განათლება,მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში შეგიძლიათ დასაქმდეთ სკოლაში სახელმწიფო პროგრამით

11.09.2019 • 4517
რა შემთხვევაში შეგიძლიათ დასაქმდეთ სკოლაში სახელმწიფო პროგრამით

პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგების საჯარო სკოლიდან გასვლის შემდეგ სკოლებში გაჩენილ ვაკანსიებზე კონკურსები მიმდინარეობს. სკოლების გარკვეულმა ნაწილმა სასურველი კადრები შეარჩია, თუმცა ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ 1 500 ვაკანსიაა.

იმ შემთხვევაში, თუკი სკოლები არსებული ვაკანსიების შევსებას სასწავლო წლის დასაწყისში ვერ შეძლებენ, სკოლაში შესვლის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით, რომელსაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერონული ცენტრი და აჭარის განათლების სამინისტრო ახორციელებს.

პროგრამას „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“, აჭარის განათლების სამინისტრო რამდენიმე წელია, რაც ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 30 პედაგოგი დასაქმდა საჯარო სკოლებში, ძირითადად, მაღალმთიან რეგიონებში.

რა ხდება მიმდინარე წელს და როდის შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს პროგრამაში ჩართვა?

სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პროგრამით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს მას შემდეგ შეეძლებათ, როცა სკოლები ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს დაასრულებენ.

„ჯერ არ ვიცით რომელ სკოლებში გვექნება ვაკანსიები, ეს გაირკვევა კონკურსების შემდეგ. ანალიზის შემდგომ შეგვეძლება 30 მასწავლებელი ამ პროგრამის ფარგლებში დავასაქმოთ,“ – ამბობს ნაზობროლა ბერიძე-გაბაიძე.

მისი თქმით, გასულ წელს პროგრამის ფარგლებში 30 მასწავლებელი დაასაქმეს. პროგრამის ფარგლებში პედაგოგებთან ერთწლიანი ხელშეკრულება ფორმდება. იმ შემთხვევაში, თუკი დასაქმებული მასწავლებელი შემდგომ წელსაც გადაწყვეტს იმავე სკოლაში მუშაობის გაგრძელებას, მას ხელშეკრულებას სამინისტრო ისევ უფორმებს.

თუ დატოვებს პროგრამით მოსარგებლე პირი სკოლას,  გაჩენილ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოცხადდება.

„იმ პედაგოგებს, რომლებიც გასულ წელს დასაქმდნენ პროგრამით, შეუძლიათ სკოლების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა და მუდმივად დასაქმდნენ, მაგრამ ამ პროგრამით მოსარგებლე პედაგოგები ძირითადად ქალაქებში ცხოვრობენ და 1000-ლარიანი დანამატია ერთ-ერთი წამახალისებელი იმისთვის, რომ ცოტა ხნით გადავიდნენ მაღალმთიანეთში. თუ არ მიიღებენ ისინი კონკურსებში მონაწილეობას, გასაკვირი არ იქნება, რადგან მათი შემოსავლის წყარო მცირდება, ბუნებრივია.

ჩვენ გარანტია ვერც ერთ მასწავლებელს ვერ მივეცით იმაზე, რომ თუკი, ვთქვათ, კონკურსებში არ მიიღებენ მონაწილეობას და სკოლა მათ ნაცვლად სხვა პედაგოგს აიყვანს, ჩვენ მოგვიწევს ჩვენი დასაქმებული მასწავლებლების იმ სკოლებში გაშვება, სადაც დარჩება ვაკანსიები, “- ამბობს ნაზობროლა ბერიძე-გაბაიძე.

თუმცა, მისი თქმით, სამინისტროს პოზიციაა, რომ სკოლებს საბოლოო ჯამში ჰყავდეთ მათი მასწავლებლები, რომლებიც არ იქნებიან პროგრამაზე მიბმული.

„ჩვენი პროგრამა არის დროებითი ზომა, მაგრამ ეს სკოლაში განათლების ხარისხის მდგრადობას ხელს ვერ უწყობს, იმიტომ, რომ მასწავლებელი რიგ შემთხვევაში იცვლის ოჯახურ მდგომარეობას და ვეღარ აგრძელებს მუშაობას სოფლის სკოლაში, ან რთულ კლიმატურ პირობებში დიდხანს ცხოვრება უჭირს. ამიტომ არიან მასწავლებლები, რომლებიც პროგრამას ტოვებენ მსგავსი მიზეზების გამო“.

ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძის თქმით, თუკი პირი პროგრამის ფარგლებში უწყვეტად არის დასაქმებული სკოლაში, მას მომავალ წელს სხვა კონკურსანტებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება და ხელშეკრულება ავტომატურად უგრძელდება. „თუკი ერთწლიანი წყვეტა ექნება,  მაშინ ხელახლა უწევს კონკურსის გავლა“.

პროგრამის ფარგლებში დასაქმების მსურველს ნებისმიერ დროს შეუძლია სამინისტროში წარადგინოს დოკუმენტაცია და ვაკანსიის შემთხვევაში გამოცხადებულ კონკურსში ჩაერთოს.

პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პედაგოგები ათასლარიან დანამატს იღებენ იმასთან ერთად, რასაც სკოლაში საათობრივი დატვირთვით გამოიმუშავებენ.

პროგრამის ბიუჯეტი 2019 წლისთვის 300 ათასი ლარია.

რაც შეეხება მეორე პროგრამას  – „ასწავლე საქართველოსთვის“, რომელსაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერონული ცენტრი ახორციელებს, პროგრამის ხელმძღვანელი ლალი წიკლაური ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში რამდენი პედაგოგის დასაქმებას შეძლებენ, ეს კონკურსების დასრულების შემდეგ ეცოდინებათ.

„ჯერჯერობით არ ვიცით რამდენი ვაკანსია გაჩნდება კონკურსების შემდეგ, ველოდებით პროცესების დასრულებას,“- გვითხრა ლალი წიკლაურმა.

მისი თქმით, კონკურსი მოიცავს გასაუბრების ეტაპს. დასაქმების მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია იმ საგანში, რომლის სწავლებასაც სკოლაში აპირებს.

ლალი წიკლაურის თქმით, პროგრამაში ჩართული პირები კვალიფიციური პედაგოგები არიან და ამ კადრებზე მოთხოვნა უფრო მაღალია.  „წელს 185 პედაგოგი გვყავდა პროგრამაში  ჩართული.  არის ტენდენცია, რომ ყოველ წელს მინიმუმ ხუთი პედაგოგი მაინც ტოვებს სკოლას, ახალი სასწავლო წლისთვის რამდენი პედაგოგი დარჩება, ამის შესახებ კონკურსისების დასრულების შემდეგ გვეცოდინება,“- ამბობს წიკლაური.

განმეორებითი კონკურსები საჯარო სკოლებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე 14-15 სექტემბერს გაიმართება. საჯარო სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს იწყება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: