მთავარი,სიახლეები

უცხოეთში მცხოვრებთა დასახმარებლად, კონსულტაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრო $30 ათასს გადაიხდის

14.06.2020 • 1624
უცხოეთში მცხოვრებთა დასახმარებლად, კონსულტაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრო $30 ათასს გადაიხდის

კორონავირუსის პანდემიის გამო, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის დახმარების და მათთვის გაწეული სერვისების ეფექტიანობის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 30 ათას აშშ დოლარს გადაუხდის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას – JPM Strategic Solutions LLC.

სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა. ამ თანხით სამინისტრო, როგორც განაცხადშია აღნიშნული, „მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე უცხო ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის დახმარების და მათთვის გაწეული სერვისების ეფექტიანობის, ამ მიმართულებით უკვე არსებული მიდგომების გაუმჯობესების და დამატებითი სერვისების/მომსახურების საჭიროების განსაზღვრისთვის, ასევე პანდემიის დროს, უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოყენებული პრეცედენტული მიდგომების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციონირების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებებს“ შეისყიდის.

საკონსულტაციო კომპანიის მომსახურება, გულისხმობს შემდეგს: „JPM Strategic Solutions LLC-ის მიერ COVID-19 პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მომსახურების/დახმარების მიმღებთა გამოკითხვას და მათი უკუკავშირის მიღების მიზნით შესაბამისი კვლევის წარმოებას – მათ შორის, კვლევის „ტოპ-ლაინების“, ცხრილების, Powerpoint პრეზენტაციების, მოქალაქეებთან კომუნიკაციის გეგმის და კომუნიკაციის ელემენტების შედგენას, რაც ასევე მოიცავს, კვლევის თემების/თეზისების შედგენას, ასევე მსოფლიოში, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების მოპყრობის კუთხით ცალკეული სახელმწიფოების მიდგომების ანალიზს, აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეთა დამოკიდებულების გაზომვას, შედარებით ანალიზს და შესაბამისი კვლევითი კონტენტის მომზადებას.“

კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებების გასაწევად განსაზღვრულია – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 თვე.

„უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების უდიდესი ნაწილი მოულოდნელი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩდა. მათ შეეზღუდათ გადაადგილების შესაძლებლობა, ვერ ბრუნდებიან სამშობლოში, დროებით დაკარგეს სამუშაო ადგილები, უკიდურესად შეეზღუდათ საარსებო წყარო და წვდომა სამედიცინო მომსახურებასთან…

სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე გადაერთნენ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. გამოიკვეთა ორი ძირითადი მიზანი: 1) მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე (საზღვარგარეთ); 2) მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.

უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების საჭიროებებზე ეფექტიანი და ოპერატიული რეაგირების, ასევე მათთვის მყისიერი დახმარების აღმოჩენის პროცესში სამინისტროს, ხშირ შემთხვევაში, მოუწია ისეთი გადაწყვეტილებების და მიდგომების გამოყენება, რომლებიც გამომდინარეობდა მსოფლიოში შექმნილი არაორდინალური ვითარებიდან და დღემდე საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობდა.

იმ მიზნით, რომ განისაზღვროს სამინისტროს მიერ საგანგებო ვითარების ფონზე მოქალაქეთა დახმარების და მათთვის გაწეული სერვისების ეფექტიანობა, ასევე მოხდეს ამ მიმართულებით უკვე არსებული მიდგომების გაუმჯობესება და დამატებითი სერვისების/მომსახურების საჭიროების განსაზღვრა, მიზანშეწონილია აღნიშნული მომსახურების/დახმარების მიმღებთა მხრიდან უკუკავშირის სისტემური მიღება და შესწავლა, რაც სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს განახორციელოს პროცესის ეფექტიანობის დიაგნოსტიკა მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. ამასთან, სამომავლოდ, ზოგადი და ინდივიდუალური კრიზისული ვითარების დროს, შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც დამკვიდრებული პრაქტიკა“ – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: