მთავარი,სიახლეები

26 იანვრის დიდთოვლობა – ფოტორეპორტაჟი ბათუმის უახლესი წარსულიდან

26.01.2020
26 იანვრის დიდთოვლობა – ფოტორეპორტაჟი ბათუმის უახლესი წარსულიდან

XXI საუკუნის ბათუმში ყველაზე უხვთოვლიანი დღე 2016 წლის 26 იანვარს იყო, როცა ბათუმში ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა და თოვლის საფარის სიმაღლემ 60-80 სანტიმეტრს მიაღწია.

დიდთოვლობის შედეგად ბათუმი პარალიზებული იყო. ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ რამდენიმე ხაზზე მუშაობდა, ისიც შეზღუდვებით. უგზოობის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ყველა გამოძახებაზე რეაგირებას ვერ ახერხებდა.

მაღაზიებში ვერ მოხერხდა პურის შეტანა, ამიტომაც ზოგიერთ მაღაზიასთან და პურის საცხობებთან რიგები გაჩნდა. შეწყდა სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. ქალაქში გადაადგილება, ძირითადად, მხოლოდ ფეხით იყო შესაძლებელი. აჭარის სამაშველო სამსახურში ამ დღეს 150-მდე ზარი შევიდა.

2016 წლის 26 იანვარი, დილა, ბათუმელები ფეხით მიდიან სამსახურში. ხატია მიქელაძის ფოტო.

2016 წლის 26 იანვარი. კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორია. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“

ავტომობილები თოვლში. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“

მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქის ბევრ ადგილას თოვლში ჩარჩა. ფოტოზე ჩანს, როგორ ცდილობენ ავტობუსის ამოყვანას თოვლიდან მოლიპულ გზაზე. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“

ცივი ამინდის მიუხედავად არაერთი ბათუმელი გამოვიდა ქალაქში გაუკვალავ თოვლში სასეირნოდ. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“

ზღვის ნაპირი თოვლში. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“

მემედ აბაშიძის ქუჩა. მოქალაქეები პირდაპირ ავტომობილის სავალ გზაზე მოდიან და ასე არიდებენ თავს სახურავიდან ჩამოცვენილ თოვლსა და ყინვას და, ასევე, მოყინულ ტროტუარს. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“

დიდთოვლობამ ქალაქში დააზიანა ხეები. ხეებს თოვლისგან ათავისუფლებდნენ როგორც მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები, ასევე მოქალაქეები. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“

ყველაზე კმაყოფილი ბავშვები იყვნენ, რომელთაც სკოლაში წასვლის ნაცვლად გუნდაობის შანსი მიეცათ. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“

საინიციატივო ჯგუფმა, „დაიცავი ბათუმის ბულვარი“, მოხალისეებს უხმო ბულვარში ხეების თოვლისგან გასათავისუფლებლად. საღამოს აქციაში ათობით მოხალისე ჩაერთო ხეების გადასარჩენად

ყინულის ლოლუები ქუჩის ლამპიონზე. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“

ბულვარი. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“

26 იანვარს, საღამოს, გაიყინა ცენტრალურ პარკში მდებარე ტბა. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“

ღამით ჰაერის ტემპერატურა -3, -7 გრადუსამდე დაეცა. ტბაში ბათუმელები ქვებსა და გუნდებს ისვროდნენ იმის შესამოწმებლად, გაიყინა თუ არა ტბა. 2016 წლის 26 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“

27 იანვარს, დილას, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა უკვე +3 გრადუსი იყო, თუმცა ტბის ზედაპირი დილას ბათუმელებს ისევ გაყინული დახვდათ. 2016 წლის 27 იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“

თუ გაინტერესებთ, კიდევ რომელ წლებში იყო ბათუმის ისტორიაში დიდთოვლობა, ნახეთ სტატია:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/32620/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: