მთავარი,სიახლეები

ანზორ ბოლქვაძე საბავშვო ბაღის გამგეზე: უნდა ეწყინოს, უნდა ეტკინოს, ბაღი უნდა დატოვოს

30.08.2019 •
ანზორ ბოლქვაძე საბავშვო ბაღის გამგეზე: უნდა ეწყინოს, უნდა ეტკინოს, ბაღი უნდა დატოვოს

„არ უნდა გაგვპარვოდა, ასეთი პრობლემა თუ იყო. მეც ვარ ნაწილობრივ დამნაშავე… მედეა მამულაძეს უნდა ეწყინოს, უნდა ეტკინოს, ბაღი უნდა დატოვოს,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. ანზორ ბოლქვაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ხულოში, სოფელ ღურტას საბავშვო ბაღის გამგე „მხარდამჭერად“ ასახელებს.

ღურტას საბავშვო ბაღის გამგესა და თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ვიდეოკადრები გუშინ, 29 აგვისტოს, TV25-მა გაავრცელა. სიუჟეტში ბაღის გამგე აცხადებს, რომ ის პრობლემას ვერ ხედავს თანამშრომლებათან  დაპირისპირებაში, რაც ბავშვების თვალწინ ხდება. ფიზიკურ დაპირისპირების დროს ვიდეოკადრებში ისმის, რომ ბავშვები ტირიან.

„არანაკლებს მაყენებენ თვითონ… სამთავრობო მაფიაა ჩარეული და უნდათ ჩემი მოქნევა. პოლიციას მივმართე, შეკრულია გუნდი და პოლიციაც ჩემ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ინტრიგნულებზე ნუ მედევნებით,  გვერდზე გავიდეთ და ვისაუბროთ, თუ გინდა… არც ვახტანგ ბერიძისგან მაკლია მხარდაჭერა, არც ანზორ ბოლქვაძიდან და არც უშიშროებიდან. ანზორ ბოლქვაძეს ისევ შევაწუხებ,“ – უთხრა ღურტას საბავშვო ბაღის გამგემ, მედეა მამულაძემ, TV25-ს.

ანზორ ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მედეა მამულაძე მას გუშინაც დაუკავშირდა ტელეფონით, მაგრამ არ შეხვდა. დეპუტატი არ მალავს, რომ ბაღში არსებულ კონფლიქტზე აქამდეც ჰქონდა ინფორმაცია.

რატომ არ მიმართა ვინმეს დეპუტატმა, ან რატომ არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ?

„გათავისუფლებული იყო ეს ქალი ერთხელ ბაღიდან და სასამართლომ აღადგინა. ჩემი აზრი იყო და ახლაც იმავეს ვიტყვი, რომ ის უნდა გადავიყვანოთ სხვა სამსახურში. არ ვამბობ, რომ საბავშვო ბაღში უნდა იმუშაოს სადმე, ქუჩაში არ უნდა დარჩეს. მას კრედიტი აქვს, ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ ოჯახშიც ვერ ითევს ღამეს… ადრეც ვიცოდი ამ კონფლიქტებზე და მაშინ გაათავისუფლეს. მერე სასამართლომ აღადგინა და თითქოს დამშვიდდა სიტუაცია. ალბათ ეწყინება ეს, მაგრამ რაც შედეგს მოუტანს ახალ თაობას, ის უნდა გაკეთდეს,“ – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ. მისივე თქმით, ის ამ თემაზე უკვე ესაუბრა ხულოს მერს, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – საბავშვო ბაღები ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ექვემდებარება.

„ბათუმელებმა“ სცადა ხულოს მერთან დაკავშირება, თუმცა ვახტანგ ბერიძე ამ დრომდე ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

ღურტის საბავშვო ბაღში კონფლიქტი არც ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირისთვის არ უნდა ყოფილიყო საიდუმლო, რადგან ბაღის გამგის მხრიდან თანამშრომლების მიმართ ლანძღვა-მუქარის ტექსტები ბაღის ფეისბუქგვერდზე ღიად არის გამოქვეყნებული.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: