განათლება,მთავარი,სიახლეები

18 მილიონი ლარი წელიწადში – რატომ აფინანსებს სახელმწიფო კერძო სკოლებს

01.10.2019 • 3897
18 მილიონი ლარი წელიწადში – რატომ აფინანსებს სახელმწიფო კერძო სკოლებს

საქსტატის მონაცემებით, 2018-2019 წლებში კერძო სკოლაში 60 416 მოსწავლე სწავლობდა. ამ სკოლებს ვაუჩერის სახით, სახელმწიფო წელიწადში 18 მილიონ 124 800 ლარით აფინანსებს. რა მიზანს ემსახურება კერძო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება და არის თუ არა ის მიზანი მიღწეული, რის საფუძველზეც სახელმწიფო სკოლებს აფინანსებს. ამასთან, ჩააყენა თუ არა სახელმწიფომ კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები არათანაბარ მდგომარეობაში, როცა საჯარო სკოლებში ვაუჩერული დაფინანსების თანხა გაზარდა, კერძო სკოლებში კი იგივე დატოვა?

2019 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო სკოლებში მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსება 500 ლარი და მეტია, ამავე წყაროს მონაცემებით, საჯარო სკოლაში 523 958 მოსწავლე სწავლობს. 500-ლარიანი ვაუჩერული დაფინანსების შემთხვევაში, საჯარო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება წელიწადში 261 მილიონ 979 000 ლარია.

საქართველოში მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსება 2005 წლიდან დაიწყო და როგორც მაშინ ითქვა, მიზანი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კერძო სკოლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. თუმცა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ამ მეთოდმა არ გაამართლა, რადგან კერძო სკოლებმა ვაუჩერული დაფინანსების გარდა, მოითხოვეს სწავლის თანხა. საერთაშორისო პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ ვაუჩერული დაფინანსების დროს კერძო სკოლას უფლება არ აქვს, მოსწავლეს სწავლის საფასური გაუზარდოს.

„სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, პედაგოგი მუხრან გულიაშვილი, რომელიც ამ საკითხზე კვლევასაც აწარმოებდა, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საჯარო და კერძო სკოლების სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსების სახელმწიფო მოდელი გაუგებარია, რადგან ის არ არის განვითარებაზე ორიენტირებული, „ამ სისტემაში, ფაქტობრივად, ქაოსია. ასევე მიმაჩნია, რომ კერძო სკოლების ვაუჩერით დაფინანსების დღეს არსებული მოდელი, სახელმწიფოს ბიუჯეტის გაფლანგვაა,“ – გვეუბნება ის.

„დოკუმენტის დონეზე სახელმწიფოს არ აქვს ჩანაწერი, რომ კერძო სკოლას არ აქვს სწავლის საფასურის გაზრდის უფლება. შესაბამისად, კერძო სკოლები სწავლის საფასურს არა ვაუჩერის თანხაში, არამედ, ვაუჩერს ზემოთ ანგარიშობენ, რაც არღვევს ვაუჩერული დაფინანსების მიზანს. ეს მიზანი კი, როგორც თავიდან ითქვა, იყო ის, რომ მოსწავლეს ჰქონოდა უკეთესი სკოლის არჩევანის შესაძლებლობა.

ვაუჩერის თანხა იმდენად მცირეა, რომ ამ მიზანს ვერ ასრულებს და სკოლები სწავლის თანხას ვაუჩერს ზემოთ ანგარიშობენ, ბევრი სკოლა არც კი ეუბნება მშობელს, რომ მის შვილს აქვს ვაუჩერული დაფინანსება.

ვაუჩერის მიზანი იყო ის, რომ მოსწავლეს შეეძლო ეს დაფინანსება წაეღო იმ სკოლაში, რომელსაც აირჩევდა და ამით უნდა გაზრდილიყო კერძო სკოლებზე ხელმისაწვდომობა, რაც დღეს რეალურად არ მუშაობს,“ – ამბობს გულიაშვილი.

კერძო სკოლა „ნიკეს“ დირექტორი იზოლდა ტაკიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვაუჩერის თანხა იმდენად მიზერულია, რომ ის სწავლის საფასურს ვერ ფარავს. „300 ლარი რომ იყოს თვეში, მაშინ, ბუნებრივია, გაიზრდებოდა კერძო სკოლაზე ხელმისაწვდომობა, მაგრამ ეს თანხა გამოყოფილია წლის მანძილზე, რაც თვეში ძალიან მცირეა,“ – გვეუბნება ის.

თუმცა, იზო ტაკიძე მიიჩნევს, რომ თუ ვაუჩერი ბავშვს ეძლევა, მაშინ კერძო სკოლაში გადასვლის შემთხვევაშიც გაზრდილი ვაუჩერი  უნდა გადაჰყვეს და არა – ნაკლები.

„ვფიქრობ, აქ ირღვევა ბავშვის უფლება, რადგან ის ვერ სარგებლობს თავისი ვაუჩერით ბოლომდე და რას ხმარდება ვაუჩერის თანხის ნაწილი, როცა საჯარო სკოლიდან გადმოდის კერძოში, ესეც გაურკვეველია,“ – ამბობს იზო ტაკიძე.

კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის დირექტორი მარინე ცივაძე ამბობს, რომ მას არ აქვს პრეტენზია ვაუჩერის თანხის მატებაზე ან კლებაზე, თუმცა ამბობს, რომ ბავშვების განსხვავება სახელმწიფოს მხრიდან არ არის მოსაწონი.

„ვაუჩერზე არ მაქვს პრეტენზია და არც მაშინ ველოდებოდი სახელმწიფოსგან, როცა ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ როცა ხდება მოსწავლეების განსხვავება, გული მტკივა.

საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერით აჯილდოებენ, კერძო სკოლის მოსწავლეებს – არა, არც პირველკლასელებს აძლევენ ბუქებს. ვფიქრობ, ეს არასწორია. მეც შევუძინე ბავშვებს ბუქები, მაგრამ, სამწუხაროდ, სახლში მაინც ვერ გავატანე,“ – გვეუბნება დირექტორი.

ვაუჩერის თანხა კერძო სკოლებში, როგორც დირექტორები ამბობენ, ძირითადად მასწავლებლების ზაფხულის ხელფასებს ხმარდება.

რესურსცენტრის მონაცემებით, მარტო ბათუმსა და ქობულეთის კერძო სკოლებში 7 457 ბავშვი სწავლობს. ამ ბავშვების წლიური დაფინანსება 300-ლარიანი ვაუჩერით, წელიწადში 2 მილიონ 237 100 ლარი გამოდის.

„რეალურად, ბავშვების დაფინანსებაზე ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი იხარჯება, თუმცა კერძო სკოლები მაინც ვერ გახდა თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის,“ – ამბობს მუხრან გულიაშვილი.

მოსაზრებას, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოსწავლეების არათანაბარი დაფინანსება არღვევს თანასწორობის პრინციპს ბავშვებს შორის, მუხრან გულიაშვილიც იზიარებს და დასძენს, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არც ერთი ბავშვი არ განსხვავდებოდეს სკოლაში პირობების მხრივ, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა.

„სახელმწიფოს აქვს მცდელობა, რომ საჯარო და ელიტური სკოლები ერთდროულად განავითაროს, რაც რეალურად არ გამოდის, რადგან ელიტური სკოლების არსებობა ეწინააღმდეგება საჯარო განათლების იდეას. მდიდრებს ისედაც აქვთ არჩევანის საშუალება, ღარიბებს კი არჩევანი არ აქვთ. განათლებაში კი უპირველესი თანაბრობაა,“ – ამბობს გულიაშვილი.

მისი აზრით, უკეთესი იქნება, სახელმწიფომ ვაუჩერის ნაცვლად კერძო სკოლებს მეტი დამოუკიდებლობა მისცეს, როგორც კურიკულუმში, ასევე სახელმძღვანელოების არჩევანში და ა.შ.  „ეს მილიონები კი, რომელიც კერძო სკოლის ვაუჩერებში იხარჯება, მოხმარდეს სკოლების მშენებლობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, რადგან დღეს საჯარო სკოლების ყველაზე დიდი პრობლემა, კლასების გადატვირთულობაა“.

ვაუჩერული დაფინანსების მოდელს ბევრ დასავლურ და ევროპულ ქვეყნებში იყენებენ, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, იქ დაფინანსების ოდენობა განსხვავებულია.

კერძო სკოლას არ აქვს უფლება, გაუზარდოს მოსწავლეს სწავლის საფასური, რაც ზრდის კერძო სკოლებზე ხელმისაწვდომობას. გარკვეულ ქვეყნებში ამ მოდელზე უარი თქვეს.

„ვაუჩერული დაფინანსება არის შეჯიბრებაზე აწყობილი სისტემა, რომელიც ამერიკაშია ძირითადად და არ არის მაღალი ხარისხის, ხოლო ზრუნვაზე და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სისტემა არსებობს ფინეთში, სინგაპურში და არის უკეთესი ხარისხის. საქართველოში კი ვერ ვხედავ, რაზეა განათლების სისტემა დაფუძნებული,“ – ამბობს მუხრან გულიაშვილი.

2009 წელს განათლების მკვლევარმა ნათია ანდღულაძემ ჩაატარა ვაუჩერული დაფინანსების სისტემის კვლევა.

ამ კვლევის მიხედვით, მაგალითად, შვედეთში, სადაც ვაუჩერული დაფინანსება 1992 წელს შემოიღეს, ვაუჩერი მოსწავლეს მისთვის სასურველ სკოლაში სწავლის შესაძლებლობას აძლევდა და სკოლას არ ჰქონდა უფლება, გაეზარდა სწავლის საფასური ვაუჩერის თანხის ზემოთ.

თუმცა პოლიტიკური ცვლილების შემდეგ, როგორც კვლევაში წერია, შვედეთში კერძო სკოლებისთვის ვაუჩერის გამოყოფაზე შეზღუდვა დააწესეს.

ახალ ზელანდიაშიც ვაუჩერი მშობელს არჩევანის საშუალებას აძლევდა, შესაბამისად, კერძო სკოლები საბაზრო კონკურენციის პირობებზე დაყრდნობით ცდილობდნენ უფრო მეტი ბავშვი მოეზიდათ.

კვლევის მიხედვით, ბოლომდე ამ მეთოდმა არც ახალ ზელანდიაში იმუშავა, რადგან „კერძო სკოლებმა სელექციურად დაიწყეს ბავშვების მიღება. არ არსებობდა ერთიანი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეარჩევდნენ  მოსწავლეებს. შედეგად ბევრი მოსწავლე ვერ ხვდებოდა მისთვის სასურველ სკოლაში,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, აშშ-ში მხოლოდ კერძო სკოლების დაფინანსების მცდელობები იყო და აქაც მიზანი იყო კერძო სკოლაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მოწყვლადი კატეგორიებისთვის. ამავე დროს, აშშ-ში ვაუჩერული დაფინანსება კეთდება კერძო ორგანიზაციების ან მშობლების მხრიდან მათთვის საგადასახადო შეღავათების მინიჭების სანაცვლოდ.

თუმცა, როგორც კვლევა აჩვენებს, ზოგადად, ამ სისტემას არ გამოუწვევია განათლების ხარჯების შემცირება ქვეყნებში და მოსწავლეთა მიღწევების ზრდა.

„მეტიც, ქვეყნის მასშტაბით ვაუჩერების შემოღებამ გამოიწვია მოსწავლეთა მიღწევებში განსხვავებების მნიშვნელოვანი ზრდა სოციალური, ეკონომიკური და ეთნიკური ნიშნის მიხედვით,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

რატომ დაუტოვა 300-ლარიანი ვაუჩერული დაფინანსება სახელმწიფომ სკოლებს, მიუხედავად ამ დაფინანსების არაეფექტურობისა? – მუხრან გულიაშვილის აზრით, შესაძლოა ეს იყოს სახელმწიფოს მხრიდან კერძო სკოლებზე კონტროლის შენარჩუნების ბერკეტი.

რატომ აფინანსებს კერძო სკოლებს სახელმწიფო და რა სარგებელი მიიღო ამ დაფინანსებით თითოეულმა ბავშვმა, ან რატომ დაუშვა დაფინანსების არათანაბარი სისტემა და რაზეა გათვლილი დაფინანსების ვაუჩერული მოდელი? – „ბათუმელები“  ამ კითხვებზე პასუხს საქართველოს განათლების სამინისტროსგან ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: