მთავარი,სიახლეები

ქართველი რეჟისორის ფილმს კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ

04.06.2020 • 2678
ქართველი რეჟისორის ფილმს კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია და ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიან ფილმს – „დასაწყისი“ კინოფესტივალის მთავარ სექციაში აჩვენებენ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

კინოცენტრის ცნობით, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე მესამედ მოხვდა. 2014 წელს რეჟისორის პირველი ფილმი „უხილავი სივრცეები”  მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარდგენილი, მეორე ნამუშავარი „ლეთა” კი – „რეჟისორთა ორკვირეულის” სექციაში.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი იეჰოვას მოწმეთა შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ, რაც იგი საკუთარი სურვილების გაანალიზებას იწყებს.

წელს კანის კინოფესტივალი  პანდემიის გამო ტრადიციული ფორმით არ ჩატარდება და არც ერთი სექცია არ იქნება საკონკურსო. ოფიციალურ სექციებში მოხვედრილი ფილმები ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე იქნება ნაჩვენები.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და რატი ონელი ასრულებენ. სცენარის ავტორები არიან დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს.

_________________

ფოტოზე: კადრი დეა კულუმბეგაშვილის ფილმიდან ,,დასაწყისი”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: