მთავარი,სიახლეები

„ეს იქნება კუპატას პროგრამა“ – ბათუმის მერია უპატრონო ძაღლების საპილოტე პროგრამას იწყებს

24.02.2020 • 7271
„ეს იქნება კუპატას პროგრამა“ – ბათუმის მერია უპატრონო ძაღლების საპილოტე პროგრამას იწყებს

პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანს და მათ შესაბამის პირობებში მოუვლის [აღურიცხავობის შემთხვევაში მისი აღრიცხვისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ] მერიისგან დაფინანსების სახით ერთ წელში 720 ლარს მიიღებს, რაც თვეში 60 ლარია – მერია ამ პროგრამით  ქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრას შეეცდება.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, პროგრამა საპილოტეა და მომავალში მოთხოვნის შესაბამისად გადაწყვეტენ, გაიზრდება თუ არა მისი ბიუჯეტი. პირველი ეტაპისთვის მერიამ ამ მიმართულებით თანხა ასი ერთეულისთვის გაითვალისწინა. მერის თქმით, ამ პროგრამას ხუმრობით და არაოფიციალურად  „კუპატას პროგრამას დაარქმევენ“, ცნობილი ბათუმელი ძაღლის, „კუპატას“ გამო, რომელიც ცენტრალური პარკის წინ ბავშვებს ზებრა-გადასასვლელზე აცილებს.

ქალაქში უპატრონო ძაღლების მომრავლების პროგრამის გადაჭრის აუცილებლობაზე  ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ,  დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მერის თქმით, უპატრონო ძაღლების რიცხვი ქალაქის ქუჩებში დათბობასთან ერთად იმატებს და პრობლემებიც უფრო მწვავდება, ხშირია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ტურისტების დაკბენის შემთხვევები: „შემდეგ კი, ეს არის მოსახლეობის მხრიდან სამართლიანი შენიშვნის საფუძველი,“ – განაცხადა მერმა:

„ჩვენ ეს საკითხი შესწავლილი გვაქვს და ვიცით, რომ ხშირად ჟღერდება ახალი მუნიციპალური თავშესაფრის გაკეთების იდეა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ძაღლების პოპულაციის ზრდა ქალაქის ტერიტორიაზე დაკავშირებულია არა არსებულის გამრავლებასთან, არამედ ახალი ნაკადების შემოსვლასთან სხვა  მუნიციპალიტეტებიდან. ხშირად ჩამოჰყავთ ძაღლები, ლეკვები და ტოვებენ  ქალაქის გარეუბნებში ან ნაგავსაყრელზე, ეს კი საბოლოოდ თავს იყრის ქალაქის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე სხვაგან, რაც  შემაწუხებელია მოსახლეობისთვის,“ – განაცხადა მერმა.

მერი მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო სახსრებზე დამოკიდებულ თავშესაფარს ექნება მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი, გრძელ ვადაში კი,  საჭირო გახდება მისი მუდმივი გაფართოება, შესაბამისად საჭირო იქნება ხარჯების მუდმივი ზრდა. „ამიტომაც ახალი ინიციატივით ჩვენ გვინდა სტიმული მივცეთ კერძო თავშესაფრების განვითარებას,“ – განაცხადა მერმა.

__________

ფოტოზე: კუპატა, ბათუმელი ძაღლი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: