მთავარი,სიახლეები

ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა დაშვებულ ნორმას კვლავ აჭარბებს – სააგენტო

08.09.2019 • 1769
ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა დაშვებულ ნორმას კვლავ აჭარბებს – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო დღეებში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე 1.4-ჯერ გადაჭარბება დაფიქსირდა ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე.  ქალაქ თბილისში, წერეთლის გამზირზე კი, იგივე კონცენტრაციები დაშვებულ ნორმას 1.3-ჯერ აჭარბებდა. აგვისტოს დასაწყისში ბათუმში, ასევე, აბუსერიძის ქუჩაზე, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებმა საშუალო წლიურ ნორმას 1.5-ჯერ გადააჭარბა.

სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი ავტომატური სადგურების საშუალებით ხორციელდება. ასეთი სადგური ბათუმში სწორედ აბუსერიძის ქუჩაზეა [რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან] განთავსებული.

„თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. ასევე თბილისში ,,ილიას ბაღში“ პერიოდულად ფიქსირდებოდა ოზონის მომატებული მნიშვნელობები 27 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავში 1.5-ჯერ; 30 აგვისტოს – „ილიას ბაღში“- 1.2-ჯერ, რუსთავში – 1.8-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ; 31 აგვისტოს – რუსთავში- 1.6-ჯერ, ხოლო თბილისში „ილიას ბაღში“ – უმნიშვნელოდ. 28 და 29 აგვისტოს, ასევე 1 და 2 სექტემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ “ – აღნიშნულია სააგენტოს მიერ 6 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში – „ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ნუცუბიძის ქ.N82, №126-ე საჯარო სკოლასთან; გრ. ფერაძის ქ.N5, N208-ე ბაგა-ბაღთან; გ.ჩოხელის ქ. N16, კერძო სკოლასთან „ქორალი“; ვარდისუბნის ქ.N8, N133-ე საჯარო სკოლასთან“.

სააგენტოს განცხადებით, ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში: „ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: