მთავარი,სიახლეები

როგორ გადავრჩეთ – სამუშაოდ უცხოეთში [ფოტო/ვიდეო]

01.09.2019 • 3750
როგორ გადავრჩეთ – სამუშაოდ უცხოეთში [ფოტო/ვიდეო]

„ხომ ვერ გვეტყვით, სად მუშაობენ ქართველები“ – ქალაქ ბორჩხაში თურქულ ენაზე დასმულ ამ კითხვის პასუხად ახალგაზრდა კაცი გამართული ქართულით გვეუბნება, რომ სეზონის მიწურულია, მაგრამ თხილში დასაქმებული ქართველები სოფელ მურათლიში/ისტორიულ მარადიდში, ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიპოვოთ.

მარადიდის, იგივე მურათლის ცენტრში, პატარა სუპერმარკეტის წინ შეკრებილ კაცებს ასევე თურქულად ვეუბნებით, რომ „ქართველებს ვეძებთ“, რაზეც ერთდროულად რამდენიმე კაცი გვპასუხობს: „ჩვენ ვართ ქართველები“ – იცინიან და ქართულად იწყებენ საუბარს. ვაზუსტებთ, რომ საქართველოდან სამუშაოდ ჩასული ქართველების ნახვა გვინდა.

ბათუმის უნივერსიტეტიდან სტუმრებს ველოდებით, თორემ მეგზურობას გაგიწევდითო – აგვიხსნეს. შეკრებილთაგან ერთ-ერთი – იაშარ კიკნაძე მანქანაში ჯდება და თავის ბიძასთან მივყავართ, ქართველები მასთან მუშაობენო.

სამუშაოდ წასული ქართველები

იაშარ კიკნაძის ბიძის, 70 წლის გალიფ ჯებეჯი-დიდმანიძის საკარმიდამოში ორსართულიანი სახლი დგას. თავად ნალიის ჩრდილში ზის – მისალმების შემდეგ გვეუბნება, რომ ბაბუის ბაბუას აუშენებია ეს ნალია 100-ზე მეტი წლის წინ. ჩვენი ჩასვლის მიზეზი იცის და პირდაპირ თხილის ბაღში ჩასვლას გვთავაზობს. ციცაბო ფერდობზე დაკიდულ თხილის ბაღში თავის ქალიშვილს ჩასძახის, რომ ყურადღება მოგვაქციოს. რაც გინდათ გადაიღეთ და მე მერე დაგელაპარაკებითო.

გალიფ ჯებეჯი შვილიშვილებთან ერთად და 100-ზე მეტი წლის ნალია

გალიფ ჯებეჯისთან ბათუმელები – ორი ქალი და ორი კაცი მუშაობს. დიდად არ სიამოვნებთ ჩვენი, ანუ ჟურნალისტების დანახვა, მაგრამ მასპინძლის თხოვნას ვერ გადადიან.

ვაჟა ვაშაყმაძე: ჩვენთანაც არის იმდენი ადგილი, რომ შეიძლება თხილის დარგვა, ქარხნის გაკეთებაც, ჩაიც… შეიძლებოდა ჩვენთანაც მუშაობა, მშიერი რომ არ დარჩე – პური რომ მიიტანო [სახლში]. მაგრამ ჩვენ როგორ გავაკეთოთ. ივანიშვილმა უნდა გააკეთოს.

– გია ხაბაძე: რაიმე რომ გააკეთო, ბანკიდან ფული უნდა გამოიტანო და მერე სახლს გართმევენ.

– ვაჟა ვაშაყმაძე: აბა, კაცი ხომ არ გაჩუქებს.

– გია ხაბაძე: არა, ისეთი პროცენტი აქვთ… მოსავალს მოიყვან და ვერ ყიდი, ფუჭდება და ყრი. იმიტომ აზრი არ აქვს საქართველოში რამის გაკეთებას.

ვაჟას და გიას შორის ეს დისკუსია გამოიწვია კითხვამ – მათი აზრით, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

გია ხაბაძე და ვაჟა ვაშაყმაძე

ვაჟა და გია მეზობლები არიან, დამსაქმებელი კი გიას ნათესავია. ვაჟა ფიქრობს, რომ „ივანიშვილის ხელში ასე, სხვა ქვეყანაში მუშაობით მოკვდებიან“. თხილი რომ დასრულდება, ჩაის კრეფის სეზონი შემოდის. მერე მასპინძელმა გვითხრა, რომ ბაღი გავწმინდოთ. ისინი ზამთარში ქალაქში მიდიან, ჩვენ აქ დავრჩებით, სახლსაც მივხედავთ და ბაღსაც – შემოგვთავაზა, რომ თუ აქაურობას მივხედავთ, ჩაის შემოსავალს შუაზე გაგვიყოფს, გვიყვება ვაჟა.

ვაჟა ფიქრობს, რომ დაკრეფილი თხილი მისი რომ იყოს, ყველა საჭიროებას დაიკმაყოფილებდა. ახლა კი, მიღებული შემოსავლით ტკბილეულსა და ტანსაცმელს თუ უყიდის შვილიშვილებს. ცოტა თანხის გადადებასაც საკვებისთვის აპირებს.

„დღიურად 130 ლირას გვაძლევენ, ჩვენს ფულზე გამოდის 70 ლარი. 10 დღეს რომ ვიმუშაოთ, 700-800 ლარს ვაკეთებთ. ბათუმში მე სხვა შემოსავალი არ მაქვს – არც პენსია, არც დახმარება, არც ხელფასი. 7 სული ვართ ოჯახში, შვილიშვილები მყავს – 2 და 3 წლის. ბაღში წავა წელს ერთი. არც ერთი არ ვმუშაობთ. დამოკიდებული ვართ აქაურ სამუშაოზე – ასე გადავრჩებით“.

ვაჟა ადრე რუსულ ჯარში მსახურობდა, საზღვარს იცავდა. რუსული ჯარის ბათუმიდან გასვლისთანავე ქართულ ჯარში გადავიდა, მაგრამ მალევე დაანება თავი სამუშაოს. „45 ლარი გვქონდა ხელფასი და იმასაც არ გვიხდიდნენო“. მას შემდეგ თურქეთში მუშაობით გააქვს თავი.

ვაჟა გვიყვება, რომ სახლშიც დარგო ლობიო, სიმინდი და კარტოფილიც. „დარგვას აზრი არ აქვს. ყველაფერი დარგული მქონდა, მაგრამ მთლიანად შეჭამა ფაროსანამ, გაზაფხულზე ამოვიდა ყველაფერი კარგად, მაგრამ ახლა არაფერი არაა – ფაროსანამ გაანადგურა“, – ასკვნის ვაჟა.

ვაჟასგან განსხვავებით გია ხაბაძე თურქეთში სამუშაოდ წელს პირველად წავიდა. ამბობს, რომ თითქმის 15 წელია უმუშევარია. „ბათუმში „მარშრუტკაზე“ ვმუშაობდი. მერე გაუქმდა ჩვენი ხაზი – 137 და დავრჩი უმუშევარი. შვილები მყავს, აქამდე ისინი მუშაობდნენ – ერთი დისტრიბუციაშია, პატარას მანქანა ჰყავს და ტაქსაობს. ისინი გვარჩენდნენ. აქ მეუღლესთან ერთად წამოვედი. თან გვენათესავება ეს ხალხი, ვისთანაც ვართ. კარგად ვართ – ოჯახში ვათევთ, ოთახები მოგვცეს, მათთან ერთად გვძინავს, ვჭამთ ერთად“.

გია ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოშიც ძალიან ბევრ ადამიანს დააძლევინებდა სიღარიბეს, მაგრამ ამ დარგის განვითარებისთვის სისტემურად არაფერი კეთდება. „მე სოფელი არ მაქვს, მაგრამ რომ ვუყურებ სანათესაოს, ვერაფერს ვერ აკეთებენ. დავუშვათ, მანდარინი მოიყვანა, მოკრიფა, ამოზიდა სახლში – ერთ თვეში ჩაზიდა და გადაყარა. რას უნდა მოკიდო ხელი“.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/486093118879574/

 

ვაჟა და შოთა ფიქრობენ, რომ მათ კარგი დამსაქმებელი შეხვდათ. „დამსაქმებელი ცუდი არ შეგვხვედრია. არის კატეგორია, რომ იმუშავებ, ფულს არ მოგცემს, არც საჭმელს და გაგადებს. ჩვენ მასეთ ხალხთან არ მივდივართო“.

მათ სამუშაო გრაფიკზეც ვკითხეთ – დილის რვიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობენ და ყოველ საათში ათი წუთი შესვენება აქვთ. უმუშევრად კაცი არაფერს მოგცემოსო – ასკვნიან.

დამსაქმებელი – მესაც თქვენსავით ქართველი ვარ

70 წლის გალიფ ჯებეჯი-დიდმანიძე ამბობს, რომ მასთან ქართველები უკვე 25 წელია მუშაობენ. მას დასაქმებულებთან ურთიერთობაზე ვკითხეთ: „როგორც მათ უნდათ, ისე მუშაობენ, მათ ნათქვამ ფულს ვაძლევ, ერთად ვსადილობთ, მე სადაც მძინავს, მათაც იქ ვაძინებ სახლში, აბანო სახლშია. ეს რატომ ქენი, ის რატომ არ ქენი – ამას არ ვეუბნები. 25 წელი დადიან ქართველები. პრობლემები არ ყოფილა“.

თუმცა მან წლების წინანდელი ერთი შემთხვევა გაიხსენა, როცა ბათუმიდან ჩასული ნათესავის ბიჭები ტაქსში ჩასვა და უკან გამოუშვა. „საღამოზე ვაჭამე, ვასვი, დღისით გავუშვი თხილებში. სამი კაცი მოვდენ სამი „მეშოკით“ საღამოზე. ნათესავების ახალი ბავშვები. ვუთხარი – ეს სამი „მეშოკი“ შენ არ გეყო, მე რა ვქნა? დუძახე ტაქსი და გავაგზავნე, ბორჩხას წევდენ… დღეში ხელფასი 130 ლირაა, რამდენი უნდა მოკრიფო, რომ შენც შეგხვდეს და მეც დამრჩეს? ზოგი პიკნიკისთვის მოდიან… თქვენებურის ქართული და ჩვენი ქართული ერთნაირი არა. ჩვენი პირიდან რაცხა პასუხი გამოვდა – 10 საათზე თუ საღაც უნდა შევხვდეთ, 15 წუთით მე წინ მივალ. თქვენებისა ეს არაა – 5 წუთი მოვალო და 5 საათი გეიარს კიდევ არ მოვა“, – გვიყვება აჭარული აქცენტით გალიფ ჯებეჯი.

ჰესი საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ისტორიულ სოფელ მარადიდში. გალიფ ჯებეჯის აზრით, რაც ეს ჰესი აშენდა, მას შემდეგ სოფელში მოსავლიანობამ იკლო

მას მარადიდზე და იქაურ ქართველებზეც ვკითხეთ. გვითხრა, რომ სოფელი იცლება. ადრე აქ 1000 ამომრჩეველი იყო, ახლა 200 თუ იქნებაო: „ბავშვები ვაკითხეთ ჩვენ – სკოლაში გავაგზავნეთ, უნივერსიტეტში… უნვერსიტეტი გათავებული კაცი – გოგომა-ბიჭმა აქ სოფელში რა ქნას. სოფელი არ უნდათ“.

გალიფ ჯებეჯი ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა: „მესაც თქვენსავით ქართველი ვარ, ჰამა თუ წვრილქართულად ვერ გაგაგნებიეთ, დიდი ბოდიშიო“.

იაშარ კიკნაძე

მან მთელი დღე ჩვენთან ერთად გაატარა. არაერთი მარადიდელის ეზოში შეგვიყვანა ან ისინი გამოიყვანა ჩვენთან შესახვედრად. ამ სოფელში თითქმის ნებისმიერ ეზოში ქართულად გელაპარაკებიან. გამონაკლისი მხოლოდ ბავშვები არიან.

იაშარ კიკნაძე სტამბულში ცხოვრობს და პენსიონერია. გვითხრა, რომ 5 ათასი ლირა აქვს პენსია და ახლა მოგზაურობით არის დაკავებული. ყველა ქალაქში ნაცნობი მყავსო.

მას სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავალზე ვკითხეთ. როგორც გვითხრა, სეზონზე 30 ტონა ჩაის კრეფს და 3.5 ლირად აბარებს, ასევე 5-6 ტონა თხილს, რომლის ჩასაბარებელი ფასი 15 ლირა ყოფილა. ოფლის გარეშე მაქვს ეს შემოსავალი – თხილი ქართველებმა მომიკრიფეს, ჩაი რიზელმა ლაზებმაო – გვეუბნება და თავის უახლეს გეგმებზე საუბრობს: ერთ კვირაში ბათუმში აპირებს ჩამოსვლას, შემდეგ კი გამოსაზამთრებლად სტამბულში წავა.

ვიდრე დავემშვიდობებოდით, მას ვკითხეთ, რა იყო მისთვის მარადიდი: „მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, სკოლა აქ დავამთავრე. აქაურობა მიყვარს ძალიან. ჩვენი ბაბუას მიწებია, ჩვენ ამას ხელიდან არ გამოვიყვანთ. აჰა, ისტამბულში რაღაც მოხდა, მოხვალ დაჯდები, ეს გარანტირებული ადგილიაო“.

იაშარ კიკნაძე

 

ამავე თემაზე:

სეზონური სამუშაო თურქეთში – როგორ დავსაქმდეთ ლეგალურად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: