მთავარი,სიახლეები

რა თქვა ევროსასამართლომ საქართველოში აქციის მონაწილეების დაკავებაზე – 2012 წლის გადაწყვეტილება

25.11.2019 • 1823
რა თქვა ევროსასამართლომ საქართველოში აქციის მონაწილეების დაკავებაზე – 2012 წლის გადაწყვეტილება

„სასამართლო ხელისუფლება, ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან ერთად, ვერ ასცდება კრიტიკას. ამ დროს შოკისმომგვრელი და მიუღებელი აზრები, სიტყვები შეიძლება იქნეს გამოყენებული,“ – ეს შეფასება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლეებმა გააკეთეს საქართველოში ერთ-ერთი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებაზე.

2012 წელს სტრასბურგის სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან 2006 წელს საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების კანონიერებაზე იმსჯელა. საქმეში „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებისა და სამართალდარღვევის ზღვარზე იმსჯელა, ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა და გაოცებაც გამოხატა რამდენიმე მიმართულებით. მაშინ ევროსასამართლომ თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს ხელისუფლებას 6 – 6 ათასი ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის საკომპენსაციოდ.

ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც ამ გადაწყვეტილებას აწერს ხელს, ნონა წოწორიაა. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებზე დაკავებულების საქმეშიც ანალოგიურად ჩანს უკანონობა და ამ შემთხვევაშიც დამარცხდება საქართველო, თუკი ადმინისტრაციული წესით დაკავებულები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ნონა წოწორია ევროსასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიუთითებს დღეს არსებულ ტენდენციაზე, როცა მოსამართლეები საპროტესტო აქციის დაკავებულების საქმეს მხოლოდ სამართალდარღვევის ჭრილში განიხილავენ და საერთოდ არ მსჯელობენ გამოხატვის თავისუფლების იმ სტანდარტზე, რაც ევროსასამართლომ შექმნა.

2006 წელს, ერთ-ერთი საპროტესტო აქციის შემდეგ, გამოხატვის თავისუფლების დარღვევის და უკანონო დაკავების მოტივით მიმართეს ევროსასამართლოს მოქალაქეებმა: ირაკლი კაკაბაძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა, ჯაბა ჯიშკარიანმა, ზურაბ რთველიაშვილმა და დავით დალაქიშვილმა. მათ საპროტესტო აქცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობასთან 2006 წლის ივნისში მოაწყვეს და ტელეკომპანია „202“-ის მფლობელების პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. ს

აქმის მასალების მიხედვით, აქციაზე იყო მოწოდება, რომ სასამართლო არ გამხდარიყო შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის – ვანო მერაბიშვილის „კრიმინალური ქმედებების მონაწილე“. აქციაზე ისმოდა ფრაზაც ვანო მერაბიშვილის მისამართით – „ლავრენტი ბერიას ნაბიჭვარი“. აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში აქციის ხუთივე მონაწილე მანდატურებმა სასამართლოს სამორიგეო ოთახში გამოკეტეს რამდენიმე საათით, ხოლო შემდეგ მოსამართლე ეკატერინე ტყეშელაშვილმა მათ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა „სასამართლოს უპატივცემულობისთვის“.

„მთავრობა მიიჩნევს, რომ გამონათქვამები, განსაკუთრებით, შს მინისტრის მიმართ – „ნაბიჭვარი“ და მოწოდება სასამართლოსადმი, არ დამორჩილებოდა და არ გამხდარიყო
„კრიმინალური საქმიანობის“ თანამონაწილე, აღემატებოდა ნორმალური კრიტიკის საზღვრებს,“ – ვკითხულობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში 2006 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების შესახებ. მაშინ საქართველოს მთავრობამ ასეთი პოზიცია გაუგზავნა სტრასბურგის სასამართლოს. ევროსასამართლომ კი მთავრობას ასეთი პასუხი დაუბრუნა:

„სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთადერთი შეურაცხმყოფელი ფრაზა -„ლავრენტი ბერიას ნაბიჭვარი“, წარმოთქმული მომჩივნების მიერ აქციის დროს, ეხებოდა შს მინისტრს, თუმცა სასამართლოსთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს ფრაზა წარმოადგენდეს სასამართლოს შეურაცხყოფას, როდესაც ის მიმართული არ იყო სასამართლო ხელისუფლების წევრებისკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში, დიდი მოთმინება უნდა იქნეს გამოჩენილი მსგავსი შეხედულებებისადმი, რომლებიც კრიტიკულია მნიშვნელოვანი საჯარო პირების მიმართ,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ევროსასამართლოს მთავარი აქცენტი 30-დღიანი პატიმრობაა. ევროპელმა მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ ამ გადაწყვეტილებამ „დააზიანა შეკრებების და გაერთიანება თავისუფლების უფლების ცნება“.

„სასამართლო გაოცებას ვერ მალავს იმ ფაქტის გამო, რომ მომჩივანთა მხრიდან აქციის მიმდინარეობისას რაიმე ძალადობრივი ქმედების არარსებობის მიუხედავად, ისინი მაინც დაექვემდებარნენ ყველაზე მკაცრ სასჯელს, რომელიც გამოიყენება სადავო სამართალდარღვევისთვის, კერძოდ 30-დღიან თავისუფლების აღკვეთას, რომლის დროსაც სასამართლომ დაადგინა, რომ 30-დღიანმა თავისუფლების აღკვეთამ სანქცირებულ და მშვიდობიან ქუჩის დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების ცნება დააზიანა. მოცემულ შემთხვევაში, ზედმეტად მკაცრი სასჯელის ბოროტად გამოყენებას კიდევ უფრო ამძიმებს 2006 წლის 29 ივნისის განკარგულებაში საკმარისი და ჯეროვანი მოტივების ზემოხსენებული არარსებობა,“ – ვკითხულობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

2006 წელს აქციაზე დაკავებულები სისხლის სამართლის კოდექსის იმ დროისთვის მოქმედი რედაქციით, 208-ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობდა სასამართლოში წესრიგის დარღვევას და სასამართლოს შეურაცხყოფას. ევროსასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვერ მიუთითებს კონკრეტულ ფრაზებზე, რაც შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოს შეურაცხყოფად.

„სასამართლოს შეშფოთების საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა თავისი მოვალეობა და დაედგინა საფუძვლიანი მიზეზები, რომლებიც გაამართლებდა აქციის დაშლასა და მომჩივნებისთვის პატიმრობის შეფარდებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, 2006 წლის 29 ივნისის განკარგულებაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და სასამართლოს შეურაცხყოფასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის კვალიფიკაციის ზოგად და აბსტრაქტულ ტერმინებზე ისაუბრა შიდა კანონმდებლობის მიხედვით.

თავმჯდომარემ არ განმარტა, ინციდენტის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ როგორ შეეშალა ხელი მართლწესრიგის უზრუნველყოფას და მომჩივნების მიერ წარმოთქმული რომელი კონკრეტული ფრაზები ჩაითვალა სასამართლოს შეურაცხყოფად; ერთადერთი, რასაც ის დაეყრდნო თავის გადაწყვეტილებაში, იყო ის განცხადება, რომ მომჩივნებმა გამართეს დემონსტრაცია „შენობის შიგნით, მის ცენტრალურ შემოსასვლელში“, რაც არ იყო სწორი და შესაბამისად, მიუღებელი არგუმენტია“, – წერია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

დაკავებულების საქმეზე მოსამართლე ეკატერინე ტყეშელაშვილმა გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო და მხოლოდ მანდატურების ჩვენებებს დაეყრდნო, რაც ევროსასამართლომ პირდაპირ სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევად შეაფასა.

„სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივანთა დაკავება 3 საათის განმავლობაში არ ეფუძნებოდა გასაგებ და წინასწარ განჭვრეტად შიდასამართლებრივ ნორმებს, მაშინ როდესაც 30-დღიანი პატიმრობის შეფარდება მოხდა თვითნებურად და არ გამოხატავდა კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას სასამართლოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გზა, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოისმინა საქმე სსსკ-ის 208-ე მუხლის თანახმად, ზედაპირული პროცედურით, დახურულ კარს მიღმა, მხოლოდ მანდატურთა მოხსენებითი ბარათების საფუძველზე და არ მისცა მომჩივნებს შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მოსმენას, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის ელემენტარული პროცედურული მოთხოვნების სრულ უარყოფას, როგორებიცაა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითი პროცესის, დაცვის მომზადებისთვის საჭირო ადეკვატური დროისა და საშუალებების, კვალიფიციური იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლებები,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილების ბოლო ნაწილშიც იპოვით ევროსასამართლოს შეფასებას იმ თემაზე, რაც უკავშირდება გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობას, როცა სამართალდამცველებმა შესაძლოა სამართალდარღვევა დააფიქსირონ:

„შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლება, როგორც გამოხატვის თავისუფლება, წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველს. შესაბამისად, მხოლოდ რეალურად დამაჯერებელ და ანგარიშგასაწევ მიზეზებს შეუძლია გაამართლოს ამ უფლების განხორციელებაში ჩარევა…“

მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია თბილისში, 2019 წელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: