მთავარი,სიახლეები

„8 წელი „ოცნებას” ვემსახურე და 12 სართული დამაშენეს თავზე“ – აქცია გონიოში

13.06.2020
„8 წელი „ოცნებას” ვემსახურე და 12 სართული დამაშენეს თავზე“ – აქცია გონიოში

„აქამდე სულ ჩუმად ვიყავი და ახლა ყველაფერი უნდა მოგიყვეთ – მერია შეშლილია ჭკვაზე,“ – ამბობს გონიოში, ანდრია პირველწოდებულის 37-ში მცხოვრები რამაზ გოგიტიძე. მისი ოჯახი ორსართულიან, კერძო სახლში ცხოვრობს, გვერდით კი, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს „ევრო პალასი“ აშენებს. რამაზმა დღეს, 13 ივნისს ახლობლები და ნათესავები შეკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა.

სახლს და კორპუსს შორის სივრცეში, რაც სტატიის მთავარ ფოტოზე მოსჩანს, ბათუმის მერიამ ორსართულიანი პარკინგის ასაშენებლად  ნებართვა გასცა

„8 წელი „ქართულ ოცნებას“ ვემსახურე და 12 სართული დამაშენეს თავზე… ახლა დაშორება არის 10 მეტრი. ორი კვირის წინ დარჩენილი ტერიტორიაც მოასწორა ტრაქტორმა, ამ ტერიტორიის ნაწილზე ორსართულიანი ავტოპარკინგი უნდა მოეწყოსო, ნახევარი მეტრი რჩება დაშორება ჩემ სახლსა და პარკინგს შორის, ხელი რომ გადმოყოს მანქანიდან, ნებისმიერი ბანდიტი შემოვა ჩემს სახლში… დევიწყე კივილი, მაგრამ მერიაში ვინ უნდა გიპასუხოს? თვითონ გასცენ ნებართვა და რას გეტყვიან,“ – გვიყვება რამაზ გოგიტიძე.

დღევანდელი საპროტესტო აქციის შემდეგ, გონიოში მიმდინარე მშენებლობა ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. „მშენებლობა ნებართვის შესაბამისად მიმდინარეობს“, – გვითხრეს ამ უწყების პრესცენტრში.

რატომ გასცა მსგავსი ნებართვა ბათუმის მერიამ – კითხვის დასმა ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურისთვის გვინდოდა, თუმცა მერიის პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხეს.

რამაზ გოგიტიძის თქმით, ის იმ ადამიანების ჩამონათვალშია, რომლებსაც 2008 წელს მიწა გონიოში საზეიმოდ გადასცეს, 2010 წელს – ჩამოართვეს.

„მას მერე ავთანდილ ბერიძე აფრიალებდა ჩემს საბუთებს და მეც „ოცნებას“ ვემსახურე. მონა ვიყავი, მონა, ყველაფერს ვაკეთებდი არჩევნებზე, აქტივისტი ვიყავ… მიწა კი დამიმტკიცეს, მაგრამ რათ გინდა?“ – კითხულობს მოქალაქე რამაზ გოგიტიძე.

რამაზ გოგიტიძის საცხოვრებელი სახლი და მშენებარე კორპუსი, გონიო, ბათუმი.

მთავარი ფოტო: მერიამ ორსართულიან პარკინგის აშენების ნებართვა  რამაზ გოგიტიძის სახლსა და კორპუსს შორის დარჩენილ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე გასცა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: