კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ამ სახლში მონანიება გადაიღეს, ის გულგრილობას ეწირება – წერილი პროკურატურას

03.06.2020 • 5531
ამ სახლში მონანიება გადაიღეს, ის გულგრილობას ეწირება – წერილი პროკურატურას

„140 წლის იტალიური სახლი, რომელიც ბაროკოს სტილშია ნაშენები, რატომ უნდა შეეწიროს პასუხისმგებელი უწყებების გულგრილობას. ფილმი მონანიება ამ სახლში გადაიღეს და სცენარში ძეგლების დაცვაზეა ლაპარაკი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბევრს არ ესმის“, – ასე სრულდება წერილი, რომლითაც ბათუმში, ფარნავაზ მეფის #51-ში მცხოვრებლებმა პროკურატურას დღეს, 3 ივნისს  მიმართეს.

ამ მისამართზე, ბათუმისთვის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ორსართულიანი სახლი მდებარეობს, რომელსაც აქვს როგორც არქიტექტურული, ასევე ისტორიული ღირებულება.

სადაბაზოს მოხატული ჭერი

როგორც აქ მაცხოვრებლები ამბობენ თავდაპირველად, ანუ 2010 წელს, ძეგლში მცხოვრებთა პროტესტის მიუხედავად, ისტორიულ სახლის გვერდით, ჯერ 6-სართულიანი მაღლივი კორპუსი ისე ააშენეს, რომ მათ შორის დაშორება მხოლოდ 3 სანტიმეტრია [შუაში პენოპლასტია გამოყენებული], შემდეგ კი კიდევ ერთი სართული დაამატეს. 2020 წლის თებერვალში კი ამავე კორპუსზე სამშენებლო სამუშაოები ისევ განახლდა.

„მშენებლობის დროს დაიბზარა ძეგლის კედლები, ფასადის ერთი მხარე მუდმივად სველდებოდა,  დაცურდა და დაზიანდა კრამიტი“, – ამბობს აქ მცხოვრები ნატალია აროშიძე.

ძეგლის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში აქ მაცხოვრებლები მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებებს – ბათუმის მერიას, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ადანაშაულებენ. მოქალაქეებმა ყველა მათგანს არაერთგზის, წერილობით და ზეპირსიტყვიერადაც შეატყობინეს, რომ კორპუსი მშენებლობის გამო ძეგლი ზიანდება.

მშენებლობა ძეგლის ინტერესების უგულებელყოფით მაინც გრძელდება.

მიმდინარე მშენებლობა

„ჯერ ექვსი სართული უნდა ყოფილიყო, ახლა მერვეს აშენებენ. არ ვიცით გაჩერდებიან თუ არა ოდესმე, ან რას აკეთებენ ზემოთ. პროექტში ვნახეთ, რომ დახვეული კიბე ადის სახურავზე, რომელსაც ჩვენი სახლის მხარეს მოაჯირს უკეთებენ. გვაინტერესებს, რას უნდა გადმოხედონ? – თუ ასე იქნება, გამოდის, რომ ჩვენს ფანჯრებში უნდა შემოგვიხედონ?“ – ამბობს თემურ მოისწრაფიშვილი.

აქ მაცხოვრებლები ამბობენ იმასაც, რომ მშენებელმა საკადასტრო საზღვრებიც დაარღვია.

თემურ მოისწრაფიშვიილი და ნატალია აროშიძე- ფარნავაზ მეფის#51-ში მაცხოვრებლები

მშენებლობა ძეგლის გვერდით, ფარნავაზ მეფის #53-ში ათი წელია უკვე მესამედ წამოიწყეს: 2010 წელს 6-სართულიან კორპუსის მშენებლობით დაიწყო, 2014 წელს ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვს მასზე ერთი სართულის დაშენების უფლება გასცა. 2020 წლის თებერვალში კი მშენებელმა სამუშაოების გაგრძელების უფლება ლაშა კომახიძისგან ისე მიიღო, რომ ეს ცვლილება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სააგენტოსთვის არ შეუთანხმებიათ.

მერიაში გვითხრეს, რომ მშენებელს სახლის სახურავზე ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ მხოლოდ ე.წ. საჩრდილობლის მოწყობის ნებართვა მისცა და პროექტი ღიობის მოწყობას არ ითვალისწინებს.  მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მშენებლობა შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს და დარღვევები არ ფიქსირდება. დღეს ან ხვალ მშენებლობის  შემოწმებას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს [კმდს] მონიტორინგის ჯგუფიც გეგმავს.

სახლი, რომლის არქიტექტურული იერ-სახე ახალაშენებულმა კორპუსმა დიდწილად დაჩრდილა, 140 წლისაა. აქ შემორჩენილია უნიკალური ბუხარი, 140 წლის წინანდელი კაფელი, სახელურები, მოხატული ჭერი, საუცხოო კიბე და მოაჯირები.

სადარბაზოში შენარჩუნებულია ძველი მოხატულობა და იატაკი

აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არამხოლოდ მათთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მოთხოვნაა, რომ ძეგლს იერ-სახე შეუნარჩუნდეს და ასევე სურთ გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რადგან არ გამორიცხავენ, რომ გაუთავებელმა მშენებლობამ შესაძლოა საძირკველიც დააზიანა.

ეს ძველი კარის სახელურია, რომელიც ამ სახლის ისტორიის ნაწილია. კიდევ ერთი ასეთი სახელური, როგორც ნატალია აროშიძემ გვიამბო, სახლის სადაბაზოს მთავარ კარზე მოიპარეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: