მთავარი,სიახლეები

Black Rabbit Foot-ის დისტოპიური მუსიკა Bek Bekson-ისგან

14.10.2019 • 2110
Black Rabbit Foot-ის დისტოპიური მუსიკა Bek Bekson-ისგან

ავტორი: მალხაზ ჭკადუა 

_________________

ექსპერიმენტები თანამედროვე ბათუმის მუსიკალურ სცენებზე გვაკლია. ყოველწლიურ ფესტივალებსა თუ სხვადასხვა თარიღის აღსანიშნავ კონცერტებზე დროში გამოცდილ ფოლკლორს ან ისეთ პოპულარულ მუსიკას უკრავენ, რომელიც ახალს თითქმის არ გვეუბნება, არც საპროტესტო მუხტი ჩანს, ხანდახან ჯანყის ნასახიც კი არ აქვს. ჩვენც, მობეზრებულები, როგორღაც მაინც ვცდილობთ შეჩვეულ რიტმებს ფეხი ავუწყოთ და მერე ვიშლებით ახალი რუტინული დღისთვის მოსამზადებლად.

12 ოქტომბრის საღამოს ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე ფესტივალ Black Sea Sound-ის ფარგლებში გამართულმა კონცერტმა კი არც მობეზრების საშუალება მოგვცა და ცოტა ხნით ისიც დაგვავიწყა, რომ ბათუმში ვართ, ქალაქში, სადაც ბევრისთვის კომფორტულია გაკვალულ გზაზე სიარული, მათ შორის, ხელოვანებისთვისაც.

მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ბექა ჯანუაშვილმა, რომელსაც უმეტესობა Bek Bekson-ად და შესანიშნავი ბენდის Asea Sool-ის სოლისტად ვიცნობთ, სრულიად არაორდინალური შოუ მოაწყო ასეთივე მუსიკით, სახელად – Black Rabbit Foot.

კონცერტის დაწყებამდე ორგანიზატორმა, ჩემმა მეგობარმა, არტმენეჯერმა და პროდიუსერმა, ლევან გელიაშვილმა მითხრა, რომ აუდიტორიას, შესაძლოა, წარმოდგენა არაერთგვაროვნად მიეღო, რადგან Bekson-ი Asea Sool-სგან სრულიად განსხვავებულ მუსიკას დაუკრავდა, თუმცა ასეთ დამანგრეველი ჯანყის მუხტს ნამდვილად არ ველოდი: ჩაბნელებულ სცენაზე პროექტის ყველა მონაწილე მუსიკოსი ნიღბით შემაშინებლად წარსდგა. შეკრთომა გაცნობიერებამდე გაგრძელდა და ამან წარმოდგენისთვის მომამზადა. პროექციაზე ჩერნობილის, ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური კატასტროფების, ოკეანეებისა და ზღვების დაბინძურების დოკუმენტური კადრები გაუშვეს, Bekson-ის ნამღერი და მრავალგზის გამეორებული We are human გვახსენებდა, რომ ჩვენ, დარბაზში შეკრებილები, ვიყავით იმ გლობალური საზოგადოების ნაწილი, რომელიც საკუთარი აქტიური მეცადინეობით თუ პასიური ჩაურევლობით ხელს უწყობს ყველა იმ უკეთურების გაძლიერებას, რომელსაც ყოველდღიურად ვისმენთ და ვუყურებთ სატელევიზიო, ჩვენი სამუშაო თუ პირადი კომპიუტერების, სმარტფონების ეკრანებზე. მართალია, პროექციაზე სამხედრო და სამოქალაქო დაპისპირებების, პოლიციელთა მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობის კადრები დამაკლდა, მაგრამ Bekson-ის მუსიკამ და მთელმა შოუმ დაგვანახა, რომ დისტოპია რომელიმე მწერლის შემოქმედების ნაყოფი არ არის, ის ახლა და აქ იქმნება ადამიანთა თვითდესტრუქციული მოქმედებებით, ალბათ, ამიტომაც ეკეთათ პროექტის მონაწილე მუსიკოსებს ნიღბები – მათ მიღმა თითოეულმა შეიძლება საკუთარი თავი აღმოვაჩინოთ და მუსიკოსების გაპიროვნება ასეთ შემთხვევაში საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი.

Black Rabbit Foot

მენიშნა ისიც, რომ Bekson-ი არაბუნებრივი ხმით ცდილობდა საკუთარ მუსიკას შეერთებოდა. ამ ხმას სადღაც, ცნობილი youtuber-ის ან ვიდეობლოგერის სარკასტულ, ცინიკურ კლიპებში აუცილებლად მოისმენდით. მუსიკოსის ამ ხერხში ირონია და თვითირონიაა ამოსაკითხი, რადგან თავადაც მონაწილეა იმის, რასაც უჯანყდება საკუთარი შემოქმედებით.

ამ დისტოპიურ მუსიკასა და შოუში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ორ ინსტრუმენტს: ტერემინს, რომელიც ფიზიკური შეხების გარეშე სიხშირეებით გამოსცემს შემაძრწუნებელ ხმას და Bekson-ის შექმნილ Scythe Harp Bass-ს, დაბალი სიხშირის ხმის ერთიგვარ კონტრაბასს, რომელსაც ავტორმა, ვფიქრობ, საგანგებოდ მისცა ცელის ფორმა ისე, რომ პირველი, რაც მის დანახვაზე გაგახსენდებოდათ, იქნებოდა სიკვდილი ინგმარ ბერგმანის „მეშვიდე ბეჭდიდან“.

ამ, ერთი მოსმენით, კაკაფონიასა და ჯოჯოხეთურ ხმებში პროექტის კიდევ ერთი მონაწილის, შესანიშნავი შემსრულებლის, ათინას ვოკალი დეკადენტურ ელემენტებს სძენდა მუსიკალურ წარმოდგენას. თუ სმენას გულისყურით არ დაუგდებდით, ვერც გაიგონებდით მის ჩუმ, მზის ბოლო სხივით ჩამავალ ბგერებს; სადღაც გაისმა რეჩიტატავიც, უფრო სწორედ, ჩვილის პირველი ბუტბუტივით შეუმდგარი სიტყვები, რომლებიც ჟღერდა, როგორც შელოცვა, ლოცვა უკეთესი დღეებისთვის და ეს შეუმდგარი სიტყვები აგრესიული, დინამიკური ძალის ფონზე, ისმინებოდნენ, როგორც ხსნის ბოლო მცდელობა.

წარმოდგენის დრამატურგია ასეთი იყო: სიკვდილის ცელის მსგავსი ინსტრუმენტით შეიარაღებული Bekson-ი ბნელი ძალებით შეპყრობილ დესტრუქციას ასხივებდა მონოტონური შეძახილებით, ტერემინის მაღალი სიხშირეების პარალელურად აუდიტორიის ვნებათაღელვაც იმატებდა, ათინას ხმას კი ოდესღაც არსებული ჰარმონიის ნარჩენები მოჰქონდა ჩვენს სმენამდე. შემოდგომის ბოლო დღეების ძალაგამოცლილი მზის სხივებივით სუსტი იყო მისი ჰარმონიის გაბრძოლება, ზამთრის მოახლოების გარდაუვალობის და ბნელი ღამეების დადგომის დასტურად.

მთელი კონცერტი აღიქმებოდა ერთიანი წარმოდგენად და კომპოზიციებს შორის მხოლოდ პირობითი პაუზები.

Black Rabbit Foot-ის მუსიკალური ექსპერტიმენტი ნამდვილად შედგა: დრამატურგიამ, სასცენო დეკორაციამ, პროექციამ და რაც მთავარია, ხმამ ყველასთვის გასაგები გახადა პროტესტის შინაარსიც და აუცილებლობა.

და-ძმა ჯანუაშვილებმა, მეგობრებთან: ჯგუფ „ინსაითის“ გიტარისტ, გოჩა ყაჭეიშვილთან და დრამერ ირაკლი სანადირაძესთან ერთად, დაამტკიცეს, რომ ჩვენი ქალაქის პატარა სცენიდან შეიძლება სამყაროს ხმა გააგონო და რაც ყველაზე მთავარია, შექმნა პროტესტის მუსიკა, რომელიც არ იქნება გაცვეთილი და მომაბეზრებელი.

Black Rabbit Foot Asea Sool-ის ერთგვარი კონტრვერსიაა, სადაც ტრადიციული ჰარმონიის ადგილს ექსპერმინტი თამამად იკავებს. როგორც ჩანს, ბექა და ათინა ჯანუაშვილები კიდევ არაერთხელ მოგვაწონებენ თავს საკუთარი შრომის შედეგებით.

პროექტ Black Sea Sound-ის ფარგლებში გამართულ არაერთ ღონისძიებას შორის, რომელთაც ბოლო 4 წელია, აქტიურად ვესწრები, ეს იყო სრულიად გამორჩეული რამ. ეს გამორჩეულობა თვალშისაცემია სწორედ იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა ალტერნატიული სივრცეების, ალტერნატიული მუსიკის და ხელოვნების სხვა დარგების მხარდაჭერას, კულტურის ადგილობრივი პოლიტიკა მხოლოდ მასობრივ ინტერესებს ითვალისწინებს და როგორც მსმენელს, მაქვს მოლოდინი, რომ 12 ოქტომბრის საღამო, შესაძლოა, სხვა მუსიკოსებისთვისაც გახდეს ინსპირაციის წყარო, ახალი ფორმებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე და არ იარონ დიდი ხნის წინ გაკვალულ გზებზე, კულტურის პოლიტიკის მკეთებლებს კი პრიორიტეტების გადალაგებაში დაეხმარებათ, რათა ქალაქმა უფრო მეტი თქვას, ვიდრე ამბობს, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ამ ქალაქში მცხოვრებ ხელოვანებს გაცილებით მეტი შეუძლიათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: