განათლება,მთავარი,სიახლეები

თუ ბავშვს წინასწარ ეტყვით, რომ სკოლები შესაძლოა კვლავ დაიხუროს – რჩევები მშობლებს

14.09.2020 • 1681
თუ ბავშვს წინასწარ ეტყვით, რომ სკოლები შესაძლოა კვლავ დაიხუროს – რჩევები მშობლებს

იუნისეფი საქართველოში მცხოვრები მშობლებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს, თუ როგორ შეუძლიათ მათ დაეხმარონ ბავშვებს განცდების მართვაში სკოლების გახსნისა და სკოლაში დაბრუნების პერიოდში covid 19-ის პირობებში. გთავაზობთ ამ რეკომენდაციებს:

თუკი თქვენს შვილს სკოლაში დაბრუნების ეშინია:

შიშის დაძლევაში დახმარებისთვის ბავშვს ესაუბრეთ, ჰკითხეთ, რა აღელვებს და უთხარით, რომ ღელვა და ნერვიულობა ბუნებრივი განცდაა.

ბავშვი შესაძლოა ნერვიულობდეს ან არ სურდეს სკოლაში დაბრუნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვეების მანძილზე შინ სწავლობდა. იყავით გულწრფელი. მაგალითად, შეგიძლიათ შვილს აუხსნათ, რა ცვლილებები შეიძლება დახვდეს სკოლაში, მაგალითად, მოუწიოს დამცავი საშუალებების –  პირბადის ტარება.

გარდა ამისა, სკოლაში ბავშვებს შესაძლოა გაუჭირდეთ მეგობრებისა და მასწავლებლებისაგან ფიზიკური დისტანციის დაცვა – შეგიძლიათ თქვენი შვილი წაახალისოთ, დაფიქრდეს ასეთ პირობებში მჭიდრო ურთიერთობისა და კავშირის შენარჩუნების სხვა გზებზე.

დაამშვიდეთ ბავშვი, აუხსენით, რომ უსაფრთხოების არსებული ზომები საჭიროა ბავშვებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობის შენარჩუნების ხელშესაწყობად და შეახსენეთ, რომ მასაც შეუძლია წვლილის შეტანა ბაქტერიების გავრცელების პრევენციაში, თუ ხელებს საპნით დაიბანს და ხველის ან ცემინების დროს პირს მოხრილი იდაყვით დაიფარავს.

შეახსენეთ ბავშვებს პოზიტიური ასპექტები – რომ ისინი შეძლებენ მეგობრებისა და მასწავლებლების ნახვას (თუ ფიზიკურად ბრუნდებიან სკოლაში და საკლასო ოთახებში) და განაგრძობენ ახალი ცოდნის შეძენას.

თუ თქვენი შვილი დამცავი საშუალებების ტარების გამო ნერვიულობს, რა უნდა ვუთხრათ მას?

ეს საუბარი უნდა წარმართოთ ემპათიით, უნდა უთხრათ, რომ იცით, რომ იგი ღელავს კორონავირუსის გამო, და რომ საუბარი ჩვენს ემოციებზე, და იმაზე, რაც გვაწუხებს, სასარგებლოა. ბავშვებს შესაძლოა ასევე დაეუფლოთ ბრაზი ან იმედგაცრუება, თუ უჭირთ პირბადის ტარება, განსაკუთრებით სირბილის ან თამაშის დროს. შეგიძლიათ დაამშვიდოთ, აუხსნათ, რომ ბევრი ზრდასრული დაუღალავად ზრუნავს იმაზე, რომ თქვენი ოჯახი იყოს უსაფრთხოდ; იმავდროულად, ხაზი გაუსვით, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა დაიცვას რეკომენდებული ზომები, რათა მოვუფრთხილდეთ ჩვენი საზოგადოების შედარებით უფრო მოწყვლად წევრებს.

როგორ შემიძლია ჩემი შვილი წავახალისო, სკოლაში დაიცვას სიფრთხილე. როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა, ფიზიკური დისტანციის დაცვა და ასე შემდეგ?

კორონავირუსის და სხვა დაავადებებისაგან ბავშვების დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ხელების ხშირი დაბანის წახალისება. ამ საუბრისას ბავშვი არ უნდა დაშინდეს. აჰყევით მის საყვარელ სიმღერას ან იცეკვეთ ერთად, რათა სწავლა აქციოთ სახალისო აქტივობად. აუხსენით ბავშვს, რომ ბაქტერიები უხილავია, თუმცა შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს. როდესაც ბავშვი გაიაზრებს, რატომ უნდა დაიბანოს ხელები, უფრო დიდი ალბათობით შეასრულებს ამ რჩევას.

შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენს შვილს, როგორ დაიფაროს პირი მოხრილი იდაყვით დახველების ან დაცემინების დროს, და სთხოვოთ, გითხრათ თუ იგრძნობს, რომ სიცხე აქვს, თუ ახველებს ან სუნთქვა უჭირს.

თუ თქვენი შვილი, რომელიც სკოლაში ბრუნდება და  არ მოხვდა იმ ჯგუფში, რომელშიც მისი ახლო მეგობრები არიან. ამის გამო იგი უფრო გარიყულად გრძნობს თავს, როგორ შეიძლება მან უფრო მეტი კავშირი იგრძნოს კლასთან და თავის მეგობრებთან?

თუ თქვენი შვილის სკოლაში ბავშვები ეტაპობრივად ბრუნდებიან, ბავშვი შესაძლოა ღელავდეს მეგობრებისაგან განცალკევების გამო. როდესაც სკოლების ოფიციალური გახსნა გამოცხადდება, დაეხმარეთ მას სკოლაში დასაბრუნებლად მომზადებაში, აუხსენით, თუ როდის და როგორ დაბრუნდებიან სკოლაში.

თუ ბავშვს წინასწარ ეტყვით, რომ სკოლები შესაძლოა კვლავ დაიხუროს, ეს დაეხმარება მას მოსალოდნელი ცვლილებების პერიოდისათვის მომზადებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მუდმივად შეახსენოთ, რომ სწავლა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას – სკოლასა და სახლში.

მათთვის, ვისაც ინერნეტი აქვს, ონლაინთამაშების, სოციალური მედიის და ვიდეოჩეთის პროგრამების გამოყენება უსაფრთხოდ და ზედამხედველობის პირობებში შესაძლოა კარგი შესაძლებლობა იყოს, შეინარჩუნონ კავშირი, ისწავლონ და ითამაშონ თავიანთ მეგობრებთან, მშობლებთან და ნათესავებთან, ვიდრე სკოლაში დაბრუნდებიან. გარდა ამისა, შეგიძლიათ ურჩიოთ თქვენს შვილებს, ინტერნეტსივრცეში გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და მხარი დაუჭირონ პირებს, ვისაც დახმარება სჭირდება ამ კრიზისის პერიოდში.

შეგიძლიათ ურჩიოთ ბავშვს ისეთი ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოძრაობაში – მაგალითად, ონლაინვარჯიშების ვიდეოები ბავშვებისთვის და ვიდეოთამაშები, რომლებიც მოითხოვს ფიზიკურ მოძრაობას. არ დაგავიწყდეთ, დააბალანსოთ ონლაინგართობის დრო რეალურ სივრცეში აქტივობებთან, მათ შორის, გარეთ გატარებულ დროსთან, თუ ეს შესაძლებელია.

როგორ შემიძლია დელიკატურად გავარკვიო, როგორ უმკლავდება ამ ყოველივეს ჩემი შვილი?

მნიშვნელოვანია, ბავშვთან საუბრები წარმართოთ მშვიდად და პროაქტიულად – დაინტერესდით, როგორ გრძნობს თავს. ბავშვის ემოციები მუდივად შეიცვლება და თქვენ უნდა დაანახოთ მას, რომ ეს არ არის პრობლემა.

სკოლაში თუ შინ, აღმზრდელებს შეუძლიათ ბავშვების ჩართვა შემოქმედებით, საინტერესო აქტივობებში, როგორიცაა თამაში და ხატვა, რათა დაეხმარონ მათ უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში გამოხატონ და გამოთქვან უარყოფითი განცდები, რომლებიც მათ შესაძლოა ჰქონდეთ. ეს ეხმარება ბავშვებს, რთული განცდების – მაგალითად, ბრაზის, შიშის ან სევდის – გამოსახატად პოზიტიური გზების პოვნაში.

ვინაიდან ბავშვებზე ხშირად დიდ ზეგავლენას ახდენს მათ გარშემო მყოფი ზრდასრული პირების, მათ შორის, მშობლებისა და მასწავლებლების ემოციები, მნიშვნელოვანია, რომ ზრდასრულებმა კარგად მართონ საკუთარი ემოციები და შეინარჩუნონ სიმშვიდე, მოისმინონ ბავშვების პრობლემები, ისაუბრონ გულისხმიერად, თანაგრძნობით და დააიმედონ, დაამშვიდონ ისინი.

რას უნდა მივაქციო ყურადღება, როდესაც ჩემი ბავშვი განაახლებს სკოლაში სიარულს?

ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობის კონტროლის და სახლში დაბრუნების მიმართ ყურადღების გარდა, უნდა დააკვირდეთ სტრესის და მღელვარების ნიშნებს. კორონავირუსის პანდემია შესაძლოა გავლენას ახდენდეს თქვენი შვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანია, ბავშვს გააგებინოთ, რომ ადამიანი ზოგჯერ შეიძლება აღელდეს და რომ ეს ნორმალურია. როდესაც არ ხართ დარწმუნებული, როგორ მოიქცეთ, საუკეთესო მიდგომაა ემპათია და მხარდაჭერა.

ამას გარდა, არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვების სკოლაში დაბრუნების შემდეგ შესაძლოა გაიზარდოს სტიგმატიზაციისა და ჩაგვრის („ბულინგის“) შემთხვევები, კორონავირუსის შესახებ გარკვეული დეზინფორმაციის გამო. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ ვირუსს არავითარი კავშირი აქვს ადამიანის გარეგნობასთან, მის წარმომავლობასთან ან იმასთან, თუ რა ენაზე ლაპარაკობს იგი. ბავშვს უნდა ურჩიოთ, მისთვის სანდო ზრდასრულ ადამიანს უთხრას სკოლაში ნებისმიერი შეურაცხყოფის ან ჩაგვრის შემთხვევის შესახებ. შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ ყველა იმსახურებს იმას, რომ სკოლაში და ონლაინ იყოს უსაფრთხოდ. ჩაგვრა არასოდეს არის გამართლებული და თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს სიკეთის და კეთილმოსურნეობის გავრცელებაში და ერთმანეთის მხარდაჭერაში.

ჩემი შვილი ნერვიულობს სკოლაში და ონლაინ სივრცეში ჩაგვრასთან დაკავშირებით, როგორ ვესაუბრო მას ამის შესახებ?

თუ თქვენი ბავშვი ღელავს სკოლაში ან ონლაინ სივრცეში ჩაგვრის გამო, მნიშვნელოვანია უთხრათ, რომ იგი მარტო არ არის და რომ ნებისმიერ დროს შეუძლია თქვენთან ან სხვა, მისთვის სანდო ზრდასრულთან დალაპარაკება. რაც უფრო მეტს ესაუბრებით თქვენს შვილებს ბულინგის შესახებ, მით უფრო თამამად გეტყვით, თუ შეესწრება ან განიცდის ჩაგვრას. ყოველ დღე ჰკითხეთ ბავშვს, როგორ ჩაიარა დღემ სკოლაში და ონლაინ აქტივობების შესახებ, ასევე როგორ გრძნობს თავს. ზოგიერთმა ბავშვმა ემოციები შესაძლოა ვერბალურად არ გამოხატოს, ამდენად, უნდა დააკვირდეთ აღელვებული ან აგრესიული ქცევის ნიშნებს, რაც შესაძლოა პრობლემაზე მიუთითებდეს.

ამას გარდა, ბავშვებთან ღიად და გულახდილად უნდა ისაუბროთ ინტერნეტში უსაფრთხოების შენარჩუნების შესახებ. გულახდილად ესაუბრეთ თქვენს შვილებს, გაარკვიეთ, ვისთან ურთიერთობენ და როგორ. დარწმუნდით, რომ ესმით კეთილგანწყობილი და მხარდამჭერი ურთიერთობის მნიშვნელობა და იციან, რომ შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ან არასათანადო ურთიერთობა არასოდეს არის მისაღები. თუ თქვენი შვილის მიმართ განხორციელდება ასეთი მიუღებელი დამოკიდებულება, მოუწოდეთ, დაუყოვნებლივ გითხრან ამის შესახებ თქვენ ან სხვა სანდო ზრდასრულს. ფხიზლად იყავით, თუ შენიშნავთ, რომ თქვენი შვილი გულჩათხრობილია ან უხასიათოდაა, ან თუ კომპიუტერს ან სხვა ხელსაწყოს იყენებს ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მეტად ან ნაკლებად, ეს შესაძლოა იყოს ნიშანი, რომ მის მიმართ ონლაინ ჩაგვრა ხორციელდება“.

იუნისეფის რჩევით, მნიშვნელოვანია, მშობლები გაეცნონ შვილების სკოლის უსაფრთხოებისა და ბულინგთან დაკავშირებულ წესებს, რეფერირების მექანიზმებს და მიიღონ ინფორმაცია დახმარების ცხელი ხაზ(ებ)ის შესახებ.

__________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: