მთავარი,სიახლეები

321 კოვიდპაციენტი კლინიკებში და 158 კოვიდსასტუმროში – ბათუმი დღეს

16.09.2020 • 1690
321 კოვიდპაციენტი კლინიკებში და 158 კოვიდსასტუმროში – ბათუმი დღეს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, დღეისათვის ბათუმის კლინიკებში 321 პაციენტია მოთავსებული, ხოლო 158 კოვიდინფიცირებული პირი გადაყვანილია კოვიდსასტუმროში.

სასტუმროში გადაყვანილი პირების შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, თუმცა ამ ადამიანებს იზოლირება აუცილებელია, ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

ნონა ეფაძის თმით, ინფიცირებულია მედპერსონალიც, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რამდენი პირია ჯანდაცვის სფეროდან ინფიცირებული.

ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით, ინფიცირებულია კლინიკა „მედცენტრის“ პერსონალი – 4 პირი. როგორც ამ კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და არც ერთი სხვა დადასტურება არ ყოფილა. „კლინიკაში ვირუსი იყო შემოტანილი გარედან, ეს პირები გადიან მკურნალობის კურსს, მათი გარემოცვა თვითიზოლაციაშია. კლინიკის თანამშრომლებს ორი დღის წინ დაუდასტურდათ ვირუსი. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, – გვითხრეს კლინიკაში.

ნონა ეფაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კოვიდის მართვაში ისევ 6 კლინიკაა ჩართული და „მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა მატება მოსალოდნელია, დღესდღეობით არსებობს სარეზერვო საწოლები“.

წუხელ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აჭარაში კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს სახლში უმკურნალებენ.

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით ბათუმში ინფიცირებულია 9 ორსული. ინფიცირებულები არიან ბავშვები, პედაგოგები, პოლიციელები, მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებლები…

___

აჭარაში კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს სახლში უმკურნალებენ – გამყრელიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: