განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

არაფორმალური განათლების მნიშვნელობა სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის დროს – სპეცმასწავლებლი

19.08.2019 • 3246
არაფორმალური განათლების მნიშვნელობა სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის დროს – სპეცმასწავლებლი

ავტორი: ლალი ჯაფარიძე, ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი, ქ.ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი, სასწავლო ცენტრ „ბიზნეს აკადემიის“ ტრენერი.

დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლებში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვას. სახელმწიფომ ამ მხრივ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ამ ყველაფერში დიდი როლი აკისრია სპეცმასწავლებელს.

სსსმ მოსწავლეებთან განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ განათლებას.

ყველამ ვიცით, რომ სსსმ მოსწავლედ მიიჩნევა მოსწავლე, რომელიც ეროვნული საგაკვეთილო გეგმით განსაზღვრულ მინიმუმს ვერ ძლევს დამოუკიდებლად. ასეთ მოსწავლეებთან სპეცმასწავლებელი დამატებით მუშაობს აკადემიური უნარების განვითარებაზე. აკადემიური უნარების განვითარება კი არაფორმალურ გარემოში უფრო მარტივად და ხალისით ხდება.

როდესაც ჩემს მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა ღონისძიებაში, როგორიცაა: გამწვანების აქცია, დედამიწის დღე, სიყვარულის ბაღის განაშენიანება და სხვა, ამ დროს ბავშვები ყველა დავალებას ასრულებენ დიდი ხალისით და თან ვმუშაობთ თვლა-ანგარიშზე, წინადადების აგებაზე, ფერების გარჩევაზე, ისე, რომ სსსმ მოსწავლე არ არის დაძაბული და ვერც კი გრძნობს, რომ მას გაკვეთილიც უტარდება. შესაბამისად, მას არ აქვს გაკვეთილის ჩაბარებით ან დავალების შესრულებით გამოწვეული სტრესი, უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე ეს შეიძლება მოხდეს საკლასო ოთახში ან თუნდაც რესურსოთახში.

აღსანიშნავია ისიც, რომ სსსმ ან შშმ მოსწავლეები, რიგი სხვადასხვა მიზეზების გამო, მოკლებულნი არიან სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას. მე ჩემი სკოლის სსსმ მოსწავლეები აქტიურად მყავს ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში თუ ფლეშმობებში, რაც მათ განვითარებაზე ძალიან კარგად აისახება. ისინი სხვანაირად გაიხსნენ, გახალისდნენ და გახდნენ უფრო თავდაჯერებულები.

თავისუფალ სივრცეში პროექტ „მედიარტ 2“-ის ფარგლებში ჩემმა სმენის არმქონე მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები ჟესტური ენით. მადლობა ამისთვის ნინო ჩხაიძეს, პალინა ჯაღათაშვილს და მზია მელაძეს – ისინი ხელს გვიწყობენ და გვანებივრებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ინკლუზიური სწავლების პრინციპების დანერგვის საქმეში ბევრი რამ გაკეთდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, რაშიც დიდი როლი და პასუხისმგებლობა აკისრია სპეცმასწავლებელს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სპეცმასწავლებელი დიდ ადგილს დაუთმობს არაფორმალურ განათლებას.

მჯერა, რომ მეტი მონდომებით და მუშაობით ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: