მთავარი,სიახლეები

გახარია ტურიზმის გახსნაზე: უნდა გვქონდეს უკან გადახვევის შესაძლებლობა

11.05.2020
გახარია ტურიზმის გახსნაზე: უნდა გვქონდეს უკან გადახვევის შესაძლებლობა

დღეს, 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერმა მოკლედ მიმოიხილა მთავრობის მიერ ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები და ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმში „ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა“.

„ჩვენ, ასე თუ ისე, შედარებით, ვირუსს ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ გავუმკლავდით და გავიმარჯვეთ, ამის ილუზია არავის არ უნდა გვქონდეს და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი მინიმუმ წლის ბოლომდე იქნება ჩვენთან, მაგრამ არ უნდა გავაჩეროთ ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრება,“ – განაცხადა გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს კონკრეტულ წესებზე, თუ როგორ, რა პირობებშია შესაძლებელი ტურიზმის გახსნა.

„რამდენიმე კრიტიკული წერტილია. ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო, შემდგომ – ტრანსპორტი და შემდგომ – სასტუმრო. ყველა ამ ადგილებში კოვიდის უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველომ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ახალი ნიშა უნდა დაიკავოს:

„ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი, პოზიციონირებდეს საერთაშორისო ბაზარზე, როგორც არა მხოლოდ ზღვის, მთის, ისტორიული, კულტურის, სამზარეულოს ქვეყანა ტურისტებისთვის, არამედ – უსაფრთხო ქვეყანა.

ყველაფერი, რაც აქამდე გვქონდა გაკეთებული, რაშიც გვქონდა დახარჯული დრო, რესურსი, ძალა, ყველაფერი ჩადებული, ამას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ყველაფერთან ერთად, იმით, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, არის არგონავტების სამშობლო, რომ მედეა ამ სანაპიროზე… აქედან წაიყვანეს, სადაც წაიყვანეს, საბერძნეთში, ამას ყველაფერს ემატება ის, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და არის ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხო. კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს ამას.

ამას რომ მივაღწიოთ, მხოლოდ ამის დეკლარირება საკმარისი არ არის, გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები, არ უნდა ვიჩქაროთ, უბრალოდ არ უნდა ვიჩქაროთ, იმიტომ, რომ ჩვენი გახსნის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის უკან გადახვევის შესაძლებლობა. ყოველთვის უნდა შეგვეძლოს, როგორც კი ვხედავთ, რომ რაღაც პრობლემები იქმნება, უნდა გადავახვიოთ უკან.

ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ, ტაქტიკამ და ეფექტურობამ, სულ მალე, დაახლოებით სადღაც აგვისტოსთვის, საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას უმკლავდება ეფექტურად,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: