მთავარი,სიახლეები

ქვრივი ქალების სექსუალობის კონტროლი – ფემინისტის პირადი გამოცდილება 

10.09.2019 • 9242
ქვრივი ქალების სექსუალობის კონტროლი – ფემინისტის პირადი გამოცდილება 

„განათლების მიღება არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. განათლება ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება დამოუკიდებლობის მოპოვებას. ერთნაირ ჩაგვრას არ განიცდიან ქალები, რომლებიც დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ და, მაგალითად, ისინი, ვისაც შვილის ექიმთან მიყვანის საშუალება არ აქვს,“ – მიიჩნევს ნაცო ბერიძე-გაბაიძე. ნაცო მოგვიყვა, რომ ფემინისტური ხედვები მასში მას შემდეგ გააქტიურდა, როცა ბრიტანეთში სამაგისტრო პროგრამის – პოლიტიკური მეცნიერებების სასწავლად ჩავიდა.

ნაცომ განათლების პოლიტიკაზე სამაგისტრო პროგრამა ჯერ ამერიკაში, ვანდერბილტის უნივერსიტეტში გაიარა, შემდეგ კი – ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტში – UCL-ში, სადაც უთხრეს, რომ ქალებს ამ უნივერსიტეტში განათლების მიღების შესაძლებლობა სულ რაღაც 100 წლის წინ მიეცათ… ნაცო დაინტერესებულა ადგილებითაც, სადაც მწერალი ვირჯინია ვულფი ცხოვრობდა და რეალობით, როცა ქალები საკუთარ ნაწარმოებებს, მაგალითად, ვერ აქვეყნებდნენ მარტო იმის გამო, რომ ქალები იყვნენ. არსებობდა „გამოსავალიც“ – წიგნს კაცის სახელს დააწერდნენ.

ქვრივის ქალების სექსუალობის კონტროლი

„შავი ტანსაცმლის ჩაცმა არ არის მხოლოდ გლოვის გამოხატვის ფორმა, ეს ჩვენი სექსუალობის კონტროლიც არის“ – ამბობს ნაცო ბერიძე-გაბაიძე. ის ფემინისტია და ამ ვიდეოში საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს – რა ჩარჩოს უწესებს დაქვრივებულ ქალს საზოგადოება. ნაცოს მეუღლე – თემურ გაბაიძე კურორტ „გოდერძზე“ 2017 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.

Posted by netgazeti.ge on სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2019

ნაცო ბერიძე-გაბაიძე ამჟამად აჭარის განათლების სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მას, როგორც ფემინისტს,  ვესაუბრეთ იმ სირთულეებზე, რომლებიც მისი დაკვირვებით და პირადი გამოცდილებითაც არსებობს დაქვრივებული ქალების მიმართ – ნაცოს მეუღლე, თემურ გაბაიძე 2016 წელს კურორტ „გოდერძიზე“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დაიღუპა.

როგორ გავხდი ფემინისტი

„უცნაურია. მანამდე თითქოს ეს პრობლემა არ იდგა. არ მქონდა პროტესტი. არც იმაზე მქონდა პროტესტი,  დედაჩემს ბევრი საქმე რომ ჰქონდა, რადგან თავად არ წუწუნებდა, არც მე ვაპროტესტებდი,“ – იწყებს თხრობას ნაცო. მასთან ინტერვიუ სახლში ჩავწერეთ.

„ამ ცნობილ ბრიტანულ უნივერსიტეტშიც, სადაც 2014 წელს ვსწავლობდი, წარსულში ძირითადად კაცებს იღებდნენ ან რელიგიური ოჯახის წევრებს. UCL ყოფილა თურმე ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ ქალებსაც მისცემდნენ განათლების მიღების უფლებას. ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში, რაც ახლანდელი გადასახედიდან შორი არ არის. მაშინ ჩაუტარებიათ ასეთი ექსპერიმენტიც: ქალის მიერ დაწერილი მხატვრული ნაწარმოები წააკითხეს ორ ჯგუფს. ნაწარმოები იქ მოეწონათ, სადაც უთხრეს, რომ იგი კაცმა დაწერა.

არც 2011 წელს ვიყავი ფემინისტი, როცა ბრიტანეთში წასვლამდე დავოჯახდი და გვარი გადავიკეთე – „ბერიძე -გაბაიძე“. მაშინ ეს რომანტიკულ თავგადასავლად მივიჩნიე და ქმრისგან არც კი მქონია მოლოდინი, რომ მასაც შეეცვალა გვარი, თუ ეს რომანტიკული იყო. ეს დიდი სიხარულით და ჩემი ნებით გავაკეთე.

ნაცო ბერიძე-გაბაიძე

ყველაზე დიდი გავლენა მაინც ოჯახის შექმნაა – ფარული ჩაგვრა, რაც მანამდე ზედაპირზეა, ოჯახის შექმნის შემდეგ, ქალები კიდევ უფრო მეტად გრძნობენ ამას. თუკი მანამდე დასაოჯახებელი გოგო ხარ, შეიძლება ყველა ფეხის ნაბიჯზე ვერ დაინახო ეს დამოკიდებულება. დაოჯახების შემდეგ კი ყველაზე ხშირად გავიგონებთ ოჯახში შრომის გაყოფის საკითხს. ეს როლები კიდევ უფრო მყარდება და ქვავდება კიდეც, რაც უფრო მეტ ფუნქციას იძენს ქალი ოჯახში. შემდეგ ხდები დედა და აქ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნები ჩნდება, რომელიც კაცზე არ ვრცელდება.

არ მოსწონთ ხოლმე ქალებს, როცა ჩაგვრას ვამბობთ, მაგრამ ჩაგვრაა, სხვა არაფერი, როდესაც ადამიანი შრომობს დაუბალანსებლად და ამ შრომას არ მიიჩნევენ არც დამღლელად, არც მომაბეზრებლად. რომანტიკულად თუ წარმოვიდგენთ, დედობა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამას თუ დავშლით იმ საქმიანობებად, თუ რამდენჯერ უნდა აჭამო, გამოუცვალო საფენი, დააძინო, ეს ძალიან რთული შრომაა ქალებისთვის, ართმევს მათ პირად სივრცეს თვითგანვითარებისთვის. ჩვენ გვიწევს ჩვენი ცხოვრება დავაბალანსოთ სამსახურს, ოჯახსა და საზოგადოებას შორის.

ჩემი მეუღლე – თემური მასწრებდა ფემინისტობაში, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.

რა იცვლება ქალის დაქვრივების შემდეგ?

მე ვფიქრობ, რომ ქალები ერთნაირ ჩაგვრას არ განიცდიან – რაც უფრო დიდია გაჭირვება, გაცილებით მეტი ჩაგვრის წინაშე დგები. ჩემი დაქვრივების შემდეგ, არ მიმაჩნია, რომ იმავე გამოწვევის წინაშე დავდექი, როგორც სხვა ბევრი ქალი. უმრავლესობა, ვინც დაკარგა მეუღლე, დაკარგა ამავდროულად შემოსავლის წყაროც, დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება. ისინი იძულებული ხდებიან იცხოვრონ ან მშობლებთან, ან დედამთილთან და მამამთილთან. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ პირადი სივრცე, ფაქტობრივად, არ აქვთ.

ეს ნიშნავს იმასაც, რომ თუკი გადაწყვეტენ, ჰქონდეთ ურთიერთობები ქორწინებით თუ ქორწინების გარეშე, ეს მათთვის რთულად წარმოსადგენი და მოსახერხებელია.

იყო შემთხვევები, როცა აკეთებდნენ ერთგვარ დასკვნებს ჩემს ქცევაზეც, რომ თითქოს არანაირი მომავალი არ მაქვს. არ ტოვებდნენ ამ საკითხს ჩემს გადასაწყვეტად. ძალიან რთულია, ზოგადად, საზოგადოებრივი ნორმების წინააღმდეგ წასვლა. ეს მოქმედებს თითოეულ ჩვენგანზე. მე ძალიან მალე გავიხადე შავები – თემურის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლის შემდეგ და ბევრისთვის ეს იყო წარმოუდგენელი.

შავი ტანსაცმლის ჩაცმა არ არის მხოლოდ გლოვის გამოხატვის ფორმა, ეს ჩვენი სექსუალობის კონტროლიც არის. მგლოვიარე დედების შემდეგ მგლოვიარე ცოლები ატარებენ ყველაზე დიდხანს შავს. რაც უფრო ასაკშია ქალი, მით უფრო დიდხანს უწევს შავების ტარება და ნაკლებია მოლოდინი, რომ ის ისევ შექმნის ოჯახს. შავი ტანსაცმლის ტარება იძლევა სიგნალს, რომ შენ, უბრალოდ, ჯერ არ ხარ მზად ურთიერთობებისთვის, რომ პატივი უნდა სცენ შენს მდგომარეობას.

რაში სჭირდება საზოგადოებას ქალის სექსუალობის კონტროლი?

დაოჯახებისთანავე ქალი აღიქმება საკუთრებად. სიტყვებითაც რომ ვიმსჯელოთ, მე „დაოჯახებას“ ვიყენებ, მაგრამ ძირითადად იყენებენ „გათხოვებას“, ანუ გასაგნებულია ქალი. ის ქმრის საკუთრებაა და დამოუკიდებელი ავტონომია არ გააჩნია. ბევრ ქალს, რომელიც ახალგაზრდა დაქვრივდა და ვესაუბრე, მითხრეს, რომ მათ ოჯახის წევრებმა უთხრეს, შავები უნდა გაიხადო, პაემანზე წახვიდეო. ანუ ქალი ამ დროს ლეგიტიმაციას ელოდება სხვებისგან. თუკი ქვრივი ქალი ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს სხვებისგან, მიიჩნევა, რომ ამის დრო არ  არის, ან ახლა არ არის ამის დრო, ან არც არასდროს იქნება.

ჩვენ, ქალებმა, უნდა მივიღოთ, ასე ვთქვათ, დავალება, რის გაკეთება არის კულტურულად შესაფერისი.

რა შეცვლის ამ დამოკიდებულებას?

მნიშვნელოვანია ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ყოველ ქალს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკურ თეორიებს მიჰყვეს და ისე დაალაგოს თავისი ცხოვრება, როგორც ამას სამართლიანობა მოითხოვს. უთქვამს ჩემთან ზოგიერთ ქალს, რომ ქმარი სცემს, მაგრამ მას არ აქვს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, რომ მივიდეს სახლში და თქვას, დღეს ამ ძალადობას ვასრულებ და აღარ მოვითმენო. მარტო პირადი მაგალითით რომ ვთქვა, იოლია ამის კეთება-მეთქი, ასე არაა. ცვლილებების პროცესი არის ძალიან ნელი და რთული.

განათლების მიღება ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება დამოუკიდებლობის მოპოვებას, მაგრამ მხოლოდ განათლება არაა საკმარისი. სოლიდარობაა ალბათ მნიშვნელოვანი. ქალებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პრობლემების დანახვა და ხელშეწყობა. მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, ბევრი საერთო გვაქვს და პირველი ჩვენი საერთო არის სქესი.

შესაძლოა, დედობა ყველამ სხვადასხვაგვარად გამოვცადოთ. სხვაა, როცა შვილი ავად გაგიხდება და ექიმთან წასაყვანად ფული არ გაქვს და დედობა, როცა შვილი უპრობლემოდ მიგყავს ექიმთან, მაგრამ შეძლებული დედაც და გაჭირვებული დედაც საერთო პრობლემებს აწყდება. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებლობების გაზიარებაა მნიშვნელოვანი. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ ჩვენთვის არ ვაკეთებთ და ეს უნდა დავინახოთ სისტემურად.

რატომ დავბრუნდი საქართველოში?

სამუშაო ადგილის შოვნა დასავლეთის ქვეყნებშიც შესაძლებელია, მაგრამ კონკურენცია გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. მე დავამთავრე ვანდერბილტის უნივერსიტეტი და იმ წელს დაამთავრა კიდევ 60-მა ჩემთან ერთად. სამოცივე შეიძლებოდა ჩემი კონკურენტი ყოფილიყო. კიდევ რამდენი უნივერსიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სტუდენტებს უშვებს.

სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ სამსახურს არ ნიშნავს: ჩვენ აქ გვყავს ოჯახები, გვესმის ერთი და იგივე ხუმრობები, ერთი და იმავე მულტფილმებისთვის გვიყურებია ბავშვობაში, გვესმის პოლიტიკური კონტექსტი, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი არავინ იცის ამერიკაში და ვერ იხუმრებ ამ თემაზე. იქ უნდა ისწავლო პრაქტიკულად მთელი კონტექსტი. მე როცა ჩავედი ამერიკაში, ქუჩაში გადასვლასაც ვსწავლობდი. არადა, მანამდე მიმაჩნდა, რომ დამოუკიდებელი ვიყავი და არათუ ქუჩაში გადასვლა, არამედ დამოუკიდებელი ცხოვრებაც შემეძლო. აღმოვაჩინე, რომ ლამის ბავშვის დონეზე მჭირდება რაღაცების სწავლა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დისკომფორტია. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში ავტომატურად გვაქვს ეს კულტურული ცოდნა და ეს აადვილებს ჩვენს ცხოვრებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2008-2010 წლებში ვსწავლობდი განათლების პოლიტიკის მიმართულებით. როცა დავბრუნდი, უკვე მქონდა განათლების სამინისტროში მუშაობის გამოცდილება და პოლიტიკის შემუშავების კუთხით მუშაობა შემომთავაზეს. იმ ასაკში ვიყავი, როცა გინდა, შენი ცოდნა გამოიყენო სხვების სასარგებლოდ. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. სულ მეკითხებიან, რატომ არ მივდივარ ევროპაში, ან არ გადავდივარ თბილისში. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქ ამ საქმის კეთება – სტუდენტების ხელშეწყობა, ვისაც განათლების მიღება სურს. თანაც, დაბალანსებულია ჩვენი პროგრამები გენდერული ნიშნით. რომ არა ეს პროგრამები, ამ ადამიანების დიდი ნაწილისთვის არ იქნებოდა ხელმისაწვდომი განათლების მიღება, მათ შორის, საქართველოში.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: