ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბაღებში ბავშვებმა შესაძლოა დღეჩაგდებით იარონ – გაერთიანების დირექტორი

15.08.2020
ბათუმის ბაღებში ბავშვებმა შესაძლოა დღეჩაგდებით იარონ – გაერთიანების დირექტორი

ბათუმის საბავშვო ბაღებში შესაძლოა ბავშვებმა დღეჩაგდებით იარონ, ან დღის განმავლობაში გაკეთდეს ცვლა – ნაწილი დღის პირველ ნახევარში ივლის, ნაწილი – დღის მეორე ნახევარში. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს საბავშვო ბაღებისთვის. თუ რაიმე არ შეიცვალა, ბათუმის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 15 სექტემბერსაა დაგეგმილი.

გაერთიანების დირექტორი, მამუკა შამილიშვილი, „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ რეკომენდაციების შემუშავებაში ბაღების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები, თუმცა, საბოლოო რეკომენდაციებს უახლოეს დღეებში ელოდებიან.

„მთავარი იქნება ბავშვების ზღვრული ოდენობა, როგორც, მაგალითად, სკოლების შემთხვევაში დასახელდა. ითქვა კიდეც, რომ ჯერ სკოლებისთვის დაიდებოდა რეკომენდაციები და შემდეგ ბაღებისთვის. ველოდებით მაგ ზღვრულ რაოდენობას და დანარჩენს, ალბათ, ჩვენ მოგვანდობენ რეგულაციებს, ეს ჩემი ვარაუდით. თუ ბავშვების რაოდენობა შეიზღუდება, ცვლებში იქნება ჯგუფები, ან შესაძლოა, ყოველი მეორე დღე გავაკეთოთ. არ ვიცით ჯერ რა იქნება, თუმცა, სხვა გამოსავალი არ არის. ახლა იმდენი ფართობი არ გვაქვს, რომ ჯგუფები დავამატოთ“, – ამბობს მამუკა შამილიშვილი.

როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი ბაღებში, ამას გაერთიანების დირექტორის თქმით, მოკვლევაც სჭირდება – თუ როგორ ურჩევნიათ მშობლებს, „ყველას ბუნებრივია, ერთი აზრი არ ექნება“.

„როგორც კი რეგულაციები ცნობილი გახდება, მაშინვე დავიწყებთ კონსულტაციებს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას ისე, რომ ეს რეგულაციები ნაკლებად მტკივნეული იყოს მშობლებისთვის“, – აცხადებს მამუკა შამილიშვილი.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში, 31 ივლისის მდგომარეობით, 842 ბავშვი იყო რიგში, რომლებიც მუნიციპალურ ბაღებში ვერ ჩაირიცხნენ. პარალელურად, იყო ჯამში 130 ვაკანსია ქალაქის გარეუბნებში მდებარე ბაღებშიც.

მამუკა შამილიშვილის თქმით, გარეუბნებში, თავისუფალი ადგილები ბაღებში დღემდე რჩება: „2021 წლის იანვრიდან ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში გაიხსნება ახალი საბავშვო ბაღი, რითაც 210 ადგილი დაგვემატება, რაც ნაწილობრივ აღმოფხვრის პრობლემას“.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/292476/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: