მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბიუჯეტს მილიონები დააკლდება – ქონების გადასახადი

09.05.2020 • 1462
ბათუმის ბიუჯეტს მილიონები დააკლდება – ქონების გადასახადი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის სექტორი 2020 წლის ბოლომდე ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება, საშემოსავლო გადასახადი კი გადაუვადდება – ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ტურიზმის გახსნის გეგმის წარდგენისას განაცხადა.

სპეციალისტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად დააწვება თვითმმართველობებს, ამიტომაც რეგიონებს ამ დანაკლისის შევსება ცენტრალური ბიუჯეტიდან დასჭირდებათ. ეს, თავის მხრივ, კიდევ დამტებით კრიზისს შექმნის ქვეყანაში.

გასულ წელს ქონების გადასახადის სახით ბათუმის ბიუჯეტში 30 მილიონამდე ლარი აისახა, აქედან 25 მილიონი შეადგინა საწარმოთა ქონების გადასახადმა, რაც მეტწილად ტურიზმის სექტორს მოიცავდა.

2 მილიონი ლარი შეადგინა ფიზიკურ პირთა გადასახადმა, ტურიზმის სექტორის წილი ამ თანხაშიც შეგვიძლია მოვიაზროთ. თითქმის ორი მილიონი ლარი კი მიწის გადასახადიდან შევიდა ბიუჯეტში.

ქონების გადასახადის 2019 წლის მაჩვენებელი, 2018 წლის შესრულების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2 მილიონ 888 ათასი ლარით, ანუ 10.7 %-ით იყო გაზრდილი. 2020 წლის ბოლოს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქონების გადასახადის სახით ბიუჯეტში შესული თანხა შესაძლოა განახევრდეს.

ბათუმის ბიუჯეტს დააკლდება ასევე მსხვილი შემოსავლები კაზინოებიდან. ამ ბიზნესიდან, 2019 წელს, ბათუმის ბიუჯეტში 30 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში კი 10 მილიონ ლარზე მეტი. შესაბამისად, პანდემიიდან გამომდინარე გაჩერებული კაზინოებიდან ბიუჯეტი ამ თანხებს ვეღარ მიიღებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: