მთავარი,სიახლეები

„ჩემი ყველა უფლება დაირღვა“ – ავტობანის მშენებლობით დაზარალებული ოჯახები

24.02.2020 • 1594
„ჩემი ყველა უფლება დაირღვა“ – ავტობანის მშენებლობით დაზარალებული ოჯახები

მახვილაურში მცხოვრები მანანა ქადაგიძე ამბობს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობამ მისი საცხოვრებელი სახლი და სახლთან მისასვლელი გზა მთლიანად დააზიანა. მოქალაქის თქმით, წელიწადნახევარია, რაც შესაბამის სამსახურებში განცხადებებს წერს, თუმცა მისი პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარებულა. დღეს, 24 თებერვალს, მანანა ქადაგიძე და კიდევ ერთი დაზარალებული მისი მეზობელი, საპროტესტო აქციას მართავენ.

„მახვილაურში, საჯარო სკოლის ზემოთ, მაქვს სახლი. უფრო სწორად, მქონდა, რადგან სახლი უკვე დანგრეულია და საცხოვრებლად აღარ ვარგა. შემოვლითი გზის მშენებლობის გამო დაზიანდა სახლთან მისასვლელი გზა, შემდეგ კი სახლიც ჩამოინგრა. თითქმის ორი წელია, რაც ამ მდგომარეობაში ვარ. ვერც მიწით ვსარგებლობ და ვერც სახლში მივდივარ,“ – ამბობს ქადაგიძე.

მანანა ქადაგიძის სახლი მახვილაურში. მოქალაქე ამბობს, რომ სახლი ავტობანის მშენებლობის გამო ჩამოინგრა.

მანანა ქადაგიძე ამბობს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს წერილობით არაერთხელ მიმართა, თუმცა მხოლოდ დაპირებები ისმის. „მითხრეს, 15 დღეში აღვადგენთ გზასო, მას შემდეგ გავიდა წელიდნახევარზე მეტი და ისევ ისეთი მდგომარეობაა. მიწა მცოცავია და გამაგრება სჭირდება, მასალა მათ ხელშია და მუშახელი. არანაირი კომპენსაცია, არანაირი დახმარება, არც გზა, არც სახლი. ჩემი ყველა უფლება დაირღვა,“ – გვეუბნება ის.

ქადაგიძის მეზობლად ცხოვრობს მერაბ ჩხიკვაძის ოჯახიც. სახლთან მისასვლელი გზა არც მათ აქვთ. „მეც დაზარალებული ვარ, მეზობლების ეზოების გავლით მივდივარ სახლში და უკვე მეუხერხულება, რამდენი ხანი შეიძლება ვიაროთ ასე, სხვის ეზო-კარში,“- ამბობს ჩხიკვაძე.

დაზიანებული გზა მახვილაურში

„ბათუმელები“ საგზაო დეპარტამენტში განსახლების სამსახურის ხელმძღვანელს მიხეილ უჯმაჯურიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში მოსახლეობას ნამდვილად შეეზღუდა არსებულ ნაკვეთებთან მისასვლელი გზა, თუმცა მათ ალტერნატიული გზა შესთავაზეს.

„სახლის დაზიანებას რაც შეეხება, ზედამხედველი კომპანია სწავლობს ამ საკითხს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, როდესაც მოგვაწოდებენ საბოლოო დასკვნას,“ – ამბობს მიხეილ უჯმაჯურიძე.

კითხვაზე, რა ვადაში უნდა მიიღოს დეპარტამენტმა დასკვნა და როდის აღდგება გზა ქადაგიძის და ჩხიკვაძის სახლებთან, მიხეილ უჯმაჯურიძე ამბობს, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია მეზობლებთან და ისინი არ არიან წინააღმდეგი, რომ დაზარალებულმა მეზობლებმა მათი საკუთრებით ისარგებლონ, ანუ მათი ეზოების გავლით მივიდნენ თავიანთ საცხოვრებელთან.

მოქალაქეების თქმით, მახვილაურში მიწა მცოცავია და გამაგრება სჭირდება.

„თუმცა, ეს იქნება დროებით, სანამ მოეწყობა გზა. დროს ზუსტად ვერ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ორ თვეში აღდგება გზა და ექნებათ მისასვლელი ამ მოქალაქეებს თავიანთ სახლებთან,“- ამბობს მიხეილ უჯმაჯურიძე.

 

გადაბეჭდვის წესი