ბათუმი,მთავარი,სიახლეები

დეპუტატები კაბინეტებს თავიანთი ხარჯით შეღებავენ – უმაღლესი საბჭოს მომავალი შენობა [ფოტო]

11.09.2019 • 3532
დეპუტატები კაბინეტებს თავიანთი ხარჯით შეღებავენ – უმაღლესი საბჭოს მომავალი შენობა [ფოტო]

აჭარის უმაღლესი საბჭო ხელოვნების უნივერსიტეტის ყოფილ შენობაში გადასასვლელად ემზადება. ეს შენობა [ყოფილი პირველი საავადმყოფო], რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თავის დროზე მთლიანად გაარემონტეს და იქ სასწავლო უნივერსიტეტი განთავსდა. შენობის რემონტში, ექვსი წლის წინ, 6,4 მილიონი ლარი დაიხარჯა. დღეს კი, შეიძლება ითქვას, შენობა სავალალო მდგომარეობაშია – თითქმის ყველა მხრიდან ჩადის წყალი, ამორტიზებულია კედლები და იატაკი. დაზიანებულია მინის კარები.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია ხარჯთაღრიცხვის შედგენა, თუ რა თანხა დასჭირდება შენობის გარემონტებას. მანამდე, უმაღლესი საბჭო საკუთარი ძალებით გარკვეულ სამუშაოებს უკვე ატარებს. მიმდინარეობს ინტერნეტის ქსელის, ელექტროობის და სხვა სამუშაოები.

„მიმდინარე სამუშაოები 2019 წლის ეკონომიით მიღებული თანხით კეთდება. დეპუტატებს მოუწიათ საწვავის დაზოგვა, ასევე გარკვეულ ვაკანსიებზე არ აგვიყვანია თანამშრომლები და სახელფასო ფონდიდან მათთვის განკუთვნილი სახელფასო თანხა ამ შენობას მოხმარდება. ამასთან, ჩაქვში მდებარე შენობაში უნდა მოგვეწესრიგებინა სხდომათა დარბაზი, რისთვისაც თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული [იგეგმება სხდომების პირდაპირი ტრანსლირება და სხვ.]. ეს თანხაც ამ შენობაში დარბაზის მოწესრიგებას მოხმარდება. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს წევრების კაბინეტებს, ისინი [მათ შორის საბჭოს თავმჯდომარეც – ავტ.] სამღებრო სამუშაოებს საკუთარი ხარჯებით ჩაატარებენ. ვინაიდან შენობა ძეგლია, ყველა სამუშაო შეთანხმებულია და შეთანხმდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან,“ – გვითხრეს უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში.

აჭარის უმაღლეს საბჭოში, შრომის ანაზღაურების შესახებ ვრცლად ნახეთ ბმულზე.

ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში რომ წყალი ჩადიოდა და კედლები რამდენიმე ადგილას დაზიანებული იყო, ამის შესახებ „ბათუმელები“ სამი წლის წინაც წერდა. ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა, ერმილე მესხიამ, მაშინ განაცხადა, რომ წყალი შენობაში 2012 წლიდან ჩადის, ანუ მას შემდეგ, რაც შენობის რეაბილიტაცია დასრულდა.

[red_box]ამ თემაზე ვრცლად: ხელოვნების უნივერსიტეტში წყალი ჩამოდის[/red_box]

ხელოვნების უნივერსიტეტი ამჯერად გორგილაძის ქუჩაზე, ყოფილი კოლეჯის შენობაში გადავიდა. ეს შენობაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მის გარემონტებაში ბიუჯეტიდან დაახლოებით 3,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

4 735 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სადაც 4 055 კვ/მ საერთო ფართობის [უმაღლესი საბჭოს მომავალი შენობა] ნაგებობა დგას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია და მისი მოსარგებლე, საჯარო რეესტრის მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია ის შენობა [2 540 კვ/მ.] და მიწის ნაკვეთი [13 154 კვ/მ] ჩაქვში, სადაც ჯერჯერობით უმაღლესი საბჭოა განთავსებული. განიხილება ამ ქონების გასხვისებაც და იჯარაც, განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში, კანონით, 117 საშტატო ერთეულია. ამაში შედის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიც. აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტი 5 216 800 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის გეგმით გათვალისწინებულ თანხაზე 170 ათასი ლარით მეტია. აქედან უშუალოდ ხელფასებისთვის 3 433 200 ლარია გათვალისწინებული.

ფოტორეპორტაჟი შენობიდან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და სადაც აჭარის საკანონმდებლო ორგანომ უნდა გააგრძელოს მუშაობა:

ოთახი, სადაც უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზი მოეწყობა. მარჯვნივ – დაზიანებული კედელი ამავე დარბაზში / 11.09.2019

ამ ოთახში, სადაც დღეს წყალი ჩადის, რომელიმე დეპუტატის კაბინეტი განთავსდება / 11.09.2019

წყლისგან დაზიანებული კედელი შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და სადაც უმაღლესი საბჭო უნდა განთავსდეს / 11.09.2019

შენობა, სადაც ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი იყო განთავსებული / 11.09.2019

დაზიანებული იატაკი და კედელი / 11.09.2019

სოკო შენობის მეორე სართულზე / 11.09.2019

კედელი დერეფანში სადაც წყალი ჩადის და ფარდა, რომელიც აქ ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტმა დატოვა / 11.09.2019

დაზიანებული მინის კარი, რომელიც წებოვანი ლენტით გაუმაგრებიათ უნუვერსიტეტელებს / მინაჩამტვრეული რამდენიმე კარი დააფიქსირა აქ „ბათუმელებმა“ 11.09.2019

ხელოვნების უნივერსიტეტის რექრტორის ყოფილი კაბინეტი [მარცხნივ] და ამ კაბინეტის გვერდით მდებარე ოთახი შენობაში, სადაც უმაღლესი საბჭო გადადის / 11.09.2019

ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ყოფილი და უმაღლესი საბჭოს მომავალი შენობა ზუბალაშვულის ქუჩის [სკვერის] მხრიდან / 11.09.2019

შენობა და ეზო ლუკა ასათიანის ქუჩის მხრიდან / 11.09.2019

მთავარი ფოტო:  შენობა ბათუმში, ლუკა ასათიანის N 37-ში [ხედი ვახტანგ გორგასლის ქუჩის მხრიდან] / ფოტო: თედო ჯორბენაძე/„გაზეთი ბათუმელები“ / 11,09.2019

ამ შენობაში აჭარის მთავრობის გადასვლაზეც იყო საუბარი, თუმცა, საბოლოოდ უმაღლესი საბჭოს გადასვლა გადაწყდა.

რაც შეეხება მთავრობას და სამინისტროებს, აჭარის ბიუჯეტიდან 2018 წელს 542 800 ლარია გადახდილი პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში აჭარის მთავრობის ახალი შენობა უნდა აშენებულიყო. მშენებლობისთვის თანხა კი არც მიმდინარე წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული და არც 2020 წლის ბიუჯეტის მუშა პროექტში დევს. ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 28 მილიონი ლარია საჭირო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაახლოებით სამი თვის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შესაბამისი თანხა ამ ეტაპზე არ აქვთ.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: