მთავარი,სიახლეები

საქართველოში ტურისტი სავალდებულო დაზღვევის გარეშე ვერ შემოვა – ახალი წესი იანვრიდან ამოქმედდება

30.12.2025 •
საქართველოში ტურისტი სავალდებულო დაზღვევის გარეშე ვერ შემოვა – ახალი წესი იანვრიდან ამოქმედდება

„ოცნების“ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში შემომსვლელი ტურისტისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის [პოლისის] ქონა აუცილებელი იქნება. დადგენილება 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

„საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებას „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 26 დეკემბერს მოაწერა.

ამ დადგენილების მიხედვით, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან:

„ტურისტი ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას იქონიოს მინიმუმ ამ დადგენილებით განსაზღვრული პოლისი, რომელიც გაცემულია საქართველოს ან უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ.

ტურისტი ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან მისი დაყოვნების სრულ პერიოდზე დაზღვეული ჰქონდეს ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა.

საქართველოში შემოსვლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, სასაზღვრო გამტარ პუნქტში შეამოწმოს ტურისტის მიერ პოლისის ფლობა.

პოლისის სადაზღვევო თანხა უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 30 000 ლარს.

პოლისი შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.“

დადგენილებაში განმარტებულია რომ სავალდებულო დაზღვევის პოლისი ეს არის – „ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი [სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება, დოკუმენტი/ელექტრონული დოკუმენტი], რომელშიც აღნიშნულია შემდეგი მონაცემები: დაზღვევის მხარეები, დაფარული ტერიტორია, დაზღვევის საგანი, დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო, სადაზღვევო რისკები, სადაზღვევო თანხის ოდენობა [ლიმიტები], სადაზღვევო შესატანის მოცულობა, მისი გადახდის ადგილი და ვადა“.

ამავე დადგენილებით, აღნიშნული წესი არ გავრცელდება:

  • დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მფლობელ პირებზე;
  • დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტის მფლობელ პირებზე;
  • საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების აკრედიტებულ თანამშრომლებზე, აგრეთვე თანამშრომელთა იმ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც აქვთ აკრედიტაცია;
  • პირებზე, რომელთა საქართველოში შემოსვლა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით ან ხელშეკრულებებით;
  • საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებსა და სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებზე.

რა ხდება?

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით: „საქართველოში შემომსვლელ ტურისტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა“.

აღნიშნული მუხლი თავდაპირველად 2024 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ამავე წლის 13 ივნისს მიღებული ცვლილებით, მისი მოქმედება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეაჩერეს.

ამ ცვლილებით საქართველოს მთავრობას ასევე დაევალა, რომ 2026 წლის 1-ელ იანვრამდე მიეღო დადგენილება „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.

დეკემბრის დასაწყისში თურქული მედია თურქეთის მოქალაქეებს აფრთხილებდა, რომ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მათთვის საქართველოში შესასვლელად სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევაც იქნებოდა სავალდებულო.

„რეგულაცია ასევე შეეხება მგზავრებს, რომლებიც ერთი დღით გადიან ხოფა-სარფის სასაზღვრო პუნქტში; შესაბამისად დაზღვევა საჭირო იქნება ბათუმში მოკლევადიანი ვიზიტებისთვისაც კი.“ – წერდა თურქული მედია.

საჭირო იქნება თუ არა თურქეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზიტების დროს დაზღვევის ქონა საქართველოში შემოსვლის დროს? – ამ საკითხს „ბათუმელები“ არკვევს და დაზუსტებულ ინფორმაციას აქვე შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

თურქეთის მოქალაქეებისთვის პასპორტი საკმარისი აღარ იქნება საქართველოში შესასვლელად – მედია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: