მთავარი,სიახლეები

მინისტრმა 2020 წლისთვის ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები განსაზღვრა

30.08.2019 • 4778
მინისტრმა 2020 წლისთვის ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები განსაზღვრა

საქართველოს განათლების მინისტრმა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი განსაზღვრა. მიხეილ ბატიაშვილის ბრძანება, შესაბამისი დანართით [#3], რომელიც გამოცდებისათვის ჩასაბარებელ საგნებს [მათემატიკა/ისტორიას] მოიცავს დარგის/სფეროს მიხედვით, 2019 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს  ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენებიდან ერთ-ერთი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამის შესაბამისად [ინგლისური,  გერმანული, ფრანგული, რუსული]; მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

ბრძანების მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სავალდებულო საგნად განსაზღვროს მათემატიკა ან ისტორია, ხოლო თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სავალდებულო საგნად განსაზღვრავს როგორც მათემატიკას, ისე ისტორიას, აბიტურიენტი უფლებამოსილია, ამ საგნებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი ან ორივე საგანი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამისათვის აირჩიოს ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა. ორი ან მეტი უცხოური ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხოური ენიდან ჩააბაროს მხოლოდ ერთი.

იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის არ მიუთითებს კონკრეტულ უცხოურ ენას, აბიტურიენტი ვალდებულია ზემოთ მითითებული უცხოური ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.

აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლებელია დააწესოს დამატებითი გამოცდა ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე საგანში:

ა) ფიზიკა;

ბ) ქიმია;

გ) ბიოლოგია;

დ) ზოგადი უნარები;

ე) გეოგრაფია;

ვ) ლიტერატურა;

ზ) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

თ) სამოქალაქო განათლება.

ამ საგნებიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორ ან მეტ საგანში დამატებითი გამოცდის დაწესების შემთხვევაში, აბიტურიენტი უფლებამოსილია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე საგანი.

თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გაერთიანებულად გამოაცხადებს მიღებას ისეთ პროგრამებზე, რომელთათვისაც განსხვავებული საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს როგორც მათემატიკა, ისე ისტორია. ამ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი დააწესოს დამატებითი გამოცდა.

დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა,  უცხოური ენა, ბიოლოგია და ერთ-ერთი შემდეგი საგნებიდან: ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: