ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის გაკეთდება მახინჯაურის გვირაბთან მოსაბრუნებელი გზა

07.10.2019
როდის გაკეთდება მახინჯაურის გვირაბთან მოსაბრუნებელი გზა

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტომანქანების მოსაბრუნებელი კვანძის მშენებლობა განახლდა, თუმცა მისი დასრულების ვადა შესაძლოა ისევ გადაიწიოს. გვირაბის გამოსასვლელიდან გზის სავალ ნაწილზე, მახინჯაურის მხარეს, უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა დამცავი ღობე. მოსაბრუნებელ კვანძს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ აშენებს. ხელშეკრულება 3 789 999 ლარზეა გაფორმებული. გზის ამ მონაკვეთს, რომელიც მესამე წელია ვერ აშენდა, ერთადერთი დანიშნულება ექნება – მახინჯაურიდან გასულ ავტომანქანას გვირაბთან შეეძლება უკან მობრუნება.

უსაფრთხოების ღობე მახინჯაურის გვირაბთან / 07.10.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „გზას“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 22 მარტს გაფორმდა. ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები 2019 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ტურისტულ სეზონზე მათ არ მისცეს სამუშაოების ჩატარების უფლება და სამუშაოები სექტემბრის ბოლოს განაახლეს.

„თუ ხელშემშლელი ფაქტორები [ამინდი და სხვა გაუთვალისწინებელი რამ] არ იქნება, შესაძლოა ორ თვეშიც დავასრულოთ მშენებლობა, თუმცა დიდი ალბათობით, ეს დრო გადაიწევს. დრო იმასაც დასჭირდა, რომ პროექტში შევიდა ცვლილებები,“ – გვითხრა კომპანიის დირექტორმა მალხაზ დუმბაძემ.

შესყიდვების პორტალის დღევანდელი მონაცემებით, ხელშეკრულების თანხის 40% [ანუ 1 530 784 ლარი] კომპანიისთვის უკვე გადახდილია.

ავტოტრანსპორტის მოსატრიალებელი კვანძი გვირაბთან მახინჯაურის მხარეს გაკეთდება. „მახინჯაურიდან გასული ავტომანქანა, საჭიროების შემთხვევაში, გვირაბის მისასვლელიდან უკან დაბრუნებას ამ კვანძის საშუალებით შეძლებს. ეს კვანძი უფრო ქალაქში მოძრაობისთვისაა გათვლილი,“ – ამბობენ დეპარტამენტში.

მოსაბრუნებელი გზის მოსაწყობად სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და იმავე წელს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოები დაიწყეს, თუმცა დროულად ვერც გეოლოგიური დასკვნა დაიდო, ვერც პროექტი და არც ის თანხა აღმოჩნდა საკმარისი, რაც კვანძის ასაშენებლად გათვალეს.

გზის გარკვეული ნაწილის მშენებლობაზე და შესაბამის კვლევა-პროექტირებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2,5 მილიონი ლარი უკვე დახარჯა. მაშინ სამშენებლო სამუშაოები კომპანია „გზამ“ შეასრულა [„გზა“ 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერშიც მონაწილეობდა, თუმცა კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა].

ამ თემაზე:

ივანიშვილის პარკისთვის ხე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საძირკველთან ამოთხარეს [ფოტოამბავი]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: