მთავარი,სიახლეები

კომპანიებისგან ბინებს სახელმწიფო კონკურსის წესით შეისყიდის – ამისთვის 200 მილიონი დაიხარჯება

26.06.2020 • 1175
კომპანიებისგან ბინებს სახელმწიფო კონკურსის წესით შეისყიდის – ამისთვის 200 მილიონი დაიხარჯება

საქართველოს მთავრობამ, 25 ივნისს, „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ დადგენილება მიიღო, რომელიც დღეიდან, 26 ივნისიდან ამოქმედდა.

პროგრამის მიზანია „ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაცია და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობა – სახელმწიფოს მიერ მენაშენეებთან საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების საშუალებით“, ამ პროგრამით დადგენილი წესითა და პირობებით.

პროგრამის მიხედვით, კონკურსის წესით შერჩეულ უნდა იქნეს ის მენაშენე(ები), რომლებთანაც გაფორმდება საცხოვრებელი ფართ(ებ)ის გაყიდვის ხელშეკრულება.

სახელმწიფოს წარმომადგენლად კი, პროგრამით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განისაზღვრა.

პროგრამის პირობები:

გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო, კონკურსში გამარჯვებული მენაშენისაგან შეთავაზებულ ფასად, გამოისყიდის მის მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლ(ებ)ში არსებულ საცხოვრებელ ფართებს, მაგრამ არაუმეტეს კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის 30%-ისა.

საკონკურსო კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული საკონკურსო ბიუჯეტით. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს რამდენიმეჯერ თუმცა იმ პირობით, რომ ჯამში საკონკურსო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 200 მილიონ ლარს.

შეთავაზებული ფასის ზედა ზღვარის დადგენის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებისათვის ინდივიდუალური, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტისათვის –  საერთო კოეფიციენტი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მენაშენეებს. კომისია, გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებით პირობად მიიჩნევს ყველაზე დაბალ შეთავაზებულ ფასს. კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება ყველაზე დაბალი შეთავაზებული ფასის ავტორი იმდენი მონაწილე (რიგითობის მიხედვით), რამდენი მონაწილის მიერ გაყიდვის ოფციით სარგებლობის შემთხვევაშიც შესასყიდი ბინების საფასური დაიფარება საკონკურსო ბიუჯეტით.

თუ კონკურსში გამარჯვებულმა დაარღვია ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობა, იგი ავტომატურად კარგავს კონკურსში გამარჯვებულის სტატუსს. ამ შემთხვევაში კომისია იმსჯელებს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი კონკურსანტის გამოვლენაზე შემდეგი წესით:

ა) თუ არსებობს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი მხოლოდ ერთი კონკურსანტი, მას ეგზავნება შეტყობინება კონკურსში გამარჯვების თაობაზე და მოწვევა გაყიდვის ოფციის გასაფორმებლად საკონკურსო ბიუჯეტის ფარგლებში;

ბ) თუ არსებობს შემდგომი ყველაზე დაბალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი რამდენიმე კონკურსანტი, მათ მიეცემათ წინადადება ხელახლა წარმოადგინონ საკონკურსო წინადადებები, მათგან ყველაზე დაბალი შეთავაზებული ფასის წარმდგენი კონკურსანტის გამოვლენის მიზნით ამავე პროგრამით განსაზღვრულ ვადებში.

უწყებათაშორისი საკონკურსო კომისია შეიქმნა შემდეგი შემადგენლობით:
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე  − კომისიის თავმჯდომარე;
  • ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე  − კომისიის წევრი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი − კომისიის წევრი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი.
  • ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეთხოვა, რომ მის მიერ განსაზღვრულმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ხმის უფლების მქონე კომისიის წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ხედი /2020 წლის ივნისი / ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: