განათლება,მთავარი,სიახლეები

რა დაუწერეს მოსწავლეებმა ახალგაზრდა მასწავლებელს ფურცლებზე

25.09.2019 • 9955
რა დაუწერეს მოსწავლეებმა ახალგაზრდა მასწავლებელს ფურცლებზე

26 წლის მინდია ფუტკარაძე მე-3 ა კლასის მასწავლებელია, ის ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში კონკურსით დასაქმდა. ჩაბარებული აქვს როგორც პროფესიული, ასევე საგნობრივი გამოცდა. ახალგაზრდა მასწავლებელი „ბათუმელებთან“ ბავშვებზე, მშობლებსა და გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მასწავლებლობა ის საქმეა, რომელიც მას, როგორც ადამიანს, აბედნიერებს.

  • ბოლო პერიოდის ტენდენცია აჩვენებდა, რომ კაცები სკოლას და მასწავლებლის პროფესიას თითქმის აღარ ირჩევდნენ, თქვენი მოტივაცია რა იყო, რატომ აირჩიეთ სკოლა?

ბავშვობაში ორი ოცნება მქონდა – გავმხდარიყავი პოლიციელი ან მასწავლებელი. პოლიციელობა იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო. ისე მოხდა, რომ განათლების ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა მეორე ოცნებაც ავისრულე და ორი წელი შემოსავლების სამსახურში მესაზღვრედ ვმუშაობდი. უმცროსი ოფიცერი ვიყავი და 1400 ლარი მქონდა ანაზღაურება, თუმცა არჩევანი მაინც სკოლის სასარგებლოდ გავაკეთე.

პირველად სკოლაში 2015 წელს შევედი, ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიაში უფროსკლასელებს ხელოვნებას ვასწავლიდი. ბაკალავრიატი როცა დავასრულე, მასწავლებლის გამოცდები ჩავაბარე და სამუშაოდ ქალაქში გადმოვედი. მესამე კლასი მყავს, სადაც ქართულს, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას ვასწავლი. ასევე, სპორტს და ხელოვნებასაც, თუმცა დანამატს მხოლოდ სამ საგანში ვიღებ.

  • რატომ გინდოდათ მასწავლებლობა?

ბანალურია, მაგრამ, რა თქმა უნდა,  ბავშვები მიყვარს, ეს ურთიერთობები, სწავლება, ახსნა მაბედნიერებს. როცა  კლასში შევდივარ, ვხედავ 29 ბავშვის თვალს, რომელიც გიყურებს, რომ რაღაც ასწავლო. „ა, ასე?… გავიგე მას“ – როცა მესმის, აი, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის და ვცდილობ, ყოველდღე გავიბედნიერო თავი.

მინდია ფუტკარაძე თავის მოსწავლეებთან
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ჩემი პირველი ხელფასი 85 ლარი იყო, ამ თვეში ნახევარი თვის ხელფასი – 256 ლარი დამერიცხა, 6-ჯერ იმაზე ცოტა, რასაც ვიღებდი შემოსავლების სამსახურში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფული ყოველთვის არ არის გადამწყვეტი, თუმცა მიმაჩნია, რომ მასწავლებელს, რომელიც ბოლომდე იხარჯება, თავს არ ზოგავს ბავშვებისთვის, რომელიც ამზადებს მოსწავლეს ცხოვრებისთვის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი ანაზღაურება და მე არ ვაპირებ უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გავჩერდე. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემთვის კარგად ყოფნა და წარმატება იმ საქმეშია, რომელიც მაბედნიერებს.

  • რა უნდათ ბავშვებს, რა კითხვები აქვთ, რა მოთხოვნები?

მშობლები მეუბნებიან ხოლმე, რომ მკაცრი მასწავლებელი ვიყო. „ცოტა მკაცრად დაუდექით“, „ცოტა ხელის დარტყმაც საჭიროა მაგიდაზე“  და ა.შ. ამ დროს, ბავშვების დაკვეთა სულ სხვაა, იცით, ერთი კვირის თავზე რა დამიწერეს ფურცელზე? „მას, მინდა ისეთი იყოთ, როგორიც ხართ. თქვენ ყველანაირი ხართ – თბილიც, მოსიყვარულეც და ხანდახან ისეთი მხიარული, რომ ჯამბაზი მგონიხართ“, „მინდა, რომ მინდია მასწავლებელმა სკოლის ყველა საგანი გვასწავლოს, მინდა, რომ სკოლა დაიწყოს დილიდან და იყოს საღამომდე“-  ეს არის საკმარისი მოტივაცია, რომ მასწავლებელი ვიყო.

მე მინდა ისეთი მასწავლებელი ვიყო, როგორიცაა ბავშვის დაკვეთა. მსახიობობის გარეშე მასწავლებლობა არაფერია, რადგან გაკვეთილი ერთგვარი პერფორმანსია.

მიკითხავს ჩემი თავისთვის, თუ რა უნდა ვასწავლო მათ. პასუხი ალბათ ის არის, რომ მხოლოდ საგაკვეთილო მასალა არა. მხოლოდ გაკვეთილის მოყოლა არ არის საკმარისი განათლებისთვის, ცხოვრებისთვის, 21-ე საუკუნისთვის. ჩვენ ვერ ჩავიკეტებით მხოლოდ სასწავლო მასალაში, რადგან გარეთ სხვა რეალობაა, ადამიანები კოსმოსში მიფრინავენ, ახალ წარმატებებს აღწევენ და ა.შ. უნდა ვიფიქროთ კრიტიკულად და გავიზარდოთ შემოქმედებითად.

  • სკოლას ბევრი გამოწვევა აქვს, მათ შორის ბულინგი, ჩაგვრა… როგორ მართავთ ამ პროცესს, თუ გქონიათ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევები?

უფროსებს როცა ვასწავლიდი, იქ იყო, თუმცა ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველაზე მეტად მეხმარება ის, რომ კაცი ვარ. ბიჭები უფრო მეტად ახერხებენ ღიაობას, საუბარს პრობლემაზე, რასაც ვერ ამბობდნენ, ვთქვათ, ქალ მასწავლებელთან. ვცდილობდი ამეხსნა, რომ საბოლოოდ ყველა კონფლიქტი მოგვარებადია და ჩვენ ორივე მხარე უნდა შევეცადოთ, რომ მოვაგვაროთ.

მინდია ფუტკარაძე კლასში

  • ვამბობთ, რომ  მნიშვნელოვანია სკოლამ ასწავლოს ბავშვს ღირებულებები, როგორ ასწავლით თქვენ?

ღირებულებები ბავშვს ყოველდღიურ ურთიერთობებში შეგვიძლია ვასწავლოთ. მაგალითად, ფუნჯი, რომელიც მაგიდაზე დევს და არ არის თემოსი, თუმცა მას თემო იყენებს. თემომ უნდა იცოდეს, რომ გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს, ვასწავლი, რომ პატივი უნდა სცეს სხვის საკუთრებას.

ასევე, როცა ერთი ფუნჯით ბევრი სარგებლობს, ამით ბავშვებს ვაჩვევთ გაზიარებას, ერთიანობას, სხვაზე ზრუნვას და პატივისცემას. ვაჩვევთ, ითხოვოს ნებართვა მეგობრისგან, რომ გამოიყენოს და ა.შ. ასეთ დეტალებშია ეს ღირებულებები.

ვასწავლით, რომ არ აქვს უფლება, სხვას შეუშალოს ხელი სწავლაში და ამით პატივი სცეს სხვის უფლებას.

  • რა ბეზრდებათ ბავშვებს?

ბეზრდებათ ერთნაირი მიდგომები, ერთნაირი აქტივობები, მათ სჭირდებათ კეთებით სწავლა. გამიჭირდა წესრიგის დამყარება კლასში, როცა მხოლოდ მე ვსაუბრობდი. ათი წუთის შემდეგ ბავშვი აღარ გისმენს, იწყებს თამაშს.  „ფრანი“, – ასეთი ლექსი უნდა გვესწავლა. ვუთხარი, „მოდი გავაკეთოთ ფრანი“ და  დიდი სიხარულით, 15 წუთში ყველამ გააკეთა ფრანი. დასვენებაზეც ამ ფრანებით ირბინეს, იმ ფრანებით წავიდნენ სახლში და მეორე დღეს ყველამ იცოდა ის ლექსი ზეპირად.

მინდია ფუტკარაძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მესამეკლასელებთან
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

  • რესურსებს თქვენ თვითონ ქმნით, თუ სკოლა გეხმარებათ?

მე თვითონ ვქმნი. თუმცა პროექტორის გარეშე ძალიან რთულია გაკვეთილის ჩატარება, რაც არ გვაქვს. კლასში არც ინტერნეტია რომ გამოვიყენოთ, ამიტომ მსგავსი საკითხები საჯარო სკოლებში უნდა მოგვარდეს.

ხშირად მასწავლებლები ინოვაციას ეძახიან იმას, რომ კლასში პროექტორი და კომპიუტერები უდევთ. ბუნებრივია, მხოლოდ ამის ქონა არ არის ინოვაცია, ტექნიკას სჭირდება სათანადო გამოყენება. ვფიქრობ, ბავშვებს თავიანთი კომპიუტერები წამოვაღებინო და მუშაობა ვასწავლო. ჩემი აზრით, ინოვაციაა ის, გააკეთოს ბავშვმა დავალება მარტივად და გაიგოს. მაქვს ბლოგი და მინდა ამ პროცესშიც ჩავრთო მშობლები და ბავშვები.

  • მითხარით, რომ სპორტსაც ასწავლით. გოგონები და ბიჭები ისევ ცალ-ცალკე თამაშობენ  გაკვეთილზე, თუ მხოლოდ ბიჭები, როგორც ეს ბევრ სკოლაში ხდებოდა?

პირველ გაკვეთილზე გოგოები და ბიჭები მეც განვაცალკევე, ასე მასწავლიდნენ, მაგრამ როცა  თამაში დავიწყეთ,  ერთი გოგონა მოვიდა და საწყალი თვალებით მკითხა, – „ჩვენ არ ვითამაშებთ?“ –  ამის შემდეგ გოგონები და ბიჭები არ გამიყვია და ყველა თამაშს ერთად ვთამაშობთ, ძალიან მოსწონთ.

  • რა არის დღევანდელ სკოლაში შესაცვლელი?

ვფიქრობ, მთავარი პრობლემა კლასში ბავშვების რაოდენობაა. 15 მოსწავლეზე მეტი არ უნდა იყოს, რადგან რთულია 30 მოსწავლესთან იმ შედეგზე გახვიდე, რაც გინდა, თუმცა ვცდილობთ მასწავლებლები, რადგან ხელის ჩაქნევით შორს ვერ წავალთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: