მთავარი,სიახლეები

როცა პატიმრობაში რჩები იმიტომ, რომ შაბათ-კვირას იუსტიციის სახლი ისვენებს

24.09.2019 • 2358
როცა პატიმრობაში რჩები იმიტომ, რომ შაბათ-კვირას იუსტიციის სახლი ისვენებს

თუკი სასამართლო გირაოს საფუძველზე გათავისუფლებთ და ეს ამბავი ე.წ. უქმე დღეებში ხდება, ციხეს მინიმუმ ორშაბათს საღამომდე ვერ დატოვებთ. მიზეზი იუსტიციის სახლია, სადაც შაბათ-კვირას არ მუშაობენ.

საუბარია შემთხვევაზე, როცა სასამართლო ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის ნაცვლად გირაოს უფარდებს და ეს სასამართლო პროცესი შაბათს ან კვირას ტარდება. გირაოს უზრუნველყოფა უძრავი ქონებითაც არის შესაძლებელი, მაგალითად, საცხოვრებელი ბინით. პროცედურა სამუშაო დღეებში მარტივია: სასამართლოს მიერ გამოცემულ განკარგულებას ქონების დაყადაღების შესახებ საჯარო რეესტრი არეგისტრირებს. ამ დოკუმენტის პროკურატურაში წარდგენის შემდეგ კი, ბრალდებულს ათავისუფლებენ.

„უქმე დღეებში, არსებული პრაქტიკის მიხედვით, შეუძლებელია ტექნიკური საკითხის განხორციელება – უძრავი ქონების ყადაღის რეგისტრაცია. უქმე დღეებში იუსტიციის სახლები არ მუშაობენ. შესაძლებელია, მორიგეობით ერთი თანამშრომელი მაინც მუშაობდეს, რომ ადამიანებს ციხეში დარჩენა არ მოუწიოთ მაშინ, როცა პატიმრობიდან ისინი გაათავისუფლა სასამართლომ,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

ადვოკატ ზვიად მარკოიძის თქმით კი, ხშირად რამდენიმე სამუშაო დღეც რჩება გირაოთი გათავისუფლებული ბრალდებული ციხეში.

„ყოფილა შემთხვევები, როცა პარასკევს საღამოს დასრულებულა სასამართლო სხდომა და ორშაბათამდე ვერანაირ პროცედურას ვერც კი იწყებ… პრობლემა ნაკლებადაა მხოლოდ მაშინ, როცა ბრალდებული ნაღდი ფულით იხდის გირაოს. ამ დროს რომელიმე ბანკიდან სპეციალურ ანგარიშზე ირიცხება თანხა, პროკურატურას კი მხოლოდ საბანკო ამონაწერი ბარდება,“ – გვითხრა ზვიად მარკოიძემ.

რატომ არის პრობლემა იუსტიციის სახლმა შესაბამისი მომსახურება გაუწიოს ადამიანებს? -„ბათუმელები“ იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტებას დაგვპირდნენ, თუმცა იგი არ მიგვიღია.

„იურიდიული მრჩევლის“ იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პრაქტიკის გამო ბრალდებულს შეუძლია სასამართლოს მიმართოს და კომპენსაცია მოითხოვოს, თუმცა ასეთი შემთხვევა ამ დრომდე არ გვქონია.

„რეალურად დგას სამართლიანი სასამართლოს პრობლემა, რადგან კონსტიტუციით გარანტირებული სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება მოიცავს გადაწყვეტილების აღსრულებასაც. შესაძლოა, პრობლემა იყოს თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებითაც. ნებისმიერი უფლების ხელყოფა, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული, გულისხმობს იმას, რომ ამ უფლების ხელყოფის ადრესატს აქვს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება,“ – აღნიშნავს გიორგი ხიმშიაშვილი.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: