უცნობი გემოები აღმოაჩინეს, მოინიშნეს საოჯახო სასტუმროები, მარნები და სამზარეულოები, სადაც ყოველთვის დაგახვედრებენ არომატული ღვინის მრავალფეროვან არჩევანს და უგემრიელეს კერძებს. მაგალითად ასე:

2021 წლის ტურისტული სეზონისთვის, რომელსაც იმედია ღია საზღვრებით შევხვდებით, ტუროპერატორებმა უკვე იციან, რომ ტურისტებს სრულიად ახალ, მაღალმთიანი აჭარის ჯადოსნურ, მწვანე ტურებს შესთავაზებენ. ეს თამარ ღონიაშვილის ფოტოამბავია ხოლოში მოგზაურობიდან. ამ დღეს ჯგუფი მწვანე ტბას სტუმრობდა, სადაც მემთეურთა ხისქოხებიან სოფელში მიმავალ გზას მიყავხართ.

მწვანე ტბაზე ასვლამდე ინფოტურის მონაწილე ტუროპერატორებმა სხალთის მონასტერი მოინახულეს, ციცაბო აღმართით შუასაუკუნეების ხიხანის ციხის რთული მარშრუტი გაიარეს. XIII საუკუნის ხიხანს ადგილობრივი გიდის თქმით აქ  თამარის ციხესაც უწოდებენ. ციხის მწვერვალიდან ხელისგულივით მოჩანს სხალთის ხეობა და შუამთის ულამაზესი ტბა.

Security Check Required

null

 

ინფოტური ხიხანის ციხეზე.

ხიხანის ციხე.

სხალთის ხეობის მონახულების დღე ადგილობრივი ტუროპერატორის, ლაშა მიქელაძის სახლში დასრულდა. მწვანე ეზოში გაშლილი სუფრა, შთაბეჭდილებებით დატვირთული, დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო დღის დასასრულს მსუბუქი ღვინო და შემწვარი კალმახი ლაშას აუზიდან – ასეთი იყო დღის დასასრული სხალთის ხეობაში, მაგრამ ეს არ იყო ტურის დასასრული.

ინფოტური

ტუროპერატორები ხიხანის ციხეზე.

მოგზაურობა ღორჯომის თემისკენ გაგრძელდა. მიიჩნევა, რომ აქ ყველაზე ავთენტურადაა შემორჩენილი მაღალმთიანი აჭარის ტრადიციები, კულტურა და სამზარეულო.

ტუროპერატორები სოფელ დიდაჭარის მეჩეთის ეზოში.

დაუვიწყარი იყო ღორჯომში 1902 წელს აგებული, საქართველოში ყველაზე დიდი ხის მეჩეთი, რომელიც ლაზმა ოსტატებმა ააშენეს. მეჩეთი ხუთი გუმბათითაა შემკული და ვრცელი სალოცავი დარბაზი აქვს. ღორჯომელებმა საბჭოთა კავშირის დროს დანგრეული მეჩეთი აღადგინეს და ინტერიერი კი ძველი შენობის მიხედვით მოხატეს. დიდი, ფერადი მეჩეთის მოხატულობაში თვალს მოგჭრით ათასგვარი ყვავილის, მცენარის ორნამენტები და ორთქლის გემების გამოსახულებები.

ღორჯომის მეჩეთი.

ამავე დღეს სოფელ დიდაჭარის ახალი მეჩეთიც ნახეს ინფოტურის მონაწილეებმა და სოფელ განახლების მარანში ტრადიციული, აჭარული კერძები დააგემოვნეს დირბულას ღვინის თანხლებით. დირბულა ველური ჯიშის ყურძენია, რომლისგანაც შარდონეს მსგავსი, სურნელოვანი და მძიმე, შავი ღვინო მზადდება. დირბულას სვამენ ძალიან ცოტას, მხოლოდ დასაგემოვნებლად და იშვიათად.

სადილი სოფელ განახლებაში. ფოტო: პაატა ვარდანაშვილი.

ეს დღე სოფელ თაგოში თითქმის ორკილომეტრიანი საბაგირო გზის გავლით დასრულდა. თაგო მთაზე შეფენილი პატარა სოფელია ხულოს სიახლოვეს, სადაც წითელი საბაგიროთი შეგიძლიათ გადასვლა. სოფლიდან ხეობაზე ულამაზესი ხედები იშლება, ცაზე ღრუბლები დაცურავს და ჰაერი წარმოუდგენლად სუფთაა, მარტივი მიზეზის გამო: აქ მანქანები თითქმის არ დადიან.

სალომე ხინიკაძე დასავლეთ საქართველოში პოლონური ტურისტული კომპანია ITAKA-ს წარმომადგენელი და ინფოტურის ერთ-ერთი მონაწილეა. აქამდე ყოველთვის მხოლოდ ქედაში დადიოდა, ახლა პოლონელი ტურისტებისთვის ხულოში ტურების დაგეგმვაზე ფიქრობს.

„მიხარია, რომ ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ხულო მოვინახულეთ. ინფოტურები რეგიონის პოტენციალის რეალურად დანახვასა და კონტაქტების მოძიებაში გვეხმარება, ეს ძალიან კარგი და სასარგებლო ინიციატივაა, რის შედეგსაც ძალიან მალე ვნახავთ” – ამბობს სალომე.

ტუროპერატორ პაატა ვარდანაშვილს ერთი კვირის წინ ჰყავდა წაყვანილი 25 კაციანი ტურისტული ჯგუფი ესტონეთიდან ერთი დღით, გოდერძის მოსანახულოებლად. თუმცა ინფოტურის დასასრულს გვითხრა, რომ 5 დღეში უამრავი რამ ნახა და ეს დაეხმარება სამომავლოდ ხულოში ტურისტებისთვის ბევრად უფრო ხანგრძლივი ტურები დაგეგმოს.

„ვნახეთ არაერთი ადგილი სად შეიძლება ღამისთევა, გემრიელად ჭამა, უამრავი ადამიანი გავიცანით, ეს ყველაფერი სასარგებლო ინფორმაცია და კონტაქტებია. მე და ჩემი მეგობრები, რაც გოდერძი გაიხსნა ყოველ სეზონზე დავდივართ აქ ზამთარში სასრიალოდ.

ხიხანის ციხეზე ძირითადად ადგილობრივი, ქართველი მოლაშქრეები დამყავს, ვაპირებ მომავალში ეს რთული მარშრუტი უცხოელებსაც შევთავაზო. მე პოსტსაბჭოთა და ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან ვმასპინძლობ ტურისტებს. არამხოლოდ მათთვის, ადგილობრივებისთვისაც  აღმოჩენა იქნება ზემო აჭარის ბუნება და სამზარეულო, რასაც სხვაგან ვერსად დააგემოვნებ: სინორს და ბორანოს მაგალითად საქართველოში ვერსად გასინჯავ, შეიძლება სახელიც კი არ იცოდეს ბევრმა ამ კერძების” – ამბობს პაატა ვარდანაშვილი.

პაატა ვარდანაშვილი. ტუროპერატორი.

ტური გაგრძელდა ბეშუმში, მწვანე ტბაზე და გოდერძის ალპურ ბაღში, ზღვის დონიდან 1960 მეტრზე.

ეს ია ცეცხლაძის 5 დღიანი თავგადსავალია აჭარაში, ერთად თავმოყრილ ფოტოებად. იაც ტუროპერატორია. რაც მან ხუთ დღეში ნახა, სამომავლოდ სხვებსაც გაუზიარებს და აჩვენებს ადგილებს, სადაც სექტემბერში თავად იყო.


16 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელისთვის, 5 დღიანი საინფორმაციო ტური ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში  გაიმართა. ინფო-ტური მიზნად ისახავდა  ხულოს მუნიციპალიტეტის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციას და ტურიზმის სფეროში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არსებული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ.

ტურიზმის განვითარება სოფლად წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: