მთავარი,სიახლეები

„ჩაი მოვკრიფეთ, მაგრამ აგვისტოში ისევ ქართველებს ველოდებით“ – დამსაქმებელი თურქეთიდან

14.06.2020 • 3380
„ჩაი მოვკრიფეთ, მაგრამ აგვისტოში ისევ ქართველებს ველოდებით“ – დამსაქმებელი თურქეთიდან

„მე დღეს უკვე ვამთავრებ ჩაის კრეფას, მაგრამ არ ვიცი, ეს რა იყო, უხარისხოდ იმუშავეს. მოსაკრეფი აქვს კიდე ბევრს. მეორე სეზონზე ქართველებს ვუცდით ისევ… მე თითქმის ყველა დღე ველაპარაკები იმ ბიჭებს, გურჯებს, ვინც ჩემთან მუშაობდა,“ – გვიყვება ერჰან ქოსიოღლუ, იგი თურქეთში, სოფელ დემირისარიში ცხოვრობს. „ბათუმელები“ მას ფეისბუქში ესაუბრა.

ერჰან ქოსიოღლუ იმერხევული ქართულით გვიყვება, რომ საქართველო-თურქეთის საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ მუშახელის მოძიება გაჭირდა და ჩაის კრეფის დაწყება დაგვიანდა. ქართველი მუშახელი ჩაანაცვლეს სენეგალიდან, ავღანეთიდან და უზბეკეთიდან ჩასულმა მიგრანტებმა. ამაზე თურქული მედია Hurriyetdaily წერდა.

„მე ხშირად ვრეკავდი საკონსულოში, მაინტერესებდა, როდის გაიხსნება სარფის საზღვარი. ვერ მეუბნებოდნენ პასუხს… ახლა მითხრეს, მეორე სეზონზე არ იქნება პრობლემა, მოვლენო. მეორე სეზონი იქნება ივლისი-აგვისტო… ახლა აფრიკელები კრეფავენ ჩემს სოფელში, ისინი სტამბულში იყვნენ პანდემიამდე და აქ ჩამოვიდნენ სამუშაოდ. ჩაის კრეფენ ასევე დიარბექირიდან ჩამოსული ქურთები, ტრაბზონს იქით მცხოვრები თურქებიც, მაგრამ არ იციან კრეფა, სუფთა მოკრეფა უნდა ჩაის,“ – ამბობს ერჰან ქოსიოღლუ „ბათუმელებთან“.

ერჰანის თქმით, თურქეთში ჩაის პლანტაციების ნახევარი ჯერ კიდევ მოსაკრეფია. თურქ დამსაქმებელს ვკითხეთ მუშახელის საფასურზეც.

„ტონა ჩაიზე ვიხდით 1000 – 1100 ლირას, ეს უფრო ძვირია, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ მითხრეს, თუ გინდა ასეა, თუ არადა, წავედითო…“,  აღნიშნა ერჰან ქოსიოღლუმ.

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიხსნება საქართველო-თურქეთის საზღვარი. საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადების მიხედვით, თურქეთმა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო საზღვარი გახსნა ყველა ქვეყანასთან, გარდა ირანისა, თუმცა ამ რეგულაციების გაუქმება ჯერ არ შეხებია საქართველოში შემოსვლისა და გასვლის  მსურველებს.

საქართველო თურქეთის საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ ასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც სეზონურად თურქეთში ჩაის კრეფენ. მათი რაოდენობა არავის დაუთვლია. არც კომპენსაცია მიუცია მათთვის ვინმეს, რადგან მათი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს.

მთავარი ფოტო: ჩაის კრეფა თურქეთში, 14 ივნისი, ერჰან ქოსიოღლუს ფოტო

ჩაის მკრეფავები წინასწარ დარდობენ ზამთარს – „ჩვენი დახმარება არავის უხსენებია“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: