სიახლეები

ენმ-მ აჭარაში ეპიდსიტუაციაზე რეაგირების ალტენატიული გეგმა შეიმუშავა

07.09.2020
ენმ-მ აჭარაში ეპიდსიტუაციაზე რეაგირების ალტენატიული გეგმა შეიმუშავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ექიმმა ლევან ანთაძემ, რომელიც პანდემიის საწყის ეტაპზე კლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელობდა [სწორედ ამ კლინიკაში იღებდნენ კოვიდპაციენტებს – ავტ], დღეს, 7 სექტემბერს, ბრიფინგზე ეპიდსიტუაციაზე რეაგირების ალტერნატიული გეგმა წარადგინა. მისი შეფასებით, „ოცნების“ მთავრობა პანდემიას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს.

„ქართულმა ოცნებამ უნდა დაამთავროს პანდემიის გამოყენება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, რადგან ასეთი ყალბი მიდგომა იწვევს უნდობლობას არამარტო ქართული ოცნების, არამედ ეპიდღონისძიებების მიმართაც“, – განაცხადა ლევან ანთაძემ ბრიფინგზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატიული გეგმის მიხედვით, უნდა  გაუქმდეს იძულებითი კარანტინი, „რადგან ეს ძვირადღირებული, კორუფციული და ნეპოტისტური რისკების შემცველი ღონისძიებები  პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანაში არ გამოიყენება.“

ალტერნატიული გეგმის მიხედვით, უნდა გაიზარდოს PCR ტესტირების ჩატარების დღიური რაოდენობა. მომზადდეს დღევანდელი რთული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ჰოსპიტალური სექტორის რეაგირების გეგმა აჭარის რეგიონისთვის, მათ შორის, პაციენტების დაყოფის გეგმა დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით. აუცილებელია ბავშვთა ასაკის კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლფონდის ფორმირება აჭარაში.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე მედპერსონალს [კოვიდკლინიკების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ცხელების ცენტრების თანამშრომლებს] დაენიშნოს ხელფასზე სახელმწიფო დანამატი.

პარტიაში მიიჩნევენ ასევე, რომ უნდა გამკაცრდეს ადმინისტრირება და ზედამხედველობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესების დარღვევაზე.

ალტერნატიული მართვის გეგმა ჩაკეტილ საზღვრებსაც ეხება.

„პირველ რიგში, უნდა გაიხსნას საზღვრები და სრულად აღდგეს საჰაერო ფრენები. კარგად მესმის, რომ ეს დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, მაგრამ მსოფლიოში ბევრი წარმატებული მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საზღვრების გახსნით არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის გაუარესება“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

გეგმის მიხედვით, შემოსვლა თავისუფალი უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის [განურჩევლად მოქალაქეობისა], რომლებიც ბოლო 14 დღე იმყოფებოდნენ საიმედო ქვეყანაში. კითხვაზე, რომელი ქვეყანა მივიჩნიოთ საიმედოდ? – ლევან ანთაძე პასუხობს, რომ ამისთვის შეიძლება ვისარგებლოთ შემთხვევათა კუმულაციური ციფრით. ეს გულისხმობს 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელებას 100 000 მოსახლეზე.

„თუ ეს ციფრი 16-ზე ნაკლებია, ქვეყანა ითვლება კორონავირუსის გავრცელების კუთხით კეთილსაიმედოდ. თუ ადამიანი მოდის არასაიმედო ქვეყნიდან, ანუ კუმულაციური ციფრი 16-ზე მეტია, მაშინ ის მიდის თვითიზოლაციაში და მე-12 დღეს იკეთებს PCR ტესტს, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეძლევა თავისუფალი გადაადგილების საშუალება.

უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა აუცილებელი, გადაუდებელი ეპიდღონისძიების გატარებისას. ჩვენი გეგმა მიმართულია იქითკენ, რომ შევძლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება ისე, რომ დაბალანსებული იყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესები“, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: