ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას მოზარდები, რომლებიც 18 წლის დეკემბრამდე ხდებიან

15.08.2020
რა შემთხვევაში მიიღებენ 200-ლარიან დახმარებას მოზარდები, რომლებიც 18 წლის დეკემბრამდე ხდებიან
მთავრობის დადგენილებით, ერთჯერადი სოციალური დახმარება – 200 ლარი, გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის. თუ მოზარდს ხვალ, ანუ 17 აგვისტოს უსრულდება 18 წელი, დახმარების მისაღებად მშობელმა ის წინა დღით, ანუ დღეს, 16 აგვისტოს მაინც უნდა დაარეგისტრიროს ელექტრონულ პორტალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დახმარებას ვეღარ მიიღებს.

კიდევ ერთი მაგალითი რომ განვიხილოთ – თუ მოზარდს 18 წელი უსრულდება 30 ნოემბერს, ის პორტალზე 29 ნოემბერს უკვე უნდა იყოს დარეგისტრირებული.

ეს წესი მოქმედებს პროგრამის ბოლომდე, ანუ 30 ნოემბრის ჩათვლით.

რეგისტრაცია პირველ დეკემბრამდე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. თუმცა, რეგისტრაციის დაწყების დღეს, 15 აგვისტოს, სისტემა ხარვეზებით მუშაობდა, რის გამოც რეგისტრაცია შეფერხებით მიმდინარეობდა.

სოციალური დახმარების მისაღებად აუცილებელია ბავშვის შესაბამის ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირება [გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების შემთხვევისა].

რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები მთავრობამ 14 აგვისტოს დაამტკიცა.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო 2020 წლის 15 აგვისტოს და 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გრძელდება.

ახალი წესის მიხედვით, მთავრობა თხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, „აღმოუჩინონ დახმარება ფიზიკურ პირებს 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით“.

ანალოგიურად, მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებით დახმარება უნდა აღმოუჩინონ, „სოციალური მომსახურების სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა შესაბამისმა სამსახურებმა, საკუთარი ტერიტორიული ერთეულების (ფილიალები/ცენტრები და სხვა) მეშვეობით“.

ახალი წესით, „სოციალური დახმარება გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის (სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის სააგენტოსათვის ერთიანი სიის მოწოდების დღეს) არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის, იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, არის საქართველოს მოქალაქე, ან არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ აქვს მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ან არის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი.

აღნიშნული დახმარება გავლენას არ იქონიებს იმ ოჯახებზე, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ და არც მათ სარეიტინგო ქულებზე.

ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი არ ექვემდებარება არც ყადაღას.

ერთჯერადი სოციალური დახმარების გასაცემად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების − „56 17 − StopCoV ფონდი“ ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან სახსრების გამოყოფა. „StopCoV ფონდში“, 15 აგვისტოს მონაცემებით, 134 მილიონ 325 ათას 768 ლარია მობილიზებული.

ამავე თემაზე:

200 ლარი დახმარება ბავშვებს 18 წლამდე ჩათვლით – რეგისტრაცია დაწყებულია

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: