Batumelebi | ექიმი ლევან ანთაძე PCR ტესტირების პასუხების დაგვიანებასა და მედპერსონალის დეფიციტზე ექიმი ლევან ანთაძე PCR ტესტირების პასუხების დაგვიანებასა და მედპერსონალის დეფიციტზე – Batumelebi
RU | GE  

ექიმი ლევან ანთაძე PCR ტესტირების პასუხების დაგვიანებასა და მედპერსონალის დეფიციტზე

ენმ-ის წევრი, ექიმი ლევან ანთაძე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე კოვიდკლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელობდა ბათუმში, ხელისუფლებას აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს [ლევან ანთაძე ბოლო რამდენიმე კვირაა მედალფას აღარ ხელმძღვანელობს, თუმცა მას სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრია].

ლევან ანთაძის თქმით, ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მომატებული კოვიდინფიცირების შემთხვევებმა სერიოზული პრობლემები შექმნა ჯანდაცვის სფეროში.

„ბათუმელები“ ლევან ანთაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გამოვყოფთ რამდენიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემას, რომელთა მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეპიდსიტუაციის სწორად და ეფექტურად მართვისთვის.

ბოლო დღეების განმავლობაში მოიმატა PCR ტესტირებების რაოდენობამ, რამაც გამოიწვია ლაბორატორიების გადატვირთვა, შედეგად ხდება ტესტის პასუხების დაგვიანება და პასუხების ნაკლებ სანდოობა.

კლინიკები გადატვირთულია და ყოველდღიური შემთხვევათა რაოდენობა გადაცდა 100-ს, მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მოსალოდნელია ყოველდღიურ შემთხვევათა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ზრდა. მოქმედი პროტოკოლით ყველა პაციენტი უნდა მოხვდეს კლინიკაში. ანუ ყოველდღიურად უნდა გავხსნათ მინიმუმ 100-საწოლიანი საავადმყოფო.

მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე მედპერსონალის დეფიციტის საკითხი, რაც გამოწვეულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რისკთან, ასევე კოვიდკლინიკების მწირ დაფინანსებასთან. მედპერსონალის გადატვირთულობა პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ინფექციის გავრცელების რისკთან.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს დროულად და გადაუდებლად. აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • უნდა გაიზარდოს PCR ლაბორატორიების რაოდენობა აჭარაში.
  • უნდა შეიცვალოს კოვიდ ინფექციის მართვის პროტოკოლი, რაც ეყრდნობა მსოფლიო გამოცდილებას და გულისხმობს მსუბუქი მიმდინარეობით მიმდინარე დაავადების მართვას თვითიზოლაციის პირობებში, რისთვისაც სასწრაფოდ აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის აქტიური ჩართვა კოვიდინფექციის მკურნალობაში. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ 50-60% შემთხვევაში პაციენტის მართვა ხდება ოჯახის პირობებში.
  • მძიმე სამუშაო პირობებიდან და შექმნილი კადრის დეფიციტიდან გამომდინარე აუცილებელია კოვიდთან მომუშავე სამედიცინო პერსონალს დაენიშნოს ხელფასზე სახელმწიფო დანამატი განურჩევლად სამედიცინო დაწესებულების საკუთრების ფორმისა. ეს უნდა შეეხოს როგორც კოვიდკლინიკებს, ასევე PCR ლაბორატორიებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ცხელების ცენტრების თანამშრომლებს.

ყველა ეს ქმედება გადაუდებლად აუცილებელია, რათა ეფექტურად ვმართოთ შექმნილი მძიმე ეპიდვითარება აჭარაში და შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება,” –  აცხადებს ლევან ანთაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი