მთავარი,სიახლეები

მიმტანები, ბარმენები – ვინც კვირაში 80 საათს მუშაობდა, მაგრამ კომპენსაცია ვერ მიიღო

26.06.2020 • 1407
მიმტანები, ბარმენები – ვინც კვირაში 80 საათს მუშაობდა, მაგრამ კომპენსაცია ვერ მიიღო

„ვმუშაობდი, პანდემიის დროს უმუშევარი დავრჩი, მაგრამ მთავრობისგან დაპირებული კომპენსაცია ვერ მივიღე,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ადამიანებმა, რომლებიც მომსახურების სფეროში მუშაობენ. მათი ისტორიები თითქმის იდენტურია – წლების განმავლობაში სხვადასხვა რესტორანში მუშაობენ, კონტრაქტს ზოგჯერ უფორმებენ, ზოგჯერ არა. მათ პანდემიის დაწყებამდე ხელშეკრულებები არ გაუფორმეს, რადგან დამსაქმებელი გადასახადებს მალავს. ისინი არც ახლა ითხოვენ კონტრაქტს, როცა კაფე-ბარები გაიხსნა, რადგან საერთოდ უმუშევრად დარჩენა აშინებთ. ამ მიზეზით მათ არც ვინაობის გამხელა სურთ.

„შრომითი კოდექსი ჩვენთვის არ არსებობს. ერთხელ კონტრაქტში მეწერა, რომ კვირაში 40 საათი უნდა მემუშავა და 80 საათს მამუშავებდნენ,“ – გვითხრა ერთ-ერთმა ბარმენმა, რომელიც ბათუმში მუშაობს.

ადამიანები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და წესით თვეში 200 ლარი უნდა მიეღოთ 6 თვის განმავლობაში კომპენსაციის სახით, ეს პრემიერმა გახარიამ 24 აპრილს დააანონსა. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე მიიღებდა კომპენსაციას, ვინც პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა. EMC-ის მონაცემებით, 24 ივნისის მდგომარეობით, კომპენსაცია მხოლოდ 70 ათასზე მეტმა დაქირავებით დასაქმებულმა მიიღო და 50 ათასზე მეტმა თვითდასაქმებულმა. „სავარაუდოა, რომ ეს მონაცემები, განსაკუთრებით თვითდასაქმებულებისა და დაქირავებულების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ჩამორჩება დახმარების საჭიროების მქონე ადამიანთა რაოდენობას,“ – განაცხადეს EMC-ში.

როცა უმუშევრად დავრჩი, ცოლი ფეხმძიმედ იყო, ნაქირავებში ვცხოვრობდით…“

„ბარში ვმუშაობდი ჩვეულებრივად. 18 მარტს მითხრეს ვიკეტებითო… მერე ითქვა, კომპენსაციები იქნებაო. დავრეკე ჩემს სამსახურში და მითხრეს, გავარკვევთო. ველოდი, რადგან ფული ძალიან მჭირდებოდა. ერთ კვირაში დამირეკეს და მითხრეს, არ ყოფილხარ გაფორმებული, არ მოგიწევს კომპენსაციაო,“ – გვიყვება ირაკლი [სტატიაში სახელები შეცვლილია]. ის ბათუმელია და გასული წლის სექტემბრიდან თბილისში ერთ-ერთ კაფეში ბარმენად მუშაობდა.

ირაკლი ცოლთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, როცა პანდემია გამოცხადდა. ამბობს, რომ გასულ თვეებში ძალიან უჭირდა და ახლაც უმუშევარია.

„ჩემი ცოლიც არ მუშაობდა, დედაჩემს ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა და ისიც უმუშევარი დარჩა, ვერც მან მიიღო კომპენსაცია… აქამდე არასდროს მიკითხავს დამსაქმებლისთვის, რატომ არ მიფორმებდა კონტრაქტს. ძირითადად ასე იყო: თუ თავისით მიფორმებდნენ, მიფორმებდნენ, მე არასდროს ვითხოვდი. 9 წელია ბარმენად ვმუშაობ სხვადასხვა ბარში,“ – გვიყვება ის.

ირაკლის თქმით, მის მდგომარეობაში სხვაც ბევრია, რადგან მომსახურების სფეროში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს უფორმებენ ხელშეკრულებას, სხვებთან კი, მხოლოდ ზეპირი შეთანხმება არსებობს.

„გადასახადები იმალება ასე. შესაბამისად, კომპენსაციას არავინ მოგვცემდა… ახლაც უმუშევარი ვარ. იმ ბარიდან, სადაც ბოლოს ვმუშაობდი, დამირეკეს და მითხრეს, შეგიძლია, მოხვიდეო, მაგრამ აღარ მივედი. აღარ მინდა ასე. ისეთი სამსახური მინდა, სადაც გაფორმებული ვიქნები,“ – ასრულებს ირაკლი.

იჩივლებ სასამართლოში და მერე საერთოდ უმუშევარი დარჩები“

„იცით, როგორ არის? – ვერ მოსთხოვ დამსაქმებელს ასე კატეგორიულად – ხელშეკრულება გამიფორმეო… ეგ კი არა, ერთხელ, წინა წლებში მქონდა კონტრაქტი 6 თვით, იქ ეწერა, რომ კვირაში 40 საათი უნდა მემუშავა და ზოგჯერ 80 საათს მამუშავებდნენ… არც ზეგანაკვეთური მოუცია ვინმეს. უბრალოდ, იცი, რომ თუ არ მოგწონს ეს პირობები, უნდა წამოხვიდე, სხვაგანაც იგივე მდგომარეობაა… მეც ბარმენი ვარ, ბათუმში ვმუშაობ.

არ გამიგია, რომ ჩემს ირგვლივ ვინმე კომპენსაცია მიეღოს, არადა ძალიან ბევრს ვიცნობ. პანდემიის დროს ყველა უმუშევარი დავრჩით და იმედი გვქონდა, ამ 200 ლარს მაინც მივიღებდით. პანდემიის დროს ჩვენთან სამზარეულო არ გაჩერებულა და რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, მაგრამ არც მანამდე და არც პანდემიის დროს არავის არაფერი შეუმოწმებია.

მე სულ ეგ მიკვირს – როცა ამბობენ, რომ არსებობს შრომის კოდექსი, კანონები, ვინმეს როგორ არ უჩნდება სურვილი, ეს ყველაფერი გააკონტროლოს? თუ ეს ადამიანები გადასახადებს მალავენ, რატომ არ აინტერესებს ეს სახელმწიფოს?

შრომის კოდექსი არ არსებობს ჩვენთვის, საქართველოსთვის… სასამართლოში შეიძლება მოიგო დავა, მაგრამ მეორედ ვეღარ იმუშავებ საერთოდ. გაგაშავებენ და ვის უნდა ასეთი ბარმენი, თავის რესტორანს რომ სასამართლოში უჩივლებს და მერე დავას მოუგებს კიდეც?

ახლა არაფერი ხდება. ახლა პირობები უარესდება. არ ვიცით, რა გველოდება, იქნებიან თუ არა ტურისტები, არჩევანის საშუალება ახლა კიდევ უფრო ნაკლებია, ვერსად წახვალ. ადრეც არავინ იღებდა ხმას და ახლა…“

„პანდემიის დაწყებამდე და ახლაც მპასუხობენ, პროცესშია კონტრაქტების გაფორმებაო“ 

„პანდემიის დაწყებამდე გვეუბნებოდნენ, რომ პროცესშია კონტრაქტების გაფორმება… მერე ორი თვე უმუშევარი დავრჩი. ახლა ისევ დავბრუნდი, მაგრამ არაა კონტარქტები, მზადდებაო,“ – ამას საბა ამბობს. იგი ბათუმში ერთ-ერთ კაფეში მიმტანად მუშაობს.

საბას თქმით, კომპანიაში, სადაც ის ახლა მუშაობს, წლის დასაწყისში შეიცვალა მფლობელი. კომპანიას თანამშრომლებისთვის ხელშეკრულებები არ გაუფორმებიათ. საბას თქმით, წინა დამსაქმებელთან მას ხელშეკრულება ჰქონდა.

„პრემიერმა როცა განცხადება გააკეთა კომპენსაციებზე, თავიდან მქონდა იმედი, რომ მივიღებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არაფერი გამოვა – ხელშეკრულებები არ გვქონდა, გადასახადებს არ იხდიდნენ… მე არ გამიგია ვინმეს ჩვენთან კომპენსაცია მიეღოს, ჩვენთან დაახლოებით 15 ადამიანი მუშაობს. არც სხვაგან გამიგია, ამ სფეროში ვინმეს ესარგებლა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარებით,“ – გვითხრა საბამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: