რა ცვლილების უფლება აქვთ სკოლებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში

საჯარო და კერძო სკოლებს ახალი სასწავლო წლიდან უფლება აქვთ, ცვლილება შეიტანონ საათობრივ ბადეში, თუმცა ამისთვის სამინისტროს დასაბუთებული არგუმენტები უნდა წარუდგინონ. კონკრეტულად რა ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ კერძო და საჯარო სკოლებს და როგორ, ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა, „ბათუმელებთან“ საუბრობს.

ქალბატონო მარიამ, რაში ითხოვენ ცვლილებებს სკოლები და რისი უფლება მისცა განათლების სამინისტრომ მათ?

სკოლებს ახალი სასწავლო წლიდან შევთავაზეთ უფრო მოქნილი საათობრივი ბადე. სამი ტიპის ალტერნატივა შევთავაზეთ, პირველი ის, რაც ჰქონდათ, სადაც  ხისტად არის გაწერილი კვირეული საათობრივი დატვირთვა თითოეული საგნის მიხედვით; ვთავაზობთ მეორე მოდელს, სადაც წლიური  ჯამური საათებია მოცემული და სკოლას შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ეს საათები სემესტრების მანძილზე. მაგალითად, ერთ სემესტრში შეუძლია გააკეთოს აკუმულირება მეტად და მეორეში უფრო განტვირთოს რომელიმე საგანში.

მესამე ვარიანტია, როდესაც სკოლა თვითონ ადგენს საათობრივ ბადეს თავისი შეხედულებისამებრ მთლიანად. მეორე და მესამე ვარიანტში აუცილებლად უნდა წარმოგვიდგინოს დასაბუთება, თუ რატომ უნდა ცვლილება, რაში უშლის, ვთქვათ, ხელს არსებული ბადე, რა არის ცვლილების არსი, რატომ ფიქრობს სკოლა, რომ ასეთი მოწყობით და ორგანიზებით უკეთესად შეძლებს სწავლებას და ა.შ.

მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც ისტ-ის საათების ინტეგრირებას ითხოვდნენ მათემატიკასთან. ისინი აჩვენებდნენ, რომ მე-5 მე-6 კლასებში რა მიზნებსაც ვისახავთ ინფორმაციებსა და ტექნოლოგიებში, სრულად ჰქონდათ ინტეგრირებული მათემატიკაში. ამის უფლება აქამდე სკოლას არ ჰქონდა, ეხლა ეს შესაძლებელია.

ასევე შესაძლებელია, სკოლამ რომელიმე საგანს მოაკლოს საათები, თუმცა ამ საგანში მისაღწევი მიზნები სხვა საგანში უნდა შეივსოს.

თუ ისტ-სა და მათემატიკას ერთი და იგივე პედაგოგი არ ასწავლის, ერთ-ერთი პედაგოგი დაკარგავს საათებს?

ამიტომ ვამბობ, ეს არის სკოლის გადასაწყვეტი. იდეაში ისიც შესაძლებელია, რომ ორივე პედაგოგმა გაინაწილოს ეს ფუნქცია, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალი პროგრამა უნდა შემოგვთავაზონ მათ, სადაც კარგად იქნება ნაჩვენები ეს ინტეგრირება როგორ იქნება.

სკოლას თუ შეუძლია შეამციროს გაკვეთილების რაოდენობა და ამ მხრივ თუ იქნება რაიმე ცვლილება?

რაოდენობის კლება არ მომხდარა. ზოგადად, ჩვენ ვცდილობთ, რომ 6 გაკვეთილზე მეტი არ იყოს ყოველდღიურად. ადრე რომ მეშვიდე-მერვე გაკვეთილი იყო, ახლა აღარ გვაქვს, მაგრამ თუ არის სადმე, მაშინ სკოლამ უნდა უზრუნველყოს, რომ დიდი დასვენება სწორად ჩაისვას.

სკოლას მისი ავტონომიურობა თუ აძლევს იმის უფლებას, თვითონ გადაწყვიტოს დღეში რომელ საგანს რამდენი საათი დაუთმოს? როგორც ვიცი, აქამდე ასე არ იყო.

ბადის მოქნილობა გულისხმობს სწორედ ამას, რომ შეიძლება გაკვეთილები დაწყვილდეს კონკრეტული კლასის საჭიროებიდან გამომდინარე. არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი მთელი წლის განმავლობაში გადალაგდეს. ეს ცვლილება აგვისტოში შევიდა და უკვე ბევრი სკოლა შეგვეხმიანა, რომლებსაც სურთ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მეორე სემესტრისთვის კარგად დაგეგმავენ. თუმცა, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ მაინც აუცილებელია გარკვეული მონიტორინგი.

კერძო სკოლებიც უნდა შეუთანხმდეს სამინისტროს ბადის ცვლილებაზე?

მესამე ვარიანტის შემთხვევაში – კი, რადგან ისე არ მოხდეს, რომ რომელიმე საგანი სულ ამოვარდეს და არანაირი ინტეგრირება არ მოხდეს.

თუ არის განსაზღვრული, მაგალითად, კონკრეტული საგანი რამდენჯერ უნდა ჩატარდეს კვირაში და სკოლას თუ შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს რომელ საგანს რამდენი დრო დაუთმოს?

ეს საათები ჰაერიდან მოტანილი არ არის, ცხადია, როცა სტანდარტი იწერება, გათვლილია დაახლოებით რომელ საგანს რამდენი დრო უნდა დაეთმოს. თუმცა, გააჩნია, სკოლაზეა დამოკიდებული. თუ ის გვაჩვენებს ინტეგრირებას რომელიმე სხვა საგანთან, ამ შემთხვევაში შეიძლება მოაკლდეს. ჩვენთვის მთავარია დავინახოთ, რომ სასწავლო შედეგებზე გადის, მაგრამ როგორ გადის, სკოლამ ამის სხვადასხვა გზა შეიძლება დასახოს, რომელიც უნდა იყოს რეალისტური. ამიტომ ვითხოვთ დასაბუთებას.

ახალი ბადის მიხედვით, თუ ჩამონათვალში არ იქნება საგანი, აუცილებლად უნდა გვაჩვენონ ამ საგნით განსაზღვრულ შედეგებს როგორ მიაღწევენ. საჯარო სკოლებში არ გვქონია მსგავსი მოთხოვნა, მაგრამ კერძო სკოლებიდან გვაქვს. სადაც ხელოვნებისა და მუსიკის მიმართულებით ბევრი არაფორმალური აქტივობა აქვთ, სადაც უფრო მეტ დროს უთმობენ ხელოვნებას და მუსიკას, იქ ითხოვენ, რომ მინიმუმამდე შეამცირონ ფორმალურ განათლებაში ეს საათები. ამიტომ, როცა ვხედავთ, რომ სკოლა შედეგზე გადის, ამ შემთხვევაში, საათების შემცირება ხელს არ შეუშლის.

დაახლოებით რამდენი სკოლა ითხოვს ბადის ცვლილებას?

ძირითადად კერძო სკოლები ითხოვენ მოქნილ ბადეს, თუმცა საჯარო სკოლებიდანაც იყო დაინტერესება გაკვეთილების დაწყვილებასთან დაკავშირებით. ახლა უფრო მეტად დაფიქრდნენ ამ კუთხით რა შეიძლება გააკეთონ. ველოდებით, რომ მეორე სემესტრიდან უფრო წამოვა ინიციატივები.

ბადეს გარდა თუ იყო მოთხოვნა კიდევ სხვა ცვლილებებზე და კონკრეტულად რაზე?

ახლა მიდის საუბარი შეფასების კომპონენტში ცვლილებაზე. კერძო სკოლებს მივეცით უფრო მეტი თავისუფლება, მაგალითად, თუ შეფასებებში არის სამი კომპონენტი – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალება, კერძო სკოლებს მივეცით უფლება, რომ ამ კომპონენტების წონა თვითონ განსაზღვრონ.

საჯარო სკოლას რატომ არ აქვს ამის უფლება?

ეს განსახილველი საკითხია. ცხადია მივდივართ იმისკენ, რომ საჯარო სკოლის ავტონომიურობა გაიზარდოს, ვნახოთ. ცოტა მეტი დამაკვალიანებელი ინსტრუმენტია საჭირო.

თუ კერძო სკოლას აქვს ეს ინსტრუმენტი, ხომ შეიძლება მისი საკარო სკოლაში დანერგვაც?

კერძო სკოლებიდან ბევრ გამოცდილებას ვიღებთ, მათგან ბევრი ინიციატივა მოდის. მაგალითად, კლასის გაყოფასთან დაკავშირებით და ამ გამოცდილებებს ვიყენებთ.

კლასის გაყოფა ნიშნავს ახალი მასწავლებლის დამატებას, თუ ერთი მასწავლებელი მუშაობს ორივე კლასში?

გააჩნია, ცხრილი როგორ დალაგდება.

საგნობრივი ცვლილებები თუ შევიდა წელს?

მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ მე-7 კლასში ახალი საგანი „მოქალაქეობა“ შევიდა.  სამოქალაქო განათლების კომპონენტი იწყება მე-3 კლასიდან, მაგრამ მეშვიდეში იყო წყვეტა. მალე მე-8 კლასის სახელმძღვანელოებზე გამოვაცხადებთ კონკურსს და მომავალი წლიდან მერვე კლასშიც შევა ეს საგანი, შემდეგ კი მე-9-ში და ყველა კლასში სამოქალაქოს კომპონენტი კარგად იქნება წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანი თემებით შევდივართ, მაგალითად, მეშვიდეში ხუთი თემაა წამოწეული, პირველი თემაა თემი, რომელშიც ვცხოვრობ, სადაც, სავარაუდოდ, ისეთი საკითხებია, როგორიცაა: დაწერილი და დაუწერელი წესები, არასრულწლოვანი და დანაშაული, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, კულტურული მრავალფეროვნება ჩემ გარშემო.

მეორე თემაა, სასკოლო გარემო, სასკოლო საზოგადოება, სადაც აქცენტი კეთდება სკოლაში თანასწორობაზე, უსაფრთხო სკოლაზე, მწვანე სკოლაზე, ბულინგზე, რაც აქტუალურია ამ ასაკის მოსწავლეებისთვის, ჯანსაღ ცხოვრებაზე, სადაც აქცენტი კეთდება ადრეულ ქორწინებაზე, გარდატეხის ასაკზე, ჯანსაღ კვებაზე და ა.შ. ვფიქრობ, გარდატეხის ასაკში მსგავსი თემების შეტანა სკოლაში მნიშვნელოვანია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com