მთავარი,სიახლეები

რუსეთის მოქალაქემ კორპუსს უკანონოდ სართული დააშენა ბათუმის ცენტრში

08.05.2020
რუსეთის მოქალაქემ კორპუსს უკანონოდ სართული დააშენა ბათუმის ცენტრში

ბათუმში, ლუკა ასათიანის #13-ში, დასრულებულ რვასართულიან კორპუსზე კიდევ ერთ სართულს აშენებენ, რომელსაც შუშით ფუთავენ. ამ სართულის დამატებაზე მერიას ნებართვა არ აქვს გაცემული. ბათუმის ცენტრში სართულს უკანონოდ შპს „გლობალმშენი“ აშენებს. ამ კომპანიის 100-ვე პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა.

ბათუმის მერისთვის, ლაშა კომახიძისთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ მოხდა, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობიდან 200 მეტრის დაშორებით, უკანონოდ აშენებენ ? – მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ლაშა კომახიძეს sms შეტყობინება გავუგზავნეთ და ვკითხეთ:

  • რატომ ხდება, რომ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, მერიასთან ახლოს, რუსეთის მოქალაქე ახერხებს დასრულებულ სართულზე კიდევ ერთი სართულის მოწყობას მაშინ, როცა ამ მიმართულების კონტროლისთვის ახალი ა (ა) იპი შექმენით და სპეციალისტებიც დაუმატეთ, როგორ ხდება, რომ მერია უკანონო სამშენებლო პროცესის კონტროლს ვერ ახერხებს?
  • ხომ არ უკავშირდება ეს თქვენი თანამშრომლების კორუფციულ გარიგებებს?

თუ ლაშა კომახიძე პასუხს გასცემს ამ კითხვებს, აქვე გამოვაქვეყნებთ.

საქმე იმაშია, რომ უკანონოდ მერიის ადმინისტრაციული შენობიდან ზუსტად ერთ კვარტალში აშენებენ. მერიის შენობა ლუკა ასათიანი ქუჩის #25-ში მდებარეობს, მშენებლობა კი ამავე ქუჩის #13-ში მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა უნებართვო მშენებლობა ამ დრომდე ვერ აღკვეთეს.

როგორც ფოტოზე ჩანს, კომპანიას უკანონო კონსტრუქცია უკვე დასრულებული აქვს, თითქმის დასრულებულია შუშით შეფუთვის სამუშაოებიც. გამომდინარე იქედან, რომ ნებართვა არ გაუციათ, მერიაში არც ის იციან, რა ფუნქციური დატვირთვა ექნება ამ ფართობს.

ბათუმში საზედამხედველო საქმიანობას, განსაკუთრებით სამშენებლო მიმართულებით, მერია ამ დრომდეც ვერ ახორციელებდა ეფექტურად.

სწორედ ამ პრობლემის გამოსასწორებლად, ანუ „ეფექტური მუშაობისთვის“, ლაშა კომახიძემ ახალი ა(ა)იპი – მუნიციპალური ინსპექცია შექმნა. მეტიც, ეფექტურობისთვის სპეციალისტებიც დაამატა, თუმცა უშედეგოდ. უნებართვო მშენებლობები ბათუმში მაინც იწყება, გრძელდება და წარმატებით სრულდება კიდეც.

ოპოზიციის ეჭვი, რომ ახალი ა(ა)იპი საარჩევნოდ მომხრეთა დასაქმების სავარაუდო ინსტრუმენტია, ამ ფაქტის შემდეგ შეიძლება კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდეს.

მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, რომელსაც ყოფილი პოლიციელი არჩილ კონცელიძე ხელმძღვანელობს, 176 პირია დასაქმებული. 

რა რეაგირება მოახდინა ან მომავალში მოახდენს მუნიციპალური ინსპექცია კონკრეტულად ამ მშენებლობაზე? – ამ კითხვაზე პასუხს მუნიციპალური ინსპექციიდან ველოდებით და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „გლობალმშენი“ ეკუთვნის კომპანია „პაპირუსს“, რომელიც რუსეთის მოქალაქის, გიორგი რომანსკის საკუთრებაა. ის თავად არის ამ კომპანიის დირექტორიც. ამ კორპუსში კვადრატული მეტრი ფართობის ფასი 1200 დოლარია.

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: