მთავარი,სიახლეები

ბათუმელი სტუდენტი 100-პროცენტიანი გრანტით ფიზიკოსობას აპირებს

31.08.2019 • 4599
ბათუმელი სტუდენტი 100-პროცენტიანი გრანტით ფიზიკოსობას აპირებს

„ალბათ, ყველაზე საინტერესო, რაც შეიძლება ისწავლოს ადამიანმა, ფიზიკაა,“ – ფიქრობს ბათუმელი დაჩი ხუციძე. ის იმ სტუდენტებს შორისაა, ვინც სახელმწიფოსგან 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო. დაჩი ფიზიკოსობას აპირებს. ის თავისუფალ უნივერსიტეტში ისწავლის.

„თავიდან ფიზიკა ძალიან მერთულებოდა, არ მომწონდა. მე-11 კლასიდან გავაცნობიერე, რომ რეალურად ეს ყველაზე საინტერესო საგანი იყო… ჯერ არ ვიცი, ფიზიკის მასწავლებელი ვიქნები, თუ სხვაგან ვიმუშავებ. ვიცი, რომ ფიზიკა ყველაზე მეტად მაინტერესებს,“ – გვითხრა დაჩიმ.

დაჩი ხუციძემ ბათუმის სასულიერო გიმნაზია დაასრულა. ფიზიკაში მან მაქსიმალური 75 ქულიდან 66 აიღო. ინგლისურში 72 – მაქსიმალური 80-დან. ქართულ ენასა და ლიტერატურაში 50 ქულა, ზოგად უნარებში – 73, მათემატიკაში – 52 ქულა.

„გრანტის მიღების მოლოდინი მქონდა… გუშინ ღამით სპეციალურად გვიან დავიძინე, რომ დილით იმ დროს გამეღვიძა, როცა შედეგები უკვე ცნობილი იქნებოდა. გაღვიძებისთანავე შევედი მობილურიდან ინტერნეტში და ეს შედეგი დამხვდა. სახლში არავინ იყო. პირველად ბებიას დავურეკე, რომელიც მუშაობს… ჩემი შედეგი მეტწილად ეკუთვნის ჩემს მათემატიკის და ფიზიკის მასწავლებლებს, რომლებთანაც ბოლო წელს ვემზადებოდი,“ – გვიყვება დაჩი ხუციძე.

დაჩი თვლის, რომ ყველა, ვინც სკოლას ასრულებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების სურვილი არ უნდა ჰქონდეს. დაჩის მშობლების დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობას ხედავს.

„დღეს ისეა, რომ შვილმა თუ უნივერსიტეტში არ ჩააბარა, არ მოსწონთ. მშობლები თვლიან, რომ მათი შვილები არიან საუკეთესოები, არადა ბევრად მეტი შესაძლებლობაა ისწავლონ პროფესიულში და კონკრეტული საქმე აკეთონ. დამოკიდებულება შესაცვლელია სკოლაშიც: მასწავლებლები თვლიან, რომ მაინც ყველა ემზადება და რაღა აზრი აქვსო. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ეს უნდა შეიცვალოს. სანამ არ იქნება ნორმალური სწავლა, სულ იარსებებს რეპეტიტორების ინსტიტუტი. მე არ ვფიქრობ, რომ რეფორმები, რაც ახლა ტარდება, სკოლის გაჯანსაღებისკენ მიდის,“ – მიიჩნევს დაჩი ხუციძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: