განათლება,მთავარი,სიახლეები

საგნების ჩამონათვალი, რომლებიც უნივერსიტეტებმა 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის აირჩიეს

13.09.2019 • 3104
საგნების ჩამონათვალი, რომლებიც უნივერსიტეტებმა 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის აირჩიეს

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების ჩამონათვალი, რომლებიც აბიტურიენტებმა 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში.

ცენტრის ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, დეკემბრის ბოლომდე კიდევ შეიტანონ ცვლილება აღნიშნულ ჩამონათვალში.

უმაღლესი სასწავლებლების მიერ განსაზღვრული საგნების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ასეთია: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

აბიტურიენტებს ასევე მოუწევთ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სამი სავალდებულო საგნის – ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა/ისტორიის – ჩაბარება.

მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა;
  1. უცხოური ენა;
  1. ბიოლოგია;
  1. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, ცენტრის ინფორმაციით, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: