„სირცხვილია“ – ბათუმში აქციაზე გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ


ბათუმში გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებენ. ევროპის  მოედანზე მოქალაქეები არიან შეკრებილნი და ამბობენ, რომ გახარიას  გაპრემიერება დაუშვებელია.

„არ ვარ პარტიული, ამ ნიშნით ნამდვილად  არ ვარ მოსული. მაღელვებს ის, რაც  მჭირს დღეს. მე პირადად შეურაცხყოფილი ვარ, ასეთი ადამიანის გამო. ბრძანება შეიძლება გახარიას გაცემული არაა და ზუსტად იმიტომ დაგვისვა დღეს პრემიერად მისი თავი ივანიშვილმა, მაგრამ ამას  ხომ მნიშვნელობა არ აქვს. პასუხისმგებელი პირი იყო ეს ადამიანი.

არაფერზე პასუხი არ უგია, მოიყვანეს და დაგვინიშნეს პრემიერ-მინისტრად. ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. და ვინც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ყველამ უნდა გამოხატოს თავისი პროტესტი. აქ მოვედი იმიტომ, რომ ეს ჩემი ვალია იმ ბავშვების წინაშე, ვისაც 20 ივნისს თვალები დასთხარეს,“ –  ამბობს აქციის მონაწილე ნატალია მდინარაძე.

„გავრილოვის ღამის  შემოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი რომ გახდება საქართველოში პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი, ეს არის მიუღებელი და სილის გაწვნა ქართულ საზოგადოებაზე. მე როგორც მოქალაქე, გამოვდიარ ევროპის მოედანზე და სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ ახალგაზრდებს,“ –  ამბობს აქციის მონაწილე ლაშა ადამია.

ბათუმის პარალელურად დღეს საპროტესტო აქცია – „სირცხვილია“ იმართება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ.

აქცია ერას მოედანზე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან