13 სექტემბერს ფეისბუქგვერდმა „სირცხვილის კორიდორი“ „ბათუმელების“ სახელით ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. გვერდზე გამოჩნდა გაყალბებული სქრინი, სადაც იკითხებოდა სათაური – „სად სწავლობენ და რა უჯდებათ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შვილების სწავლა?“ და გაყალბებული სტატიის პირველი აბზაცი, რომლის მიხედვითაც დეპუტატ სალომე სამადაშვილის [ენმ] შვილი მოსკოვში სწავლობს, ხოლო დეპუტატი გიგა ბოკერია [ევროპული საქართველო] შვილის სწავლისთვის საზღვარგარეთ 16 451 ლარს იხდის. სქრინს თან არ ახლდა სტატიის ბმული.
მსგავსი სათაურის და შინაარსის სტატია „ბათუმელებს“ არც 2019 წლის 13 სექტემბერს და არც მანამდე არ გამოუქვეყნებია.
ფეისბუქგვერდ „სირცხვილის კორიდორს“ 6 300 ადამიანი იწონებს ფეისბუქზე. გვერდი ძირითადად დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, მოძრაობა „სირცხვილიას“ და იმ პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების უარყოფითად წარმოჩენით, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ. გვერდზე არ გვხვდება არც ერთი პოსტი, რომელიც შეიცავს მთავრობის ან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების კრიტიკას.
„ბათუმელების“ სახელით გაყალბებული ინფორმაცია ამ დრომდე გვერდზე, აპინული რჩება. ამ დროისათვის ყალბ ინფორმაციას 73 გაზიარება აქვს. „ბათუმელებმა“ მისწერა აღნიშნულ გვერდს და მოსთხოვა, წაშალოს ყალბი ინფორმაცია და ასევე, რედაქცია დაუკავშირდა facebook-ის ადმინისტრაციას.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არაიდენტიფიცირებული გვერდები და გამოცემები „ბათუმელების“ სახელით ავრცელებენ ინფორმაციას. 2019 წელს შეიქმნა ვებგვერდი batumelebi.cc, რომელიც იყენებდა „ბათუმელების“ სახელს და ძირითადად სხვადასხვა, ყვითელი გამოცემებიდან მოპარული ინფორმაციის გავრცელებით იყო დაკავებული. ამავე ვეგბგვერდზე გამოქვეყნდა ყალბი, ქსენოფობიური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნოტრ-დამის დაწვას მუსლიმები ზეიმობდნენ.
ამ დროისთვის აღნიშნული გვერდი აღარ იძებნება.