მთავარი,სიახლეები

ერთი ოჯახის მუზეუმი ბათუმთან ახლოს 

26.06.2020 • 3007
ერთი ოჯახის მუზეუმი ბათუმთან ახლოს 

მუზეუმი „ბორჯღალო“ სხვა მუზეუმებისგან იმით განსხვავდება, რომ ერთი კაცის დაარსებულია და მის ოჯახს ეკუთვნის. ქემალ თურმანიძე წლობით აგროვებდა სოფელ-სოფელ ძველ ნივთებს, სამოსს, სამუშაო იარაღებს და ბოლოს იმდენმა ნივთმა მოიყარა თავი ერთად, რომ მუზეუმის გახსნაც შესაძლებელი გახდა. თავიდან ძველ ბათუმში,  ერთ პატარა სახლში ჰქონდა ყველაფერი გამოფენილი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპოზიციისთვის სივრცე პატარა და მოუხერხებელი იყო, მუზეუმს ვიზიტორები არასდროს აკლდა.

მერე მუზეუმი გაფართოვდა, სხვაგან გადავიდა და იმავე საქმით ქემალ თურმანიძის შვილები – გვანცა და თამთაც დაინტერესდნენ.

გვანცა ფინანსისტია, კრედიტოფიცრად მუშაობდა ბანკში, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი თამთა კი რეპეტიტორი იყო. ორივე მიხვდა, რომ მათი ოჯახის ყველა წევრისთვის წლების განმავლობაში სწორედ მუზეუმი იქცა ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ, რასაც გაძლიერება და განვითარება სჭირდებოდა. ორივემ მიატოვა სამსახური და მთელი ძალისხმევა მამამ და შვილებმა მუზეუმისკენ მიმართეს.

„ჩვენს მუზეუმს არასდროს აკლდა ტურისტები, ახლა კი ცარიელი მუზეუმიდან გესაუბრებით,“ – გვითხრა გვანცა თურმანიძემ. კორონავირუსის პანდემიის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი ღიაა, აქაურობა ცარიელია. „ბორჯღალო“ აქამდე ძირითადად უცხოელ ტურისტებს მასპინძლობდა, მათი შთაბეჭდილებები და შეფასებები კარგად ჩანს tripadvisor-ზეც.

მუზეუმი ბათუმიდან 10 წუთის სავალზეა, ხელვაჩაურისკენ.

უცხოელი ტურისტები მუზეუმში „ბორჯღალო”

აქ ვიზიტორები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და ყოფა-ცხოვრების დეტალებს ეცნობიან. საუკუნის წინანდელი ცხოვრება 62 მანეკენითაა გაცოცხლებული.

მუზეუმი 3000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული, აქვს თავისი ინფრასტრუქტურა, გამწვანება, სავალი ბილიკები, აქვეა 11 მეტრი სიმაღლის ხელოვნური ჩანჩქერი, ღია და დახურული სივრცეები, არაორდინალურ მუზეუმში ტურისტები ისვენებენ, ფოტოებს იღებენ და მწვანე ეზოში ატარებენ დროს.

ტურისტები თურმანიძეების მუზეუმში

ქემალ თურმანიძემ საქართველოში გავრცელებული საქმიანობების ნუსხა შეადგინა და ყველა პროფესიის მანეკენი შექმნა საკუთარი ხელსაწყოებით, დამახასიათებელი სამოსით, გარემოთი და სივრცით. აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორი იყო აჭარელი მეთამბაქოეების, დურგლების, თერძების, მეთუნუქეების, მჭედლებისა და სხვათა სამუშაო გარემო და სივრცე.

აქვეა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, ასევე ბათუმში მოქმედ სალოცავთა მაკეტები: მეჩეთის, საკათედრო ტაძრის, კათოლიკური და სომხური ეკლესიების მაკეტები, დაათვალიერებთ, როგორც ცხოვრობდნენ შეძლებული, ღარიბი და საშუალო შეძლების ოჯახები საუკუნეების წინ საქართველოში.

ქემალ თურმანიძე ხეზე კვეთის ოსტატია, ყველა მაკეტი და ნაგებობა მუზეუმში მისი დამზადებულია.

„ბაბუაც დურგალი იყო და მამასაც გამოჰყვა ხეზე კვეთის სიყვარული. ბავშვობიდან არჩევდა სხვადასხვა ხეს ერთმანეთისგან, იცოდა რა რისთვის გამოდგებოდა. „ბორჯღალო“ არატრადიციული, ინტერაქტიული მუზეუმია, ტურში შედის მამას ხეზე კვეთის სახელოსნოს მონახულებაც, მუზეუმის ეზოშივეა. აქ მამა დღედაღამ მუშაობს ახალ ექსპონატებზე, ტურისტები ინტერესდებიან როგორ შექმნა მან მუზეუმი, რომელი ნივთი სად შეიძინა, როგორ აწყობს მაკეტებს და ა.შ.

ყველაზე ძველი ექსპონატი ჩვენთან ძველებური ხალიჩაა, რომელზეც მოქსოვის თარიღი ამოუქარგავთ – 1812 წელი. ერთხელ მუზეუმის ექსპონატების შესყიდვაც შემოგვთავაზეს, მაგრამ რომ დავფიქრდით, ამის შექმნაში მთელი ჩვენი დანაზოგი, მამას ცხოვრების დიდი ნაწილი და დროა ჩადებული, არ გავყიდეთ. მამა დღემდე მთელი დღე მუშაობს ხეზე, ღამით კი ფიქრობს მეორე დღეს რა გააკეთოს და იდეებს ამუშავებს, ამ საქმეში მთელი მისი ცხოვრებაა ჩადებული. არც სპონსორი გვყოლია, გრანტიც არ გვქონია, ისე გავაკეთეთ მუზეუმი, ამხელა ტერიტორია 4 წლის განმავლობაში გავმართეთ. იმ სახით, რაც ახლა გვაქვს, მუზეუმი 2016 წლიდან ფუნქციონირებს,“ – ამბობს გვანცა.

ქემალ თურმანიძე

მას შემდეგ, რაც ბანკში მუშაობას დაანება თავი, გვანცამ მუზეუმის გიდობა დაიწყო, ინგლისურად უძღვებოდა ექსკურსიებს, მოგვიანებით ფინანსები და ბუღალტერია ჩაიბარა, გიდებად სხვები დაასაქმა მუზეუმში. მისი და, თამთა კი, მუზეუმის რეკლამირებას ეწევა უცხოურ ტურისტულ სააგენტოებთან.

„ბორჯღალოს“ განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ჰყავდა პანდემიამდე ისრაელიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, ესტონეთიდან, არაბული ქვეყნებიდან – გვანცას თქმით, ენის ბარიერის მქონე ტურისტებიც კი იგებენ მუზეუმში ყველაფერს, იმდენად ნათლად და თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი ყველაფერი.

„ბორჯღალოში“ აქვთ სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ტურებიც, რომელსაც კითხვა-პასუხის რეჟიმით და თამაშის მეთოდით წარმართავენ.

„ერთია გააკეთო მუზეუმი და სულ სხვა საქმეა, ისწავლო ვის როგორ მიაწოდო ინფორმაცია და წარუდგინო რაც გაქვს. ხშირად ჩვენგან წასული კმაყოფილი ტურისტები გვიგზავნიან სხვა ტურისტებს და ეს მიგვანიშნებს, რომ სწორად ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ,“ – ამბობს გვანცა.

გვანცა და თამთა თურმანიძეები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: