საკონსტიტუციო სასამართლოში სამუშაო საათებში ჭერი ჩამოიშალა


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის შენობაში, 2019 წლის 19 სექტემბერს, სამუშაო საათების მიმდინარეობისას, ეკონომიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ოთახში ჭერი ჩამოიშალა.

„არსებული მდგომარეობით საფრთხე შეექმნა სამუშაო პროცესს, იქ მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. დაზიანებულ ოთახში შესვლა საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს ჭერის დარჩენილი ნაწილი. აღნიშნული ვითარება მნიშვნელოვნად აფერხებს სამუშაო პროცესს, შესაბამისად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც, თავისთავად აისახება სახელმწიფო ინტერესებზე“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განაცხადში, რომლითაც სასამართლომ შესყიდვების სააგენტოს დღეს, 23 სექტემბერს მიმართა.

სასამართლოს აპარატის შენობაში ეკონომიკური დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაო ოთახში დაზიანებული (ჩამოშლილი) ჭერის აღდგენითი სამუშაოები სასამართლოს 885 ლარი დაუჯდება, რომელსაც ტენდერის გარეშე დახარჯავს, ვინაიდან „დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება“.

სასამართლოს გათვლებით ჭერის აღდგენას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.

„აღნიშნული ვითარების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო. სახეზეა ფორს-მაჟორული მდგომარეობა. აღნიშნულის [ჭერის ჩამოშლის – ავტ.] შემდგომ, შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობდა ჭერის ჩამოშლის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ბაზრის კვლევა, არსებული დაზიანების მოცულობისა და შესასყიდი აღდგენითი სამუშაოების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით“. – აღნიშნულია სასამართლოს განაცხადში.

შესყიდვების სააგენტოში საკონსტიტუციო სასამართლოს განაცხადის განხილვის საბოლოო თარიღად 27 სექტემბერია მითითებული.

ჩამოშლილი ჭერი საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში / საკონსტიტუციო სასამართლოს ფოტოები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com