მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს წევრი: ხელისუფლებამ ტელევიზიის დირექტორის მოადგილეც დანიშნა

22.02.2020
უმაღლესი საბჭოს წევრი: ხელისუფლებამ ტელევიზიის დირექტორის მოადგილეც დანიშნა

დღეს 22 თებერვალს პარტიის ოფისში განცხადება გააკეთა ენმ-ს წარმომადგენელმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ასმათ დიასამიძემ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში გუშინ 21 თებერვალს ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევად ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით.

ასმათ დიასამიძის თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „არა მარტო ტელევიზიის დირექტორი, მისი მოადგილეც მათივე ხელდასხმული პირია“.

„ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი იყო ფორმალური და საკონკურსო პირობები მორგებული იყო ვახო ხუზმიაშვილზე.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა დირექტორის მოადგილეც მათი ხელდასხმული პირი მოევლინათ ნაცვლად იმისა, რომ მოადგილე ტელევიზიაში დასაქმებული პროფესიონალი ჟურნალისტებისგან შერჩეულიყო.

გუშინ დავინახეთ, რომ ვახო ხუზმიაშვილთან გასაუბრების პროცესი დაიხურა ტელევიზიის ჟურნალისტებისთვისაც კი. კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სიუჟეტის გასვლის შემდგომ კი ტელევიზიის დირექტორმა ჟურნალისტების დევნა დაიწყო. ერთ-ერთი ჟურნალისტი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ეს არის უხეში და დანაშაულებრივი ჩარევა ჟურნალისტების საქმიანობაში“-აცხადებს ასმათ დიასამიძე.

მისი თქმით, ეს პროცესები რომ ხელისუფლების მხრიდან არის მართული, ჩანდა იქედანაც, რომ საშტატო განრიგის ცვლილების განხილვისას ხელისუფლებას მობილიზებული ჰყავდა გამწვანების სამსახურის თანამშრომლები. „ეს ადამიანები მართავდნენ  შენობის წინ კონტრაქციას, სადაც სხდომა მიმდინარეობდა და ითხოვდნენ რომ მთავრობაზე მადლობის სათქმელად მოემზადებინა ტელევიზიას სიუჟეტი“.

ასმათ დიასამიძის თქმით:

  • უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც ჟურნალისტებზე მოახდინა ზეწოლა;
  • აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს კონკურსის მიმდინარეობისას გამოვლენლი დარღვევები და მიეცეს შეფასება;
  • გაუქმდეს კანონდარღვევით წარმართული კონკურსის შედეგები და ჩატარდეს ახალი კონკურსი ღიად და გამჭვირვალედ, არასამთავრობო სექტორის მონიტორინგის ქვეშ.

ამავე თემაზე:

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი დახურულ კონკურსზე აირჩიეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: