მთავარი,სიახლეები

3-სართულიანი სახლი ბათუმში, რომელიც ქუჩაზეა აშენებული

08.09.2020
3-სართულიანი სახლი ბათუმში, რომელიც ქუჩაზეა აშენებული

ბათუმში, მარუხის ქუჩის #11-ში სამსართულიანი სახლის ნაწილი პირდაპირ ქუჩაზე დგას. მესაკუთრის თქმით, ტერიტორია მისი ოჯახის საკუთრებაა, თუმცა აღიარებს, რომ სახლი მერიის ნებართვის გარეშე ააშენა.

„ჩემი შეცდომა მხოლოდ ესაა, რომ უნებართვოდ ავაშენე. მივმართე მერიას, მაგრამ ნებართვა არ მიმიღია. ნაკვეთი ძველი დროიდან ჩვენი ოჯახის საკუთრებაა და კარგად დააკვირდით, ძველ შენობებს უსწორდება“, – გვითხრა პირმა, რომელიც მესაკუთრედ გაგვეცნო, თუმცა სახელი და გვარი არ გაგვიმხილა. „ანონიმად ჩამწერეთ“, – გვითხრა მან.

სახლი ისეა აშენებული, რომ მისი შესასვლელი პირდაპირ სამანქანო გზაზე გადის. ათვისებულია ტროტუარიც. ქუჩის ამ მონაკვეთს სოხუმის ქუჩის მხრიდან თუ შევხედავთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ახალი სახლი ძველი სახლების ფასადების გაგრძელებაზეა, თუმცა სხვა ვითარება დაგხვდებათ ივანე ანდრონიკაშვილის ქუჩის მხრიდან.

მარუხის ქუჩა, #11.

ხედი სოხუმისა და მარუხის ქუჩების კვეთიდან

მესაკუთრის თქმით, ძველი სახლი და მასზე დამაგრებული დამხმარე ნაგებობები, მიწის ნაკვეთის ჩათვლით, ერთი ოჯახის საკუთრება იყო, შემდეგ ოჯახი გაიზარდა და საკუთრება გაიყვეს, ერთ-ერთ ნაკვეთზე კი ააშენეს ახალი სამსართულიანი სახლი. პირმა, რომელიც მესაკუთრედ გაგვეცნო, გვითხრა ისიც, რომ მაშინ, როცა აქ მისი წინაპრები ცხოვრობდნენ, ქუჩა არ გადიოდა – „სამოციან წლებში გაუკეთებიათ გზა, მაგრამ ეს სახლები არ აიღეს და ქუჩა არ გააფართოვეს“.

აქ გვითხრეს ისიც, რომ ქუჩის ამ მონაკვეთში სახლები წითელ ზოლშია და შესაძლოა აიღონ, თუმცა საიდან აქვთ ეს ინფორმაცია, არ დააკონკრეტეს.

2004 წლის google-ს რუკის მიხედვით, ძველი, ორსართულიანი სახლი, რომელიც მარუხისა და სოხუმის ქუჩების გზაჯვარედინზე მდებარეობს, სხვა სახლებთან შედარებით ოდნავ გამოწეულია გზისკენ, თუმცა იმ ადგილზე, სადაც ახლა სამსართულიანი შენობა აუშენებიათ, მხოლოდ გამწვანება ჩანს.

2014 წლის რუკა, მწვანედ მონიშნულია ადგილი, სადაც ახლა სამსართულიანი სახლია

ქუჩაზე აშენებულ სახლში მიყვანილია კომუნიკაციები, მაგრამ უცნობია, რამდენად კანონიერად და უსაფრთხოდ, რადგან ბუნებრივი აირის მილი პირდაპირ ფანჯრებზე გადის.

ფოტოზე ჩანს, როგორ წყდება მერიის მიერ მოწყობილი უსინათლოთა ბილიკი ახალაშენებული სახლის ფანჯარასთან

უკვე დასრულებული სახლის გვერდით კიდევ ერთი მიმდინარე მშენებლობა დაგვხვდა.

რეესტრის მონაცემებით, მარუხისა და სოხუმის ქუჩების გზაჯვარედინზე #11/34-ში 97 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გელა გოგუაძის საკუთრებაა. სოხუმის ქუჩის მხრიდან ძველი ორსართულიანი სახლი   ელგუჯა და ზაზა გოგუაძეებს, ნაწილი კი გურამ ჯაშს ეკუთვნის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: