მთავარი,სიახლეები

ნატოს გენმდივნის მოადგილე: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული რეგიონებიდან

03.10.2019
ნატოს გენმდივნის მოადგილე: მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული რეგიონებიდან

ამ წუთებში ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა იმართება. რამდენიმე წუთის წინ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა გახსნა.

მისასალმებელ სიტყვაში როუზ გოტმიოლერმა თქვა: “ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში შეაქვს. ბოლო წლებში ნატოს ლიდერებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას რუსეთის მისამართით, რომ გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული რეგიონებიდან, პატივი სცეს საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მიმდინარე ვიზიტი გახლავთ ძალისხმევა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ საქართველოსთან  ჩვენი თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, შავი ზღვა იყოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყარო ყველასთვის რეგიონში”.

როუზ გოტმიოლერმა გიორგი გახარიასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ  ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე, ასევე – რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები, როგორ უნდა გაძლიერდეს პრაქტიკული თანამშრომლობა და პარტნიორობა შავი ზღვის რეგიონში.

ბათუმში მყოფ ნატოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით.

3-4 ოქტომბერს ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე, თავის მხრივ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

გახარიას გამოსვლა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე:

გახარია ნატოს საბჭოს შეხვედრაზე: საქართველოს წევრობას ნატოში მხარს უჭერს მოქალაქეების 71%-ზე მეტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.